ირაკლი ქადაგიშვილი – ვინც საქართველოში ჩამოდის და ხალხს „მაიდნის“ მოწყობისა და სისხლისღვრისკენ მოუწოდებს, უნდა იცოდეს, რომ იგივეს აკეთებს, რაც 9 აპრილს საბჭოთა კავშირმა და შემდეგ რუსეთის ფედერაციამ გააკეთა

ვინც საქართველოში ჩამოდის და ხალხს „მაიდნის“ მოწყობისა და სისხლისღვრისკენ მოუწოდებს, უნდა იცოდეს, რომ იგივეს აკეთებს, რაც 9 აპრილს საბჭოთა კავშირმა და შემდეგ ს ფედერაციამ გააკეთა – ამდენი ხანია საქართველოს ეროვნულ-პოლიტიკურ მოძრაობაში ვარ და ისეთი სურათი იხატება, რომ საბჭოთა კავშირისა და რუსეთის ჩარევა ახლა ასეთი ტიპის პოლიტიკოსების ჩარევით ჩანაცვლდა! – ეს განცხადება პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.
ქადაგიშვილი ევროპელი პოლიტიკოსების მისამართით ამბობს, რომ „საქართველოსთან ურთიერთობა პარტნიორული უნდა იყოს და არა 21-ე საუკუნის ნეოკოლონიალიზმის ახალი ნიმუში“.
ქადაგიშვილის თქმით, როგორც საბჭოთა კავშირსა და შემდგომ რუსეთის ფედერაციას სურდა „საქართველოს საქმეებში ხელის ფათური, აღმოჩნდნენ ადამიანები, რომელთაც იგივე მეთოდებით ჩარევა შეუძლიათ“.
„არსებობს პოლიტიკური წრეები, რომლის წარმომადგენლები თვლიან, რომ საქართველოს მიმართ მენტორული დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ. ეს მენტორიზმი ხშირად ქვეყნისა და ხალხის მიმართ შეურაცხყოფაში გადასდით. რა თქმა უნდა, ცდილობენ, საკუთარი ქმედებები ქართველი ხალხის ინტერესებით შენიღბონ, მაგრამ ეს შინაარსობრივად პირდაპირ პოლიტიკური ინტერესის მატარებელია – მათ საქართველოში გარკვეული პოლიტიკური ინტერესები აქვთ.
აქედან გამომდინარე, თავს საქართველოს შიდა თუ საგარეო საქმეებში ჩარევის უფლებას აძლევენ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ამავე კონტექსტში შეაფასა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით გამართული დებატები.
„ევროპარლამენტის ცარიელ დარბაზში ვნახეთ, რომ ის გარკვეული პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც საქართველოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევის დაკვეთას ასრულებს, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ამბობს, რომ გაყალბდა. რომ ჰკითხო, თუ რატომ გაყალბდა, არავითარი ფაქტი არა აქვთ. ეს არის მათი რწმენა! ეს ადამიანები თავს დამარცხებულად თვლიან და ამ დამარცხებას არ ეგუებიან. ამიტომაც საქართველოსთან დაკავშირებით სიცრუესა და სიყალბეს ავრცელებენ.
ამასთან, ევროპარლამენტში გამოჩნდნენ დეპუტატები, რომლებიც ამბობენ, რომ საჭიროა ცოტა ობიექტურობას მოუხმონ და ევროპის იდეა მავნე პოლიტიკურ მიზანს არ გადააყოლონ, მაგრამ ესენი ისე არიან დაბრმავებული საკუთარი პოლიტიკური მიზნის შესრულებით, რომ აღარც ევროპულ იდეას დაგიდევენ და არც დემოკრატიის პრინციპებს. ეს უბედურება დამართეს საკუთარ თავს და სურთ, რომ ეს უბედურება საქართველოში დაატრიალონ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ