ვინმემ ისე არ გაიგოს, რომ ხელოვანს არ შეეძლება თავის აზრის გამოხატვა – საუბარია იმაზე, რომ ბავშვები და მოზარდი თაობა უნდა იყოს დაცული ზეგავლენისგან, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა ლგბტქ თემთან დაკავშირებული კანონპროექტის კომენტირებისას განაცხადა.
ქადაგიშვილი აცხადებს, რომ მსოფლიოს მასშტაბით, საბავშვო ბაღებში მიდის „პროპაგანდა, რომ ბავშვებმა სქესი აირჩიონ“ და ამის წინაშე დღეს თუ არა ხვალ საქართველოც დადგება.
„საუბარია იმაზე, რომ დაცული უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეების ყველა უფლება, მათ შორის სექსუალური უმცირესობების უფლებები, მაგრამ ამავე დროს მოზარდ თაობაში და ბავშვებში არ უნდა მოხდეს იმდაგვარი წესის შემოტანა, რასაც ჩვენ ვუყურებთ, როცა საბავშვო ბაღებში, დამწყებ საგანმანათლებლო დაწესებულებებში პირდაპირ მიდის პროპაგანდა, რომ მაგალითად, შენ რა სქესის ხარ, შენ თვითონ უნდა აირჩიო. ჩვენ ამის გამოხატულებებს ვუყურებთ და საზოგადოებაში არის ძლიან დიდი შეშფოთება. აგრეთვე ის, რომ ახალი ენა დამკვიდრდეს ჩვენს ყოფაში, საზოგადოებრივ ურთიერთობებში არ მოვიხსენიოთ დედა, მამა, შვილი, ეს ტენდენციები არის ოფიციალურ დონეზე როგორც საგანამანათლებლო, ასევე სხვა სივრცეებში მსოფლიოში. ეს საკითხი დღეს თუ არა ხვალ პირდაპირ დადგება საქართველოს წინაშე. ისევე როგორც დადგა საკითხი, რომ განგვესაზღვრა ოჯახი რა არის და კონსტიტუციაში შევიტანეთ, რადგან სხვანაირად აღარ გამოდიოდა. ოპოზიციას არ ჰყოფნის არანაირი სიმამაცე, რომ თქვას, რომ ეს პრობლემაა და ამის გადაწყვეტაში ვიყოთ სოლიდარულები, რადგან მათ თავიანთი დამოუკიდებელი ხედვა არაფერზე გააჩნიათ.
ახლაც ანტიდასავლურ განწყობებს ვიღებთ საზოგადოებაში ისეთი თემების პროპაგანდირებით, რაც საზოგადოებისთვის მიუღებელია. არავინ არ კრძალავს და ვინმემ ისე არ გაიგოს, რომ ხელოვანს არ შეეძლება თავის აზრის გამოხატვა. აქ საუბარია იმაზე, რომ ბავშვები და მოზარდი თაობა უნდა იყოს დაცული ასეთი ზეგავლენისგან,“- განაცხადა ქადაგიშვილმა.