ირაკლი ქადაგიშვილი – ევროკომისიის წერილში ორი მთავარი საკითხია: გამჭვირვალობაზე წუხილი, რაზეც გვექნება დისკუსია და ლგბტ თემის პროპაგანდის მოზარდებში გავრცელების შეუფერხებლობა, რაზეც ასევე ჩვენი პოზიციები გვაქვს

ევროკომისიის წერილში, ზოგადად, ორი მთავარი საკითხია: ერთი – საჯაროობასა და გამჭვირვალობაზე წუხილი, რაზეც, ალბათ, გვექნება კონკრეტული დისკუსია – მეორე საკითხი ეხება ლგბტ თემს და მოზარდ თაობაში ამ პროპაგანდის გავრცელების შეუფერხებლობას – აქაც ჩვენი პოზიციები გვექნება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისადმი ევროკომისიის წერილს, რომელზეც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ისაუბრა.
მისი შეფასებით, ევროკავშირის მხრიდან მიდგომა მძიმეა.
„წერილში, ზოგადად, ორი მთავარი საკითხია: ერთი – საჯაროობასა და გამჭვირვალობაზე წუხილი, რაზეც, ალბათ, გვექნება კონკრეტული დისკუსია თუ რატომ ბღალავს საჯაროობა და ღიაობა ვიზალიბერალიზაციას. მეორე საკითხი, როგორც ვიცით, ეხება ლგბტ თემს და მოზარდ თაობაში ამ პროპაგანდის გავრცელების შეუფერხებლობას. აქაც ჩვენი პოზიციები გვექნება. ვფიქრობ, ეს არის ის ორი ძირითადი საკითხი, რასთან დაკავშირებითაც ჩვენი არგუმენტირებული პოზიცია გაგვაჩნია. ზოგადად მიდგომა მძიმეა იმ გაგებით, რომ ღიაობა, რომელიც ევროკავშირისთვის ყველა მიმართულებით N1 მოთხოვნა უნდა იყოს, რატომღაც ამ მიმართულებით მათ ყველაზე დიდი პრობლემა აქვთ. მეორე – რატომღაც ლგბტ პროპაგანდის გავრცელება ითვლება ვიზალიბერალიზაციის პირობად. ვფიქრობ, ასეთი თემების საზოგადოებაზე ძალით თავზე მოხვევა არ შეიძლება, მით უმეტეს, როცა საქართველოში დისკრიმინაციის წინააღმდეგ დახვეწილი კანონმდებლობა მოქმედებს, სადაც მათ შორის, ყველა ასეთი პირის უფლებები დაცულია“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
შეგახსენებთ, ბრიუსელში, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ისაუბრა საქართველოსადმი გაგზავნილ წერილზე და განაცხადა, რომ საქართველოს აგვისტოს ბოლომდე აქვს “დედლაინი“ შეასრულოს რეკომენდაციები. კალასის თქმით, ეს არის რეკომენდაციები, რომლებიც საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ანგარიშშია მოცემული. რაც შეეხება ევროკავშირის რეაგირებას, თუ რეკომენდაციები არ შესრულდება, კალასის თქმით, ამას შედეგები მოყვება, რათა საზოგადოებამაც დაინახოს, რომ “მისი მთავრობა ევროპულ გზაზე არ არის და კანდიდატის სტატუსს სერიოზულად არ აღიქვამს”.