დღეს, როდესაც მომიტინგეები ბიძინა ივანიშვილისთვის დაბადების დღის მისალოცად შეიკრიბებიან, კარგად დაუკვირდნენ იმას, რომ სწორედ ამ კაცისა და ამ ხელისუფლების დამსახურებაა, რომ საქართველოში მშვიდობაა! მადლობა აქვთ სათქმელი სწორედ ამ ხელისუფლების და ამ ადამიანის წინაშე, რომ დღეს საქართველო ამ გეოპოლიტიკურ ცვლილებებს მშვიდობითა და თავისი მყარი პოზიციებით ხვდება! – ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.
ქადაგიშვილმა ამავე კონტექსტში განაცხადა ისიც, რომ ისტორიაში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა სახელები ომის გამჩაღებლებისა და შემდეგ საქართველოს უბედურად დამარცხების მემატიანეებად არ იქნება შეტანილი.
„ეს რომ ასე არ ყოფილიყო უდიდესი ძალისხმევა დაიხარჯა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე უცხოეთიდან, როდესაც „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“, მასთან აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციები და ყოფილი პრეზიდენტი ცდილობდნენ, რომ საქართველო ჰეროიკული ლოზუნგების ქვეშ ომში ჩაერთოთ და დღეს იმ სავალალო „მშვიდობის“ მდგომარეობაში ყოფილიყო, რაც დღეს უკრაინას უდგას“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის სხდომაზე.
ამასთან, მისივე თქმით, სამყარო ძალიან ფუნდამენტური ცვლილებების ზღვარზეა.
„ვხედავთ, რომ სამყარო შეიძლება ითქვას, ძალიან ფუნდამენტური ცვლილებების ზღვარზეა და ეს შეუქცევადი პროცესის ხასიათს ატარებს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ხდება. რამდენადაც ლოგიკურად შეიძლება ეჩვენებოდეს ვინმეს, ეს ომი თავისი ლოგიკური დასასრულისკენ მიდის, მაგრამ ეს დასასრული სამწუხაროდ, უკრაინელი ხალხისთვის და უკრაინული სახელმწიფოსთვის მომგებიანი არ იქნება. ეს ის მწარე რეალობაა, რომელსაც თვალს უსწორებს დღეს მთელი მსოფლიო. ამ ეტაპზე მსოფლიო დიდი არჩევანის წინაშეა. მსოფლიო, რომელსაც დღეს აღარ გააჩნია უსაფრთხოების არანაირი სისტემა და გარანტია. თუ ასე გააგრძელებს, შეიძლება, ფატალურ შედეგებამდე მივიდეს ან რაღაცნაირად, მოხდეს მოლაპარაკება უსაფრთხოების ახალი სისტემის ჩამოყალიბებაზე, რომელიც საშუალებას მისცემს კაცობრიობას, მეტ – ნაკლებად, შედარებით სტაბილურ ვითარებაში შემდგომი ცხოვრება და განვითარება მოახერხოს. ეს არის ის, რასაც დღეს ყველანი თვალს ვადევნებთ.
ამ პროცესის მონაწილე, გინდა არ გინდა, ჩვენი ქვეყანა საქართველოცაა. ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევის გაწევა მოგვიწია, რათა ამ გეოპოლიტიკური ომის პირობებში საქართველო არ ყოფილიყო ისეთივე სავალალო მდგომარეობაში და კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა, როგორიც დღეს სამწუხაროდ, უკრაინაა. ამაზე ძალიან დიდი ძალისხმევა იყო დახარჯული უცხოეთიდანაც და აქ მყოფი მათი მეხუთე კოლონის მხრიდანაც. დღესაც, ეს საფრთხე ჯერ კიდევ დგას საქართველოს წინაშე იმიტომ, რომ ბრძოლა ომისა და მშვიდობის ფრონტზე, ბრძოლა მსოფლიოს ახალი წესრიგისა და ძველი მდგომარეობის შენარჩუნების მიმართ ჯერ კიდევ გრძელდება. ამიტომ, ამ ძალისხმევის გაგრძელება საქართველოს, რა თქმა უნდა, კვლავაც მოუწევს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ეს პერიოდი ქვეყანაში მშვიდობა, სტაბილურობა შევინარჩუნეთ და მას განვითარების მყარი გარანტიები აქვს“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.
