ირაკლი ქადაგიშვილი – დაბულინგების, სასამართლოზე და საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მექანიზმები აამუშავეს – ქალაქში გაჩენილ წარწერებს ორგანიზებას უცხოური დაფინანსების მქონე რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაცია უწევს

დაბულინგების, სასამართლოზე და საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მექანიზმები აამუშავეს და ქალაქში წარწერების გაკეთება დაიწყეს – ამას ორგანიზებას გარკვეული უცხოური დაფინანსების მქონე რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაცია უწევს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ბოლოს გამოჩნდება, კონკრეტულად, რომელი არასამთავრობო ორგანიზაციის ორგანიზებით გამოჩნდა დედაქალაქში სასამართლოს წინააღმდეგ წარწერები.
“იმის გამო, რომ ამ ყველაფერს საფუძველი საერთოდ არ გააჩნია და კრიტიკას ვერ უძლებს, ამიტომ ჩვეულებრივი დაბულინგების და სასამართლოზე და საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მექანიზმები აამუშავეს და დაიწყეს ქალაქში ამ წარწერების გაკეთება, რომ მოსახლეობაში რაღაცნაირად შექმნან ის განწყობა, რომ თითქოს, ისეთი მდგომარეობაა საქართველოს სასამართლოებში, რომ ხალხი გამოდის და ქუჩაში წერს რაღაცებს. ამას ორგანიზება უწევს, რა თქმა უნდა, გარკვეული უცხოური დაფინანსების მქონე რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაცია. თუ რომელია ეს, საკმაოდ რთული მისაგნებია, მაგრამ ბოლოს გამოჩნდება, იმიტომ რომ თქვენ მოგეხსენებათ, საქართველოში ყველა და ყველაფერი გამჭვირვალეა, გარდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ამასთან, უმრავლესობის დეპუტატი აღნიშნავს, რომ მოსამართლეების წინააღმდეგ დაწესებული სავიზო სანქცია უნდა მოიხსნას.
“მე ვფიქრობ, რომ სასამართლო დამოუკიდებლობისთვის მხარდასაჭერად, ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობების მხარდასაჭერად და წმინდა ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს სავიზო აკრძალვა უნდა მოიხსნას,” – განაცხადა ქადაგიშვილმა.