„ქართული ოცნების“ დელეგატი კახეთში (ახმეტა, თელავი, ყვარელი, ლაგოდეხი) ირაკლი ქადაგიშვილი საარჩევნო პროცესს დადებითად აფასებს.
მისი თქმით, როგორც კახეთის რეგიონში ასევე ქვეყნის მასშტაბით აქტივობა მაღალია საარჩევნო პროცესი კი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
რაც შეეხება მარნეულში მომხდარს, ქადაგიშვილს მიაჩნია, რომ გარკვეული პირებისგან სპეციალურად მართული პროვოკაციაა.
„დავიწყოთ კახეთით, სადაც ძალიან მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს საარჩევნო პროცესი, უბნებზე აქტივობა საკმაოდ მაღალია. ზოგადად, ჩვენ ვხედავთ მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს, რომ გარკვეული პირები ცდილობენ გარკვეული პროვოკაციული ქმედებებით ყველანაირად ჩრდილი მიაყენონ საარჩევნო პროცესს. მიზანი ამ პროვოკაციული ქმედებებისა არის ის, რომ „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ, რამენაირად იქნებ უცხოელ დამკვირვებლებს ათქმევინონ, რომ ექსცესებს ჰქონდა ადგილი და არჩევნებს რამენაირად ჩრდილი მიაყენონ. სხვა მხრივ, ალბათ, ყველაფერი გაკეთდება საარჩევნო კომისიების მხრიდან, რომ რეალურად არანაირი ექსცესი არ იქნას დაშვებული, რომელიც შეაფერხებს ხმის მიცემის პროცესს”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.