ბალტიისპირეთის ქვეყნების მოტივი არის ერთადერთი – რამენაირად, შესაძლო რუსული აგრესია არ წავიდეს მათი მიმართულებით და რუსული აგრესიის ძალა, ვექტორი გადმოწეული იყოს კავკასიის, საქართველოს მიმართულებით, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც ბალტიისპირეთის ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ბალტიისპირეთის ქვეყნები „მაქსიმალურად იყვნენ სხვადასხვა დროს ჩართული საქართველოში იმგვარი პოლიტიკის გატარებაში, რაც ხელისუფლებაში მოიყვანდა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც 2008 წლის ისტორიას ხელმეორედ გაიმეორებდა“.
გარდა ამისა, ის სანქციებთან დაკავშირებით ევროკავშირის პრესსამსახურის ოფისის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ სანქციებს ფასი არ ექნება.
„ფასი აქვს სამართლიანობას. უსამართლობას, რაც არ უნდა მძიმე და ბრუტალური იყოს, არ აქვს ფასი. როცა ასეთ მავნე პოლიტიკას ეწევი, რა თქმა უნდა, ასეთ სანქციებს არანაირი ფასი არ აქვს. ამას ქართული საზოგადოება, საბოლოო ჯამში, ხედავს. ხალხს ბევრ რამეზე თვალი აეხილა ამ ორმაგი, სამმაგი და ხშირ შემთხვევაში, აბსოლუტურად ანტიევროპული, ანტიდემოკრატიული პოლიტიკის გამო,“ – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, ევროკავშირის პრესსამსახურის ოფისში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, რომ ევროკავშირი მზადაა განახორციელოს შემდგომი ქმედებები, მათ შორის სანქციები.
„ჩვენ ვითვალისწინებთ ბალტიისპირეთის ქვეყნების გადაწყვეტილებას – ევროკავშირი მზადაა განახორციელოს შემდგომი ქმედებები, მათ შორის სანქციები, რათა პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი აგონ ძალადობაზე,“ – განაცხადეს ევროკავშირის პრესსამსახურის ოფისში.
მათივე ცნობით, მმართველი პარტიის ქმედებები მიზნად ისახავს ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების შელახვას და სამოქალაქო საზოგადოების მოქმედების სივრცის კიდევ უფრო შემცირებას.
