საერთოდ არავის სიამოვნებს, არც არავის დაკავება, დაჭერა, გამოსახლება. ცუდი არავის სიამოვნებს, მაგრამ არსებობს სახელმწიფო, არსებობს კანონი, რომელთა აღსრულებაც არის აუცილებელი იმიტომ, რომ ვიღაცის ინტერესსაც იცავს, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც კეკელიძის ქუჩაზე, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ საცხოვრებელი სახლიდან ოჯახის გამოსახლებას გამოეხმაურა.
ქადაგიშვილი ასევე გამოეხმაურა აღნიშნულ გამოსახლებასთან დაკავშირებით ლევან ხაბეიშვილის მიერ ბრიფინგის ჩანიშვნას და განაცხადა, რომ „მის პერიოდში სასამართლო გადაწყვეტილებები არ სჭირდებოდა, ისე ასახლებდა მისი პარტია არამარტო სახლებიდან ხალხს, არამედ პირდაპირ ართმევდა მათ სახლებს“.
„არავის სიამოვნებს, არც არავის დაკავება, დაჭერა, გამოსახლება. ცუდი არავის არ სიამოვნებს, მაგრამ არსებობს სახელმწიფო, არსებობს კანონი, რომელთა აღსრულებაც არის აუცილებელი იმიტომ, რომ ვიღაცის ინტერესსაც იცავს. კანონი მხოლოდ კანონისთვის ხომ არ სრულდება? ვიღაცა კონკრეტული სხვა ინტერესისთვისაც სრულდება, მითუმეტეს, როდესაც სასამართლო გადაწყვეტილებაა ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ვისაც ეს სასამართლო გადაწყვეტილება ეხება, უკმაყოფილოა, არ აქვს მნიშვნელობა მისი ბრალეულობა იქ არის თუ არ არის, უკმაყოფილოა.
ახლა ხაბეიშვილს იმის გამო, რომ არ შეუძლია რაიმე უკეთესი შესთავაზოს, ამ მიზნით გამოიყენებს ერთი კონკრეტული ოჯახის, ამ გაჭირვებულ მდგომარეობას, თავისი პოლიტიკური მიზნებისათვის. მაგრამ მან ერთი რამე უნდა იცოდეს, რომ მის პერიოდში სასამართლო გადაწყვეტილებები არ სჭირდებოდა, ისე ასახლებდა მისი პარტია არამარტო სახლებიდან ხალხს, არამედ პირდაპირ ართმევდა მათ სახლებს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.