წერილში ძალიან მკაფიოდ ჩანს, რომ შეურაცხყოფას აყენებენ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ნერვული ტონიც იგრძნობოდა – არ იქნება რეალური, თუ რომელიმე მათგანი [ტრამპი და ვენსი] უპასუხებს ამ წერილს, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში” განაცხადა.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნების“ წევრებმა კარგად იციან, რომ “MEGOBARI აქტი” ამ რეჟიმს აბსოლუტურ იზოლაციას უქადის, ამიტომ ეს ნერვული წერილიც იყო.
როგორც ფავლენიშვილი აღნიშნავს, კობახიძე და ივანიშვილის ბანდის სხვა წევრები ცდილობენ კამუფლაჟის შექმნას, რომ ისინი რაღაც დონეზე ცდილობენ, სიტუაცია დაალაგონ დასავლეთთან.
„ბოლო წლების განმავლობაში ივანიშვილი და მისი ბანდა უკვე ძალიან ღია კონფრონტაციაში იმყოფებიან. თუ აქამდე რაღაცებს გვაპარებდნენ, ახლა პირდაპირ კრემლის მესიჯებზე არიან გადასულები. რუსული უშიშროების კაბინეტებში დაწერილი ტექსტებით გვესაუბრება ივანიშვილის ბანდის ყველა წევრი ძალიან ბევრი წელია, ამიტომ არაფერი გასაკვირი არ იყო ამ წერილშიც. მოსალოდნელი იყო, რომ რუსული კომუნისტური ნარატივები იქნებოდა გაჟღერებული [წერილში], იმიტომ რომ ამაზე დგას ივანიშვილი და მისი ბანდა.
სანამ ეს ხალხი გვყავს ხელისუფლებაში, მანამდე იზოლაცია და სანქციები გაგრძელდება. კიდევ უფრო იზოლირებული ქვეყანა გექნება, კიდევ ყურო მეტი ბმა გაგვიწყდება დასავლურ სამყაროსთან და მის ლიდერთან ამერიკის შეერთებულ შტატებთან. თუნდაც უვიზო მიმოსვლაზე როცა არის საუბარი, ამერიკასთან კიდევ უფრო დამძიმდება სიტუაცია, ანუ, არანაირი სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაზე არ იქნება საუბარი და რა თქმა უნდა, ვერანაირი საუბარი ვერ იქნება ურთიერთობის ნორმალიზებაზე.
გარდა ამისა, ამ წერილში ძალიან მკაფიოდ ჩანს, რომ უბრალოდ შეურაცხყოფას აყენებენ პირდაპირ ამერიკის შეერთებულ შტატებს. აქ, მე ვფიქრობ, რომ გვაქვს საქმე ნერვულ მდგომარეობასთან ივანიშვილის და მისი ბანდის წევრების, იმიტომ რომ მათ კარგად ესმით, თუ რას ნიშნავს მათთვის “MEGOBARI აქტის” მიღება. “MEGOBARI აქტი” ამ რეჟიმს უქადის აბსოლუტურ იზოლაციას, ამიტომ, ჩემი აზრით, ეს ნერვული წერილიც იყო, ნერვული ტონიც იგრძნობოდა,“ – განაცხადა ფავლენიშვილმა.
გარდა ამისა, მან შეაფასა მამუკა მდინარაძის განცხადება: „თავდახრილები და დაჩოქილები კი არ ვეხვეწებით ვიღაცას რაღაცას, არამედ თამამად, შესაბამისი ტონით ვეუბნებით, რომ მართლები ვართ“ და განაცხადა, რომ სინამდვილეში, ეს არის „ლაჩრული ხელისუფლება“, რომელიც საქართველოს ისტორიაში შევა, როგორც ყველაზე კოლაბორაციონისტი და ყველაზე ლაჩარი ხელისუფლება.
„თავდახრილი და დაჩოქილი კი არა, საქართველოში შეუპოვრობის და პატრიოტიზმის სიმბოლოზე – გიორგი ანწუხელიძეზე გაილაშქრეს და ამ ხალხმა თქვა, რომ პიარს შეეწირა თურმე [ანწუხელიძე] და ეს ადამიანები, მდინარაძე და სხვები იდეას ეწირებიან. ეს ხალხი საქართველოს მტრის სახელის ხსენებას ვერ ბედავს, რუსეთის და ოკუპაციის საკითხზე საუბარს ვერ ბედავს, რომელ სითამამეზეა საუბარი?! სითამამე სიმბოლო საქართველო იყო 2003-2012 წელს, როდესაც პუტინის რუსეთს დაუპირისპირდა ღიად და პირდაპირ და მართლა არ უდრიდა თავს არავის, მათ შორის, დასავლეთთან, ჩვენს მეგობრებთან ჰქონდა ხოლმე საკმაოდ დაძაბული კომუნიკაცია. როდესაც შენ თამაზ გინტურს გიკლავენ საკუთარ სალოცავთან მისვლის გამო, როდესაც გიგა ოთხოზორიას გიკლავენ, გიკლავენ არჩილ ტატუნაშვილს და ვერანაირ პასუხს ვერ სცემ, განცხადებასაც კი ვერ აკეთებ, რომელ სითამამეზე მელაპარაკები?! ეს არის ლაჩრული ხელისუფლება, რომელიც საქართველოს ისტორიაში შევა როგორც ყველაზე კოლაბორაციონისტი და ყველაზე ლაჩარი ხელისუფლება,“ – განაცხადა ფავლენიშვილმა.
