საერთაშორისო პარტნიორები და მეგობრები პირველ რიგში, ქართველ ერს უცხადებენ მხარდაჭერას და არა კრიმინალურ ბანდას, რომელმაც არჩევნების ნაცვლად სპეცოპერაცია ჩაატარა, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ფავლენიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, „ევროპელი პარტნიორები ჩამოდიან და მხარდაჭერას უცხადებენ ქართველ ხალხს და არა იმ მთავრობას, რომელიც ლეგიტიმური არ არის“.
„საერთაშორისო პარტნიორები და მეგობრები პირველ რიგში, ქართველ ერს უცხადებენ მხარდაჭერას და არა კრიმინალურ ბანდას, რომელმაც არჩევნების ნაცვლად სპეცოპერაცია ჩაატარა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ევროკავშირში ჩვენ არ გვყავს მეგობრები და პარტნიორები, რომლებიც ქართველ ხალხს გვერდში არ დაუდგებიან, ისინი ძალიან ცდებიან. უნდა წაიკითხონ და ნახონ საქართველოს უახლესი ისტორია, რომ აგვისტოს ომისა და რუსული ოკუპაციის მთავარი შემჩერებლები ჩვენი ევროპელი პარტნიორები იყვნენ. რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას, ეს ხალხი ჩამოდის და მხარდაჭერას უცხადებს ქართველ ხალხს და არა იმ მთავრობას, რომელიც არ გახლავთ ლეგიტიმური. ამისთვის კონკრეტული მტკიცებულებები არსებობს, რომელიც მათ შორის, გუშინაც გავუზიარეთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს. გრძელდება ეს პროცესი, რაც თავისთავად ცხადს ხდის იმას, რომ მთავრობა, რომელიც არც ხვდება ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, ლეგიტიმური არ არის. ერთადერთი ლეგიტიმური ძალა ქართველი ხალხია“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.
ამავე თემაზე საუბრისას ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტარების ის განცხადებები, რომელიც მათ გუშინდელ აქციაზე გააკეთეს, არის არათუ რადიკალური, არამედ რეალისტური.
„ივანიშვილის ოცნება არის „რუსული ოცნება“. ის რაც საქართველოში მოხდა, არის სპეცოპერაცია. თუ ვინმე ჰგონია, რომ პროპაგანდისტული საშუალებებით გონება დაბინდული იქნება ევროპელი პარტნიორი, ძალიან ცდება. მათი განცხადებები არის არათუ რადიკალური, არამედ რეალისტური. აფასებენ იმას, რაც საქართველოში ხდება“, – აღნიშნა ირაკლი ფავლენიშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ, 11 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია ლოზუნგით „ჩვენ ვართ ევროპა“ გაიმართა, სადაც შეკრებილ საზოგადოებას ქართული ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, სიტყვით მიმართეს 8 ქვეყნის პარლამენტის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეებმა.