მთავარი, რაც სალომე ზურაბიშვილს აქვს გასაკეთებელი, ეს არის მიხეილ სააკაშვილის შეწყალება. ეს არის მთავარი ტესტი „ნაციონალური მოძრაობისთვის“, თუმცა ამ გზაზე ეს განცხადება პოზიტიური შთაბეჭდილების მომტანია, – ასე აფასებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია.
„მთავარი, რაც სალომე ზურაბიშვილს აქვს გასაკეთებელი, ეს არის მიხეილ სააკაშვილის შეწყალება. ეს არის მთავარი ტესტი „ნაციონალური მოძრაობისთვის“, თუმცა ამ გზაზე ეს განცხადება გარკვეულწილად პოზიტიური შთაბეჭდილების მომტანია გამომდინარე იქიდან, რომ აქამდე არ საუბრობდა და ფაქტობრივად, ხელს აფარებდა ოლიგარქს. ეს კონტექსტი, რომ თითქოს და ჰუმანიტარულ საკითხად უნდა შემოიფარგლოს მიხეილ სააკაშვილის საკითხი და არ გახდეს პოლიტიკური, თავისთავად არის არა ობიექტური“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა, რომლის კომენტარსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია. როგორც ზურაბიშვილმა le monde-თან ინტერვიუში განაცხადა, ივანიშვილი მათ რიგებშია, „ვინც ვერ წარმოიდგენს, რომ რუსეთი დამარცხდება“. ამასთან, კითხვაზე, როგორ ესმის ევროპული კომისიის რეკომენდაცია „დეოლიგარქიზაციაზე“, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ დღეს ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის და „პასუხი დეოლიგარქიზაციაზე, მომავალ არჩევნებშია“.