დიქტატურა ყოველთვის, ყველა კანონს საკუთარი მიზნებისთვის იყენებს – FARA ვიცი, რომ ამერიკულია, რაც შეეხება მის ზუსტ ასლს, მდინარაძის არავის სჯერა, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ და მისაღებ საკანონმდებლო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
ფავლენიშვილის თქმით, ქვეყანაში კანონპროექტებმა აზრი დაკარგა.
„ამ ქვეყანაში კანონპროექტებს აზრი დაკარგული აქვს იმიტომ, რომ რეჟიმი გადასულია რეპრესიებზე, არაადამიანურ მოპყრობაზე, წამებაზე, წამება და არაადამიანური მოპყრობა მსოფლიოს მასშტაბით არანაირი კანონმდებლობით არ მართლდება. რაც შეეხება კონკრეტულ კანონებს, ყველა კანონს ის ირგებს საკუთარი რეპრესიული მიზნებისთვის, მათ შორის ბოლო კანონების მიღების მიზანი სწორედაც რომ რეპრესიული ზომების გატარება იყო.
თქვენ უწოდებთ ამერიკულ და ევროპულ კანონებს იმ კანონებს, რომლებიც საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის არის რუსული კანონი. ამიტომ ამ კანონის ივანიშვილისეული ვერსია აუცილებლად იქნება რეპრესიული. FARA ვიცი,რომ ამერიკულია, რაც შეეხება მის ზუსტ ასლს, მდინარაძის არავის სჯერა. შეიძლება თქვენ გჯეროდეთ, მაგრამ თქვენ გარდა საქართველოში არავის სჯერა.
კონტრკითხვა მაქვს, წამება და მოპყრობა თვეების მანძილზე, როგორ შეიძლება იყოს კანონიერი? ამას ითვალისწინებს ივანიშვილის რეჟიმი და ივანიშვილის რეჟიმი ყველანაირი კანონის ინტერპრეტაციას საკუთარი მიზნებისთვის მოახდენს“, -განუცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა ჟურნალისტს.
