კიდევ ერთხელ გრძელდება ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკური დევნა, ეს არის პოლიტიკური დევნის ქრესტომათიული მაგალითი, – ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილმა პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის დაკავება და მისთვის პენიტენციური სამსახურის მიერ დაწესებული შეზღუდვები.
როგორც ირაკლი ფავლენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმე აბსურდული და შეთითხნილია.
„ივანიშვილს ბევრი პოლიტიკური ოპონენტი დაუკავებია, მაგრამ ამდენად შეთითხნილი აბსურდული ბრალდება, მათ შორის ასეთი რეპრესია არ მახსენდება. საერთოდ არც კი შეეცადნენ, რომ საქმე „შეეკერათ“, საჯარო პოლიტიკური განცხადება აიღეს და ამ განცხადების ნიადაგზე, რომელზე უარესი ბევრი გაკეთებულა საჯარო სივრცეში ათწლეულების მანძილზე, ამ განცხადებების ნიადაგზე დააკავეს ადამიანი. ამის შემდეგ ვხედავთ, რომ ელემენტარული უფლებები რაც აქვთ პატიმრებს, ყველა ეს უფლება წაართვეს – პაემნის უფლება არ აქვს, სატელეფონო ზარის განხორციელების და მიმოწერის უფლება. მიზეზი ისეთივე აბსურდულია, როგორც მის წინააღმდეგ შეთითხნილი ბრალი: მოწმეებზე გავლენა რომ არ მოახდინოსო. მოწმეები ხომ ვიცით ვინც არის, სუს-ის და გდდ-ის თანამშრომლები, რომლებმაც სულიერი ტკივილი განიცადეს ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკური განცხადების გამო. იმავე ლოგიკით ნებისმიერმა საჯარო პოლიტიკურმა განცხადებამ შეიძლება სულიერი ტკივილი განაცდევინოს ნებისმიერ საჯარო მოხელეს. ეს არის ავტორიტარიზმისა და დიქტატურისთვის დამახასიათებელი სტანდარტი“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.
მისი შეფასებით, ეს ნათლად აჩვენებს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი რეჟიმი შეშინებულია.
„ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, თუ როგორ ეშინია ბიძინა ივანიშვილს 4 ოქტომბრის, როგორ ეშინია დღესაც ციხეში მყოფი ლევან ხაბეიშვილისაც. ლევან ხაბეიშვილის ეს სიტყვები, რაც ქართველ ხალხს ბრძოლის ხასიათზე განაწყობდა, ერთხელ დამტკიცდა, რომ მართალია. ივანიშვილმა საკუთარი მარცხის ირწმუნა, ამიტომაც დააკავა ლევან ხაბეიშვილი ამ აბსურდული ბრალდებით, თორემ ლევან ხაბეიშვილი მუდმივად ებრძოდა ივანიშვილს და მის რეჟიმს, მაგრამ ეს დღის წესრიგი იმდენად ეგზისტენციალური საფრთხის შემცველია ივანიშვილისთვის, არ დაელოდა საქმის „შეკერვას“ და ლევან ხაბეიშვილი დააკავა“, -განაცხადა ფავლენიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, რაზეც ლევან ხაბეიშვილი წინა დღეებში საუბრობდა, ყველაფერი დადასტურდა.
„ლევან ხაბეიშვილს არ დაუმალავს, რომ მას აწვდიდნენ ინფორმაციას, მათ შორის „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები. პოლიტიკაში ვინმეს ჰგონია, რომ ეს ახალი ხილია?! როცა რეჟიმი იხრწნება, მომპალია და ერთმანეთის ჭამაზე არის გადასული, გარეთ გააქვს ინფორმაცია ამ რეჟიმის წევრებს, ეს ყველგან ხდებოდა და ახლაც ხდება“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.
ამავე კონტექსტში, მან პროკურატურის მიერ გუშინ გამართულ ბრიფინგიც შეაფასა, რომელიც უპრეცედენტო, 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირის დაკავებას ეხება. ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, საქმე, სავარაუდოდ, ყოფილ მაღალჩინოსნებს ეხება.
„ეს არის გამოცხადებული ქრონიკა-ლილუაშვილის, ღარიბაშვილს და გომელაური დაკავების ან მათი განდევნის, მათ წინააღმდეგ საქმის „შეკერვის“. ივანიშვილის ბანდის შიგნით ყოველთვის იყვნენ „კლანები“, ამ „კლანის“ წევრების დაკავება დაიწყო რამდენიმე თვის წინ, რაც მათ შორის ლევან ხაბეიშვილმა დააანონსა, მერე თანმიმდევრულად მიჰყვებოდა და ასახელებდა კონკრეტულ ადამიანებს, რომელიც ამოღებული იყო სამიზნედ ივანიშვილის და მდინარაძის „კლანის“ მიერ. რომეო მიქაუტაძე იქნება ეს თუ ჯუანშერ ბურჭულაძე, ეს ადამიანები იყვნენ ირაკლი ღარიბაშვილის უახლოესი ადამიანები“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.
ის მიიჩნევს, რომ ივანიშვილი ამ ყველაფერს იმიტომ აკეთებს, რომ რესურსისგან იცლება. მისი აზრით, დაწყებული „რეპრესიებით ივანიშვილის რეჟიმი უფრო და უფრო სუსტდება“.
რაც შეეხება 4 ოქტომბერს, ირაკლი ფავლენიშვილი მიიჩნევს, რომ ეს არის ყველაზე სახალხო თარიღი, რადგან „საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ყელში ამოუვიდა ივანიშვილი და მისი ბანდა“.
„სინამდვილეში, საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ყელში ამოუვიდა ივანიშვილი და მისი ბანდა. ამას ორი ძირითადი მიზეზი აქვს – ერთი ის, რომ მისი ბანდა ყოველგვარ „წითელ ხაზს“ არის გადასული, ეს არის მილიონერების მიერ მართული ღარიბი ქვეყანა. აღარ შეუძლიათ ადამიანებს, პენსიები არ ჰყოფნით, წამლის ფული არ აქვთ და ემიგრაციაში უწევთ გახიზვნა“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.
ამასთან, მან ექსპერტ გიგა ხუხაშვილის პოზიციაც შეაფასა, რომელიც მიიჩნევს, რომ 4 ოქტომბერს ხელისუფლების შესაცვლელად ოპოზიციას რესურსი არ აქვს.
„გია ხუხაშვილს და მისნაირ ვაი ექსპერტებს ჩვენ კარგა ხანია ვუსმენთ და ეს ადამიანები სახლებიდან, სტუდიებიდან არ გამოდიან. ძალიან დიდი ბოდიში, სხვის მაგივრად ბრძოლაზე თუ რაღაცის თქმა გინდა, უნდა გეთქმოდეს და ბრძოლის წინა ხაზზე ერთხელ მაინც უნდა ვხედავდეთ ამდენი წლის მანძილზე. ამ ადამიანს ვუყურებ, ან სახლიდან ერთვება ან სტუდიაში ვხედავ, სხვაგან ეს კაცი არ მინახავს. ჩვენ ის ხალხი ვართ, ვინც წინა ხაზზე ვართ, რომლებსაც ლოდებს, ქვებს და გაზს გვესვრიან. 9 ტყვია მომხვდა, ლევან ხაბეიშვილს 20 ივნისს ვნახეთ რაც მოუვიდა. ჩვენ ვართ ბრძოლის წინა ხაზზე და ხალხთან. არც სტუდიებში ვართ მარტო და არც სახლებიდან ვერთვებით. ამიტომ, ამ ადამიანებმა თავისი ექსპერტული ცოდნა საკუთარ თავს მოახმარონ, საერთოდ აცდენილები არიან რეალობას. ამ ადამიანებისთვის რომ დაგვეჯერებინა, ყოველთვის ბიძინა ივანიშვილი იქნებოდა. ჯერ ერთი, ამ კაცის მოყვანილია ბიძინა ივანიშვილი და მეორე, რასაც ლაპარაკობს, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის გამყარებას ემსახურება. იმავეს ვიტყოდი სხვა ძალიან ბევრ ექსპერტსა და ფილოსოფოსზე. მუდმივად ამათ რომ ვუსმინოთ, ნამდვილად სულ ბიძინა ივანიშვილი იქნება. ბიძინა ივანიშვილის მსგავსი რეჟიმები მარცხდება შემართებით, გადამწყვეტი ბრძოლით და არა იმით, რომ საარჩევნო პროცესით შეიძლება რუსი დიქტატორის დამარცხება. ჩვენთვის ეს კაცი არის რუსი დიქტატორი. ამ კაცს სენტიმენტებიც კი აქვს ბიძინა ივანიშვილის მიმართ. თვალები გაახილონ და დაინახონ, რომ ქვეყანაში დიქტატურა დამყარდა. ახლა გვაქვს ძალიან კარგი შანსი, შიგნიდან ეს ხალხი არის ჩამოშლილი. ქართველი ხალხი კი არის როგორც არასდროს, ისე გაბრაზებული“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.
