ირაკლი ფავლენიშვილი არჩევნებზე – ე.წ. ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებს ვაფრთხილებდით, რომ სისტემური ოპოზიციის როლის მორგება მათთვის დამღუპველი იქნებოდა – თავის თავს ვნებენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ს განცხადებით, ოპოზიციური პარტიის ის წარმომადგენლები, რომლებიც 4 ოქტომბერს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავენ, „თავის თავს ვნებენ და ამით უფრო მეტად დააზიანებენ საკუთარ თავს“.
ფავლენიშვილმა უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, თუ რატომ ვერ შეთანხმდნენ ოპოზიციური პარტიები ჯერჯერობით ერთიან კანდიდატზე და განაცხადა, რომ ამ „სპეცოპერაციაში ყველაფერი წინასწარ არის განსაზღვრული ივანიშვილის და მის ბანდის მიერ“.
„რაც შეეხება ე.წ. ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებს, ჩვენ მათ ვაფრთხილებდით, რომ აქ სისტემური ოპოზიციის როლის მორგება მათთვის დამღუპველი იქნებოდა. გარდა ამისა, ყველა ეტაპზე იქნებოდა სხვადასხვა პრობლემა, რომელიც ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებში მათ დისკრედიტაციას შეუწყობდა ხელს. ამიტომ, ის მოვლენები, რაც მოხდება, ჩვენ მიერ არის პროგნოზირებული. ნათქვამიც გვაქვს, რომ თავის თავს ვნებენ, რაც უფრო იქნებიან ამ პროცესში, უფრო მეტად დააზიანებენ საკუთარ თავს“,- განაცხადა ფავლენიშვილმა.
მისივე თქმით, რამდენი პარტიაც არ უნდა დაარეგისტრიროს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებზე, ეს ლეგიტიმაციას ვერ მოახდენს.
„მთავარია, ზოგადად ოპოზიციურად განწყობილ ელექტორატში ვინ, რა მხარდაჭერით სარგებლობს. ვინც არის ყველაზე პოპულარული პარტია, ყველამ კარგად ვიცით, რომ ისინი არჩევნებში არ მონაწილეობენ, მათ შორის, ვიცით ისიც, რომ ელექტორატის უდიდესი ნაწილი უარყოფითად არის განწყობილი ამ სპეცოპერაციის მიმართ. ამიტომ, ეს არის მთავარი, როცა ვზომავთ არჩევნებში მონაწილეობას და არა ის, თუ რამდენი პარტია იქნება დარეგისტრირებული ამ სპეცოპერაციაში“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.
რაც შეეხება საერთაშორისო ასპარეზზე ლეგიტიმაციის საკითხს, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია ის, რომ მთავარი ოპოზიციური ძალები არჩევნებში არ მონაწილეობენ და მოსახლეობის უდიდესი ნაწილს ეს პროცესი ლეგიტიმურად არ მიაჩნია.
„ეს არის გაზომვის მთავარი მექანიზმი, როდესაც ვსაუბრობთ, არის თუ არა ეს სპეცოპერაცია. ჩვენთვის ეს არის ნამდვილად სპეცოპერაცია. დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო კონტექსტშიც ასეთად დარჩება, მითუმეტეს, მთელ ის პროცესთან დაკავშირებით, რომელიც ივანიშვილმა და მისმა ბანდამ ბოლო ერთი წლის მანძილზე საქართველოში დაიწყო, არსებობს ძალიან მკაფიო, ერთიანი შეფასება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან“,- განაცხადა ფავლენიშვილმა.