„კი, ბატონო [ირაკლი რუხაძეც უნდა დასანქცირდეს]“ – ასე უპასუხა თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის შესაბამის კითხვას. გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ირაკლი რუხაძეს ძალიან კარგად იცნობს და არ სჯერა, რომ „ქართული ოცნების“ „ანტიდასავლურ სიგიჟეს“ ემხრობა. „თუმცა ის რთულ მდგომარეობაშია ჩავარდნილი და ასე უწევს საუბარი“, – თქვა მან.
„წერტილის“ წამყვანმა გიორგი ბაჩიაშვილს ირაკლი რუხაძის მიერ მის საქმესთან დაკავშირებით, „გირჩთან“ ინტერვიუში გამოთქმულ მოსაზრებებზეც დაუსვა კითხვები.
– წინა კვირას ირაკლი რუხაძემ „გირჩი Tv”-თან ასეთი რაღაც თქვა: „მე ბევრი შევეცადე, თავის დროზე გიორგი დამერწმუნებინა, რომ ეს პრობლემა გაიზრდება და აფეთქდება და დაალაგე-მეთქი, სულ ვეუბნებოდი“… რა პრობლემა იგულისხმა?
– ირაკლი რუხაძე მეუბნებოდა, ბიძინა ივანიშვილს აქვს ეჭვები, რომ შენ ხარ ამერიკის აგენტი და აქ ხალხი მაგას ტვინს ურევსო. ბიძინა ივანიშვილს მსგავსი ეჭვები ჩემთანაც გამოუთქვამს, მაგრამ ეს იმხელა სისულელედ მიმაჩნდა, რა უნდა მეთქვა – მე არ ვარ ამერიკის აგენტი?!
– სულ ეს იყო?
– დიახ…
– ირაკლი რუხაძე თქვენსა და ბიძინა ივანიშვილს შორის მიმდინარე დავაზე ასეთი რაღაც თქვა: „მე რომ ვიყო არბიტრი, დავსვამდი კითხვას: “იმ ბიზნესს, რომ ფული წაეგო, ვინ წააგებდა ფულს? თუ პასუხია, რომ გიორგი ბაჩიაშვილი წააგებდა ფულს, მაშინ გიორგი არის სწორი, თუ პასუხია, რომ ბიძინა ივანიშვილი წააგებდა, მაშინ გიორგი არ არის სწორი“…. რას უპასუხებდით?
– ირაკლი რუხაძემ ძალიან მარტივად დასვა საკითხი – თუ ბანკის ფული დაიკარგება, მაშინ გამოდის, რომ ბიძინა ივანიშვილია ინვესტორიო და თუ არ დაიკარგებოდა, მაშინ – გიორგი ბაჩიაშვილიო. რამდენი დეველოპერული კომპანია ვიცით, რომელიც გაკოტრდა?! უზრუნველყოფაც ჰქონდათ, მაგრამ მაინც ვერ დაფარეს ვალდებულებები და ანუ ეს ბანკების ინვესტიცია იყო, რადგან ბანკის ფული დაიკარგა?! პირველ რიგში, ხომ დეველოპერის კაპიტალი დაიკარგა?! სწორედ ეს არის განსხვავება სესხსა და კაპიტალს შორის – ჯერ კაპიტალი იკარგება თუ რაღაც ცუდად მიდის და შემდეგ უკვე სესხის ნაწილი… ირაკლი რუხაძეს კარგად ვიცნობ და ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. მასზე პიროვნულად ცუდს არ ვიტყვი…
– 2023 წლის შემდეგაც, რაც თქვენ წინააღმდეგ საქმე აღიძრა, [კარგი ურთიერთობა გაქვთ]?
– კი… მე მას შევხვედრირვარ. პიროვნულად არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, მაგრამ ვფიქრობ, ის არაა გულწრფელი, როცა მედიათავისუფლებაზე საუბრობს და თუკი მის ლოგიკას მივყვებით, ასეთ კითხვას დავუსვამდი და გასცეს პასუხი – თუკი ივანიშვილი და „ქართული ოცნების“ სალაროების ფული იკარგება „იმედში“ ბოლო 10 წელია, მაშინ ვისია „იმედი“?!
– როცა ამბობთ, პიროვნულად არაფერი მაქვს საწინააღმდეგოო, რა იგულისხმეთ?
– პიროვნულად ბიძინა ივანიშვილთან მიკედლებულ არცერთ ბიზნესმენთან არანაირი პროლემა არ მაქვს…
– ამ ბიზნესმენების, მათ შორის ირაკლი რუხაძის უკან არის ბიზნესები, რომელიც პროპაგანდის გავრცელებას უწყობს ხელს….
– ვთვლი, რომ ირაკლი ძალიან რთულ და გამოუვალ მდგომარეობაშია. არ მჯერა, რომ ის გულით ემხრობა ამ ანტიდასავლურ სიგიჟეს და ფიქრობს, რომ რუსეთი, ირანი და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნები უნდა იყვნენ ჩვენი პარტნიორები და ამათთან პირისპირ უნდა ვისხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან, დასავლური ცივილიზაციის ზურგის გარეშე; ამას მე ვერ დავიჯერებ, თუმცა ის რთულ მდგომარეობაშია ჩავარდნილი და ასე საუბარი უწევს…
– ირაკლი რუხაძე უნდა დასანქცირდეს?
– კარგი კითხვაა…
– პასუხი?
– ალბათ უნდა დასანქცირდეს ყველა ის ადამიანი, ვინც თავისი ქცევით და თავისი ფინანსებით მხარს უჭერს და აქეზებს იმ ისტერიას, რაც ქვეყანაში ხდება, რადგან ეს საქართველოს დემოკრატიის პირდაპირი ღალატია….ჩვენი ერი ყოველთვის ევროპული ცივილიზაციის ნაწილი იყო და ვერ გავხდებით ჩინეთის ორგანული მთავარი პარტნიორი. ჩვენ შეიძლება კარგი სავაჭრო პარტნიორი ვიყოთ, მაგრამ ცივილიზაციურად ჩინელებს ვერ შევეკვრებით… ჩვენ პირველ რიგში, შიგნით უნდა ვიყოთ ძლიერად შეკრული და ამავდროულად უნდა გვქონდეს ძალიან კარგი ურთიერთობები ჩინეთთანაც, ინდოეთთანაც, საუდის არაბეთთანაც და თუნდაც რუსეთთან. მე არ ვარ მომხრე, რომ რუსეთს დავუწესოთ სანქციები. ჩვენს ეკონომიკას არ აქვს საშუალება, ეს გადაიტანოს. რუსეთს ისეთი საფრთხეები არ უნდა შევუქმნათ, რომელიც ჩვენზე თავდასხმას გამოიწვევს.
– მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ პიროვნულად არაფერს ერჩით და კარგად იცნობთ, მისი საქმეებიდან გამომდინარე, ირაკლი რუხაძეც უნდა დასანქცირდეს?
– კი, ბატონო.
