ირაკლი პაპიაშვილი – თუ ვინმეს „სპორტული მუღამი” აქვს, ციხეში წავიდე, წავალ, ქვეყანაზე მარადიული არაფერია და დავბრუნდები – ცალსახაა, რომ უდანაშაულო ვარ

ჟარგონზე, რომ ვთქვათ, თუ ვინმეს “სპორტული მუღამი” აქვს, რომ ციხეში წავიდე, წავალ ციხეში. ამ ქვეყანაზე მარადიული არაფერია და დავბრუნდები – ცალსახაა, რომ ვარ უდანაშაულო, არანაირი ბრალი არ მიმიძღვის და არანაირი თანხა არ მიმითვისებია , – ამის შესახებ დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ირაკლი პაპიაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
აღნიშნული შესახებ ირაკლი პაპიაშვილმა სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე განაცხადა, რომელსაც სასამართლომ დიდი ოდენობით თანხების მითვისების საქმეზე 8 წლით, ხოლო გიორგი ჩიკვაიძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
“ჩემი ამ კომპანიაში მოხვედრა დაიწყო სტაჟირებით, მანამდე ვმუშაობდი „TBC ბანკში”. მანამდე, წარმოდგენა არ მქონდა, რომ აქ აღმოვჩნდებოდი. ბოლო წელიწად-ნახევარია, რა კოშმარშიც ვცხოვრობ.
მე ხელი არაფერზე მომიწერია, არც ვინმეს შეხვედრაზე რაიმეს დავპირებივარ, ან იახტის დეტალებზე მისაუბრია, ამას ადასტურებს ჩვენებები, რომელიც ამ დარბაზში მოვისმინეთ. სულ ვესწრებოდი სასამართლო სხდომებს, რადგან მაინტერესებდა, რატომ მოვხვდი აქ, პასუხი ვერ მოვისმინე ამ დარბაზში. ფაქტობრივად, ასე გამოდიოდა, რომ პროკურატურის მიერ მოყვანილი მოწმეები ჩემს სასიკეთოდ საუბრობდნენ”, – განაცხადა ირაკლი პაპიაშვილმა, რომელსაც სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ბორკილები სხდომათა დარბაზში დაადეს და დააკავეს.