ირაკლი ნადირაძე – 4 ოქტომბრის აქციის დღეს, მურთაზ ზოდელავას მოწოდებაში არანაირი ძალადობა არ ყოფილა – მან თქვა, „ჩავიბაროთ გასაღები“ და თქვა იმიტომ, რომ ხელისუფლება მიტაცებულია

4 ოქტომბრის აქციის დღეს, მურთაზ ზოდელავას მოწოდებაში არანაირი ძალადობა არ ყოფილა. მან თქვა, „ჩავიბაროთ გასაღები“ და თქვა იმიტომ, რომ ხელისუფლება არის მიტაცებული. დავიძარით პრეზიდენტის სასახლისკენ. რომ ჩავედით, ღობე უკვე წაქცეული იყო და ჩემთვის უკვე გასაგები გახდა ის, რომ ეს ყველაფერი იყო გათვლილი, – ამის შესახებ 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა პოლიტიკოსმა, ირაკლი ნადირაძემ სასამართლო პროცესზე ჩვენების მიცემისას განაცხადა.

მისი თქმით, მას არანაირ ორგანიზებაში არ მიუღია მონაწილეობა. ნადირაძის განმარტებით, 4 ოქტომბრის აქციის დაანონსების პროცესში ჩართული იყვნენ პატივსაცემი ადამიანები: მომღერლები, ექიმები, მხატვრები და ა.შ. მაგრამ უშუალოდ თვითონ არ იყო ჩართული. ნადირაძის თქმით, ყველა სატელევიზიო ეთერში საუბრობდა იმას, რომ ის არ იყო 2025 წლის 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორი.

„მე ზუსტად ამ სიტყვებით ვამბობდი, რომ აქციის ორგანიზატორი გახლავთ რუსთაველის გამზირი და რომ გეგმა არის ხალხში.

რაც შეხება უშუალოდ 4 ოქტომბერს, მანქანა დავაყენე ალ. ჭავჭავაძის ქუჩაზე და წავედი პარლამენტის წინ, მეგონა იქ იყო სცენა. როცა მივედი, მითხრეს, აქ არ არის სცენა, არამედ სცენა არის თავისუფლების მოედანზეო და მეც წავედი თავისუფლების გამზირზე. მივედი და მითხრეს, რომ 4 საათზე გაკეთდებოდა განცხადება. რაღაც პერიოდის შემდეგ ჟურნალისტმა დამირეკა და მითხრა, რომ მივსულიყავი ბესიკის ქუჩაზე, ბიზნეს-ცენტრის ოფისში, რათა კომენტარის ჩაწერა უნდოდა.

მივედი, სურათს იღებდნენ ქვევით ფოიეში. (იმედია, პირველი სურათი იყო და იმედია არა, უკანასკნელი). შემდგომ მოვიდა ბატონი პაატა და აღმოვაჩინე, რომ ისიც ჩასაწერად იყო მოსული. მერე ეს ყველაფერი შეიცვალა ვიდეოთი. გადავიღეთ ეს ვიდეო. მე იქ არაფერი მითქვამს, არ ვიყავი საქმის კურსში და იმიტომ. არც გვერდზე გავსულვარ, იმიტომ, რომ იქ ისეთი არაფერი თქმულა. ამის შემდგომ გამოვედით გარეთ და ჩავედით ბესიკისა და რუსთაველის ქუჩის კვეთზე. ისე, მე როგორც ვიცი, ამ ე.წ. ოფისში არანაირი ჩხრეკა არ ჩატარებულა… დავტოვე ეს ადამიანები და გადავედი თავისუფლების მოედნისკენ, რადგან ისევ ჟურნალისტებმა მთხოვეს ჩაწერა… აქციაზე მართლა ზღვა ხალხი მოდიოდა.

რადგანაც გვიანდებოდა აქციის დაწყება, ავედი სცენაზე და ვთქვი, რომ ზღვა ხალხი მოდის, მათ შორის რეგიონებიდან-მეთქი. ამ განცხადებაში ვილაპარაკე ყველა პოლიტიკურ პატიმარზე, მათ შორის მიხეილ სააკაშვილზე, ლევან ხაბეიშვილზე, მზია ამაღლობელზე, რომ უნდა გათავისუფლდნენ. ამავე განცხადებაში ვახსენე, რომ მთავარ სათქმელს იტყვის პაატა ბურჭულაძე-მეთქი. გამოვიდა ბატონი პაატა, წაიკითხა დეკლარაცია. ის იყო იქ მთავარი სათქმელი.

შემდგომ ადის სცენაზე მურთაზ ზოდელავა, სიმართლე გითხრათ, მოულოდნელი იყო ეს განცხადება, მაგრამ ხშირად ყოფილა როცა აქციის დროს ხან კანცელარიისკენ წავსულვართ და ა. შ.

მის მოწოდებაში არანაირი ძალადობა არ ყოფილა. მან თქვა, „ჩავიბაროთ გასაღებიო“ და თქვა იმიტომ, რომ ხელისუფლება არის მიტაცებული. დავიძარით პრეზიდენტის სასახლისკენ. რომ ჩავედით ღობე უკვე წაქცეული იყო და ჩემთვის ეს ყველაფერი გასაგები იყო, რომ ეს ყველაფერი იყო გათვლილი. მე ვმუშაობდი ადრე პრეზიდენტის სასახლეში და ვიცი, რა როგორ არის, რომ ღობის წაქცევა მარტივი არ არის. ღობე რომელიც ასე განსაკუთრებულად უნდა იყოს დაცული, წაქცეული იყო. შემდეგ უკვე ხალხი ეზოში იყო. უკვე გასაგები გახდა, რომ ხალხს დაიჭერდნენ. გააზრებულად, შიშველი ხელებით, წრფელი გულით გადავედი ამ ღობეს. ჩემი თვალით ვნახე, აქციის მონაწილეებს როგორ მოჰყავდათ ხელით დახმარების მიზნით, ერთ-ერთი პოლიციელი, რომელიც იქ ეკიპირების გარეშე იყო. ასეთი ხალხს კი ხელისუფლებას მოძალადეებად გამოჰყავს. ვერ ვნახე ვერც , ვერც მურთაზ ზოდელავა და ამის შემდგომ გადავინაცვლე პარლამენტის წინ“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

ამასთან, მისი თქმით, მას არანაირი შემხებლობა არ აქვს კიდევ ერთ ბრალდებულ ირაკლი შაიშმელაშვილთან. ნადირაძის თქმით, ის შორიდან სცემს პატივს შაიშმელაშვილს, რომელიც ხელისუფლებას ამხელს.

ნადირაძის თქმით, ასევე არ იცნობს ნანა სანდერს, ხოლო ერთ-ერთი ბრალდებული, ლაშა ბერიძე, საერთოდაც იზოლატორში გაიცნო.

ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად.

მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.

ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.