ირაკლი ნადირაძე – 4 ოქტომბერს ვემზადებით მშვიდობიანი რევოლუციისთვის, მშვიდობიანი დამხობისთვის, არც ამ სიტყვის გვეშინია, თუ დაკავება უნდათ დაგვაკაონ

4 ოქტომბერს ჩვენ ვემზადებით მშვიდობიანი რევოლუციისთვის, მშვიდობიანი დამხობისთვის, არც ამ სიტყვის გვეშინია, თუ დაკავება უნდათ დაგვაკავონ, თუ უნდათ ჯგუფურზე დაგვაკავონ. გეგმა ხალხშია, ყველამ იცის, რა უნდა გააკეთოს და ეს ბრძოლა დამთავრდება გამარჯვებით!, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ადვოკატების ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ს პატიმრობის შესახებ სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება, თუმცა არა იმიტომ, რომ მეორე ინსტანცია სხვა გადაწყვეტილებას გამოიტანს, არამედ, გასაჩივრდება იმიტომ, რომ პროცესი არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური.
„ეს იყო პირდაპირ ბიძინას დავალება, რადგან დაიჯერა, რომ ის 4 ოქტომბერს აგებს ქართველ ხალხთან, მან დაინახა, რომ ქართველ ხალხში არის გამარჯვების რწმენა და უდიდესი მუხტი. მან ძალიან კარგად იცის, რომ ხალხი მზად არის რუსთაველზე არა მხოლოდ მისასვლელად, არამედ გამარჯვებისთვის, მშვიდობიანი რევოლუციისთვის, ამიტომ დიახ, ეს გადაწყვეტილება იყო პოლიტიკური, შესაბამისად, რუდუნებით აარჩიეს ის ზონდერ მოსამართლე, რომლის ქმარიც არის სუს-ის თანამშრომელი, იმ სუს-ის თანამშრომელი, რომელმაც შეკერა ლევან ხაბეიშვილის საქმე. მისი ქმარი გარდა იმისა, რომ სუს-ის თანამშრომელია, ასევე ბრალდებულია, ამ ადამიანს ადანაშაულებენ, რომ როდესაც კასპში ლევან ხაბეიშვილი ხვდებოდა პენსიონერებს და მოხდა ძალადობრივი თავდასხმა ქვებით, ამ ადამიანის დავალებით ესროდნენ ქვებს. ამიტომ ყველაფერი გასაგებია. ესენი ერთ რამეში ძალიან ცდებიან – ლევან ხაბეიშვილი, პაატა ბურჭულაძე, ყველა რომ დააკავონ, ყველა პოლიტიკოსი, ყველა ლიდერი, ეს საქმე მივა ბოლომდე, რადგან ხალხის რევოლუციაა, ხალხს უნდა გამარჯვება და 4-ში ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს”, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
მისი თქმით, სამართალდამცავებისადმი 200 000 დოლარის ოდენობით ჯილდოს შეთავაზება ძალაში რჩება.
„რაც შეეხება ცალკეული ვაი პოლიტიკოსების განცხადებას, რომ თურმე მსგავსი შინაარსის განცხადებების გამო სხვებსაც დაიჭერენ, არავის არ ეშინია არც მაგათი დაჭერების, არც იმის, რომ სუს-ის ტიტუშკებს დაახვედრებენ და დაგვახვედრებენ და ფიზიკურად გაგვისწორდებიან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დიახ, შეთავაზება არის ძალაში 200 000 დოლარი ყველა იმ სპეცრაზმელს, ყველა იმ ძალოვანს, ვინც არ ჩაიდენს უკანონობას, ვინც არ დათხრის თვალებს მშვიდობიან დემონსტრანტებს, ვინც ფიზიკურად არ გაუსწორდება, არ დაასახიჩრებს, არ დააკავებს ადამიანებს. 4 ოქტომბერს ჩვენ ვემზადებით მშვიდობიანი რევოლუციისთვის, მშვიდობიანი დამხობისთვის, არც ამ სიტყვის არ გვეშინია, თუ დაკავება უნდათ დაგვაკავონ, თუ უნდათ ჯგუფურზე დაგვაკავონ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არაფერს შეცვლის ბრძოლისთვის, გეგმა ხალხშია, ყველამ იცის, რა უნდა გააკეთოს და ეს ბრძოლა დამთავრდება გამარჯვებით.” – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ