საქართველოს საზღვარზე ერთი ლიტრი ბენზინი და დიზელი დაახლოებით, 1.65 ლარი ღირს, მაგრამ ბენზინგასამართ სადგურებზე ორჯერ ძვირად იყიდება – ეს არის ბიძინა ივანიშვილისა და მისი მაფიოზური კლანის ბრალი, რომლებსაც ნავთობპროდუქტებზე მონოპოლია აქვთ, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
ნადირაძის თქმით, 2012 წელს საწვავის ფასის გაიაფებას სწორედ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები გვპირდებოდნენ.
მისივე განცხადებით, მარტივი გამოსავალი აქციზის შემცირებაა.
„მაშინ საწვავის ფასი 1.95 ლარი იყო. იძახდნენ, რომ აქედან 1 ლარი ვიღაცის ჯიბეში მიდიოდა. გვპირდებოდნენ, საწვავის გაიაფებას, მაგრამ ფასი პროდუქტების, მედიკამენტების, სერვისების გაძვირებასთან ერთად გაიზარდა და კატასტროფულია.
საწვავის ფასის ზრდა, რა თქმა უნდა, პირდაპირ პროპორციულად აისახება დანარჩენი პროდუქტების და მედიკამენტების ფასების ზრდაზე. ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოს საზღვარზე ერთი ლიტრი ბენზინის და დიზელის ფასი დაახლოებით 1.65 ლარია, მაგრამ ბენზინგასამართ სადგურებზე დაახლოებით ორჯერ ძვირად იყიდება. ეს სწორედ ივანიშვილისა და მისი მაფიოზური კლანის ბრალია – გადასახადები მათ ხელშია, მაგრამ მთავარია ის, რომ მათ აქვს მონოპოლია ნავთობპროდუქტებზე. ქვეყანაში ერთი ლიტრი საწვავი ბიძინა ივანიშვილის და მისი კლანის გარეშე ვერ შემოდის, ამიტომ ეს არის ხელოვნური მაფიოზური ფასი. ისინი დამატებით ასეულობით მილიონ დოლარს ქართველი ხალხის, ჩვენი გაჭირვებული მოსახლეობის ხარჯზე შოულობენ.
მივმართავთ ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“, რაც შეიძლება სწრაფად გააკეთონ ყველაფერი, რომ ფასებმა დაიწიოს, რადგან ფასები პირდაპირ პროპორციულად ურტყამს ჩვენი მოსახლეობის ჯიბეს, ურტყამს პროდუქტების, მედიკამენტების ფასს.
ჩვენ წელს გვაქვს უნიკალური შანსი, რომ ეს ხელისუფლება 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე შევცვალოთ – ჩვენ ვიქნებით ის ხალხი, რომლებიც მოვაწესრიგებთ იმას, რომ ასეთ კატასტროფულ ფასს ჩვენი მოქალაქეები არ იხდიდნენ.
ერთ-ერთი მარტივი გამოსავალია, რომ აქციზის ფასმა დაიწიოს. იმის ნაცვლად, რომ აქციზი განახევრებულიყო, გაზარდეს, რაც ტარიფზე პირდაპირ აისახა, თუმცა მთავარი რაც არის, ეს არის ბიძინა ივანიშვილის მაფიოზური კლანი, რომელიც ამ ქვეყნიდან და ნავთობპროდუქტების ბიზნესიდან უნდა გაქრეს. ისინი ფასებს ხელოვნურად ზრდიან, რათა მოსახლობის ჯიბეებიდან დამატებით ასეულობით მილიონი დოლარი ამოიღონ“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.