ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, თუ როგორი შეშინებულია რუსი ოლიგარქი – ამ დარბევების, ძალადობის, მუქარების არავის არ გვეშინია, უფრო მეტი მოტივაციაა ჩვენთვის, რომ დამაჯერებლად, დიდი სხვაობით ეს რუსები და მოღალატეები გავისტუმროთ ხელისუფლებიდან, – ამის შესახებ „ერთიანობა“- ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პარტიას შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის არ მიუმართავს, რადგან არ აქვთ მოლოდინი, რომ ამ ფაქტს გამოიძიებენ.
„კიდევ ერთხელ ჩანს „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი როგორი შეშინებულია. დღეს, დილით, ვარკეთილის მესამე მიკრო რაიონში, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისია, დაგვხვდა დარბეული. შემთხვევა მომხდარია, სავარაუდოდ, გამთენიისას, რადგან დილით რომ მოვედით ოფისი უკვე დაგვხვდა დარბეული, საღებავი შესხმული და შუშები დამტვრეული. აქაურობა ნამსხვრევებით არის სავსე. წინ არის უზარმაზარი სკვერი, სადაც განთავსებულია არაერთი სათვალთვალო კამერა და რომ უნდოდეთ ამის გამოძიება, მარტივად მოხდებოდა, მაგრამ ეს არ მოხდება მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ყველაფრის უკან დგას სწორედ შეშინებული რუსი ოლიგარქი ივანიშვილი, „ქართული ოცნება“ და ის ადამიანები, რომლებიც 26 ოქტომბერს უნდა გავისტუმროთ. ამ დარბევების, ამ ძალადობის, ამ მუქარების არავის არ გვეშინია, უფრო მეტი მოტივაციაა ჩვენთვის, რომ დამაჯერებლად, დიდი სხვაობით რუსები, მოღალატეები გავისტუმროთ ხელისუფლებიდან. რამდენიმე დღის წინ გვქონდა ისან-სამგორის მოსახლეობასთან დიდი, 2000 კაციანი შეხვედრა – მას შემდგომ დაიწყეს სამგორის რაიონში ძალოვანი უწყებების მომაგრება საარჩევნო უბნებზე, რომ რაც შეიძლება მეტი ხმა მიაცემინონ ძალოვან უწყებებს სამგორის რაიონში, ახლა გააგრძელეს თავდასხმები და ხედავთ რა მდგომარეობაშია ოფისი. როგორც ჩანს, ეს ძალადობრივი თავდასხმები და ეს მდგომარეობა გაგრძელდება, მაგრამ ამათი დასასრული ძალიან მალე იქნება – 26 ოქტომბერს ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება ის უბედურება, რაც 12 წელია „ქართული ოცნების“ მთავრობის მმართველობის ხელში ტრიალებს.
ჩვენ არანაირი მოლოდინი არ გვაქვს, რომ შსს ამ ყველაფერს გამოიძიებს, არც კი მიგვიმართავს, ველოდებით არასამთავრობო ორგანიზაციებს, დამკვირვებლებს, მედიებს, გვინდა, რომ ისინი ჩავაყენოთ საქმის კურსში. ასევე, მოვლენ ჩვენი პარტიული მეგობრებიც. რამდენი ფაქტი ყოფილა თავდასხმის, მაგრამ არცერთი საქმე არ გამოძიებულა, ამიტომ უბრალოდ, აზრი არ აქვს შსს სამინისტროსთვის მიმართვას, რადგან ეს ტიტუშკები შსს-თან და პოლიციასთან ერთად მოქმედებენ. გამოსავალი არის მხოლოდ ერთი – 26 ოქტომბერს მოვიშოროთ ხელისუფლებიდან ეს მავნებლები, რომლებსაც არ სურთ ევროპა, ევროპული მომავალი და სურთ და რუსეთში ცხოვრება, სადაც არჩევნები ფაქტობრივად არ ტარდება და ადგილი აქვს მუდმივად ასეთ ძალადობრივ ფაქტებს“, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.