ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, სამინისტროსა და კომპანია „იგლ ჰილსს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც, ინვესტორს გონიოს მიმდებარედ და კრწანისის ტყე-პარკში მასშტაბური საინვესტიციო პროექტების განვითარება აქვს განსაზღვრული

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტროსა და საერთაშორისო კომპანია „იგლ ჰილსს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც, ინვესტორს გონიოს მიმდებარედ და კრწანისის ტყე-პარკში „ზომისა და ინვესტიციის თვალსაზრისით, ყველაზე მასშტაბური საინვესტიციო პროექტების განვითარება აქვს განსაზღვრული“.
როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, დღეს ხელი მოეწერა საბოლოო დოკუმენტაციას, რომლითაც შეიქმნა ერთობლივი საწარმო, სადაც სახელმწიფო და ინვესტორი საპარტნიორო ურთიერთობებში შევიდნენ.
„როგორც მოგეხსენებათ, ბოლო წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში, მიმდინარეობდა აქტიური მოლაპარაკებები ინვესტორთან. ეს არის „იგლ ჰილსი“, საერთაშორისო კომპანია, რომელსაც განზრახული ჰქონდა და აქვს საქართველოში ორი მნიშვნელოვანი პროექტის განვითარება. ეს არის გონიოს მიმდებარედ და თბილისის მიმდებარედ, კრწანისის ტყე-პარკში ყველაზე მასშტაბური როგორც ზომით, ასევე, ინვესტიციის თვალსაზრისით საინვესტიციო პროექტების განვითარება. დღეს ხელი მოეწერა საბოლოო დოკუმენტაციას, რომლითაც შეიქმნა ერთობლივი საწარმო, სადაც სახელმწიფო და ინვესტორი საპარტნიორო ურთიერთობებში შევიდნენ. პრინციპში, დასრულდა უმნიშვნელოვანესი ფაზა – მოლაპარაკებების, სადაც გაწერილია აბსოლუტურად ყველა კომერციული პირობა, ვალდებულება, როგორც სახელმწიფოს, ისე ინვესტორის მხრიდან. შესაბამისად, პროექტი გადადის მომდევნო ფაზაზე, როდესაც ჩვენ დაახლოებით, მომდევნო წლის ზაფხულის პერიოდში უკვე ველოდებით დასრულებას იმ პროცესის, რასაც ჰქვია ყველა ნებართვების შეთანხმება, გენერალური გეგმის დამტკიცება, „გეზეშეს“ დამტკიცება და ა.შ. საკმაოდ გრძელი სიაა იმ დოკუმენეტებისა და ნებართვების, რაც საჭიროა ამ მასშტაბის პროექტებისთვის.
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ჯგუფი მსოფლიო მასშტაბით. „იგლ ჰილსი“ შედის „ემაარ ჯგუფის“ დიდ კონგლომერატში, რომელიც არის მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობის ავტორი და განმახორციელებელი. 17-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს ისეთივე მასშტაბის პროექტებს, რაზეც საქართველოშია საუბარი. კომერციული ნაწილი, რომელიც შეეხება როგორც ფასწარმოებას, ასევე. პროდუქტის დიზაინს, მის პოზიციონირებას და სეგმენტს, რომელზეც იქნება გათვლილი, ეს კომპანიის პრეროგატივაა, მათი გამოცდილება. ასეთ დეტალებზე, მაშინ როდესაც, მარკეტინგული სამუშაოები იქნება დასრულებული, კომპანია ამაზე ღია განაცხადს გააკეთებს. ეს არის ისეთი პროდუქტი, რომელიც ფართოდ იქნება შეთავაზებული საზოგადოებისთვის, როგორც საქართველოში, ასევე, გლობალურად. დაახლოებით, წლის ბოლოს დაგეგმილია, რომ წინარე გაყიდვები და აქტიური მარკეტინგული კამპანია დაიწყოს“,- განაცხადა ნადარეიშვილმა.
ნადარეიშვილის განმარტებით, საქართველოს მონაწილეობა აღნიშნულ პროექტში მიწის კონტრიბუციით განისაზღვრება.
„ჩვენი მონაწილეობა ამ პროექტში მიწის კონტრიბუციით განისაზღვრება. ინვესტორის მონაწილეობა კი, დაფინანსებით და მათ შორის, მართვით. შესაბამისად, პირობები არის ის, რომ განხორციელდეს პროექტი, რაზეც საუბარია. სახელმწიფო შეიტანს საწარმოში ამ მიწას. სახელმწიფოს ექნება წილი ამ კომპანიაში. 33%-ია სახელმწიფოს წილი იმ კომპანიაში, რომელიც დაფუძნდება“, – განაცხადა ნადარეიშვილმა.