ირაკლი მელაშვილი: BBC-ის ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში საქმე შეიძლება ჰააგამდე მივიდეს

BBC-ის სკანდალური გამოძიების ფონზე, ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი საკითხს განსაკუთრებული სიმძაფრით აფასებს და ამტკიცებს, რომ თუ ხელისუფლების მხრიდან ქიმიური იარაღის გამოყენება დადასტურდა, საქმე ჰააგის სასამართლომდე შეიძლება მივიდეს.

თუ BBC-ის ინფორმაცია დადასტურდა და ამ ხელისუფლებამ საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროს გამოყენებული ქიმიური იარაღი მართლა გამოიყენა, ამ ამბავმა ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები ჰააგის სასამართლოს სკამამდე შეიძლება მიიყვანოს — იმედია, ამ ამბის ქართული თუ არა, საერთაშორისო გამოძიება მაინც შედგება, – წერს მელაშვილი. 

მან ყურადღება გაამახვილა ქიმიური იარაღის ისტორიულ კონტექსტზეც:

ქიმიურ იარაღს პირველ მსოფლიო ომში მხოლოდ მტრების წინააღმდეგ იყენებდნენ. ჯერ არავის მოუფიქრებია ეს იარაღი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მიემართა! რა ავადმყოფი უნდა იყოს ამის გამკეთებელი ადამიანი! გაგიჟდება კაცი! იმედია, ამ ამბის ქართული თუ არა, საერთაშორისო გამოძიება მაინც შედგება, – ამბობს მელაშვილი. 

BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს. დემონსტრანტები ჰყვებოდნენ, რომ ჭავლი „კანს წვავდა“, ხოლო ხველა, გულისრევა და სუნთქვის გაძნელება კვირეობით არ გადიოდა.

ექიმის მიერ გამოკითხულ 350 ადამიანში ბევრს 30 დღეზე მეტხანს გაუგრძელდა სიმპტომები, ზოგიერთს კი გულზე ელექტრული გადახრები დაუფიქსირდა.

BBC-სთან ყოფილი პოლიციელებიც ადასტურებენ, რომ გამოყენებული ნივთიერება ჩვეულ ცრემლსადენ გაზზე 10-ჯერ ძლიერი იყო და დაბანითაც არ ქრებოდა.

გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა აღნიშნა, რომ მსგავსი ქიმიკატის გამოყენება ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევის ნიშნებს შეიცავს და შესაძლოა ქიმიურ იარაღად ჩაითვალოს.