ირაკლი მელაშვილი – ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რაიმე იდეოლოგიური კომპრომისის ადგილი ფაქტობრივად აღარ არსებობს, არჩევანია ან აქეთ – ევროპისკენ, ან იქით – რუსეთისკენ

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოს, ირაკლი მელაშვილს ესაუბრა.

– ბატონო ირაკლი, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე სულ რაღაც 100 დღეა დარჩენილი.

ვხედავთ, რომ ოპოზიციურ ფლანგზე პოლიტიკური ძალები ცდილობენ ისე დაჯგუფებას, რომ რაც შეიძლება ნაკლები პროდასავლური ხმა დაიკარგოს. თუ რა კონფიგურაციით გავა ოპოზიცია არჩევნებზე 25 ივლისამდე გაირკვევა.

სულ ცოტა ხნის წინ, როგორც მოსალოდნელი იყო ოპონენტებს დაასწრო და საარჩევნო კამპანია დაიწყო მმართველმა „ქართულმა ოცნებამ“. ჩვენ „ქართული ოცნების“ მთავარი გზავნილების თემას უცილებლად შევეხებით.

მანამდე, თქვენ როგორ შეაფასებდით საპარლამენტო არჩევნებამდე ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ გარემოს, რომელიც ქვეყანაში არჩევნებამდე 100 დღით ადრეა ჩამოყალიბებული?

– ამ ეტაპზე თითქოს პოლიტიკური შტილის პერიოდია ძალიან ბობოქარი გაზაფხულის შემდეგ, რომლის დროსაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ანტისამთავრობო მიტინგები ჩატარდა. ამ მიტინგებში ჯამში ასობით ათასი ადამიანი იღებდა მონაწილეობას.

გარეგნულად ეს საპროტესტო მოძრაობა თითქოს უშედეგოდ დამთავრდა. ხელისუფლებამ მიუხედავად საზოგადოების დიდი პროტესტისა ე.წ.აგენტების კანონი მაინც მიიღო. ამ აქციებმა წინასაარჩევნოდ რამდენი ფაქტორი გამოკვეთა.

ამ არჩევნების მთავარი თავისებურებაა ის, რომ ჩვენი სახელმწიფოს მმართველი პარტია ყველაზე პოლიტკორექტული შეფასებით ამ ეტაპზე ჩამოყალიბდა მინიმუმ ევროსკეპტიკურ, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის კი ღიად ანტიდასავლურ ძალად, რომლის პოლიტიკური გზავნილები პირდაპირ უპირისპირდება ქვეყნის მიერ გაცხადებულ ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსს.

მმართველი პარტია დასავლელ პარტნიორებს ღიად დებს ბრალს საქართველოს ომში ჩათრევის, ქვეყნის შიდა პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაციისა და რევოლუციური სცენარით ხელისუფლების შეცვლის მცდელობაში. ამავე დროს, „ქართული ოცნების“ ლიდერები აბსოლუტურად ცინიკურად კვლავ მოიხსენიებენ ამ ქვეყნებს მეგობარ და პარტნიორ სახელმწიფოებად.

ბოლო თვეებში ანტიდასავლური გზავნილების ერთ-ერთი მთავარი გამავრცელებელი გახდა მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე და უპირობო ლიდერი . „გლობალური ომის პარტია“, ფაქტობრივად ასეთია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის მიერ თანამედროვე დასავლური პოლიტიკის და მათი ლიდერების შეფასება.

როცა ჩვენი ქვეყნის ლიდერები ეუბნებიან საკუთარ ხალხს, „ნახეთ რა დღეში ჩააგდეს , როგორ გააუბედურეს“ ამაში დამნაშავედ გულისხმობენ არა იმდენად რუსეთს, რომელმაც დაიწყო ომი, როცა შეიჭრა უკრაინის ტერიტორიაზე, არამედ დასავლეთს, რომელმაც თურმე დააპირისპირა უკრაინა რუსეთთან, რითაც იძულებული გახადა „საწყალი პუტინი“, რუსული ინტერესების დასაცავად თავს დასხმოდა უკრაინას. საქართველოს ხელისუფლება ფაქტობრივად „ვეღარ ახერხებს“ რუსეთ- უკრაინის ომში ერთმანეთისგან განასხვაოს აგრესორი და მსხვერპლი.

ამიტომ ამ არჩევნების უმთავრესი ფაქტორი იქნება ის, რომ პირველად ამ ქვეყნის ისტორიაში, ღია ანტიდასავლური რიტორიკის პარტია პოლიტიკური სპექტრის მარგინალური ნაწილი კი არა, სახელისუფლებო პოლიტიკური ძალაა.

„ქართული ოცნების“ არა მხოლოდ საგარეო, არამედ საშინაო პოლიტიკაც ქვეყანაში დემოკრატიის შეზღუდვის და შესაბამისად დასავლეთის გავლენის შემცირებას ემსახურება, რადგანაც ეს ორი საკითხი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან.

უფრო მეტი დემოკრატია ნიშნავს უფრო მეტ სიახლოვეს დასავლეთთან, რადგანაც ესაა ქვეყნის ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის ერთ-ერთი უმთავრესი გასაღები, ხოლო უფრო მეტი ავტოკრატია ესაა ის, რაც გზას უკეტავს ევროინტეგრაციის პროცესს, ანუ გაშორებს დასავლეთს, რადგანაც იქ ავტორიტარული რეჟიმების ადგილი არ არის.

სამაგიეროდ, ასეთ ქვეყანას ს ხელისუფლება ხელგაშლილი მიგიღებს, იმიტომ რომ პუტინის რეჟიმი დემოკრატიაში ხედავს თავის მმართველობის მთავარ საფრთხეს. პუტინი სასიკვდილო გამოწვევად მიიჩნევს პოსტსაბჭოთა სივრცეში წარმატებული დემოკრატიული ქვეყნის არსებობის ნებისმიერ მაგალითს, რადგანაც ეს მაგალითი შეიძლება გადამდები აღმოჩნდეს რუსული საზოგადოებისთვის. ამიტომ, ე.წ. აგენტების კანონი, რომელიც ასე ჯიუტად გაიტანა ხელისუფლებამ და ქვეყანაში სამოქალაქო სექტორის განადგურებას ემსახურება, შესაბამისად ასუსტებს ქვეყნის დასავლურ ვექტორს და გვაახლოებს რუსეთთან.

იქ სადაც ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებაა არის მეტი დემოკრატია, ხელისუფლების კონტროლი, სამართლიანი არჩევნები და ამ გზით ხელისუფლების ცვლა. ამიტომ, საქართველოს ხელისუფლებას სურს, რომ როგორც რუსეთში აქაც ე.წ. „აგენტების კანონით“ გაანადგუროს მისგან არაკონტროლირებადი არასამთავრობო ორგანიზაციები.

ქართულ საზოგადოებაზეა დამოკიდებული ოქტომბერში ან უარყოფს ამ პოლიტიკას, დაუტოვებს საქართველოს ცივილიზებულ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ ქცევის პერსპექტივას, რაც მხოლოდ დასავლეთთან მჭიდრო თანამშრომლობის შემთხვევაშია შესაძლებელი, ან გაწირავს ამ ქვეყნის და საკუთარი შვილების მომავალს რუსულ-აზიური ავტოკრატიულ რეჟიმისთვის, ფსევდო – კლერიკალური სახელმწიფოსათვის დამახასიათებელი ელემენტებით.

სწორედ ასეთი მძიმე არჩევნები გველის წელს, სადაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რაიმე იდეოლოგიური კომპრომისის ადგილი ფაქტობრივად აღარ არსებობს. არჩევანია ან აქეთ, ევროპისკენ, ან იქით, რუსეთისკენ.

– წინასაარჩევნო კამპანიის დაწყება „ქართულმა ოცნებამ“ მმართველი პარტიის ახალ ოფისში გამართვით დაიწყო. ამ ღონისძიებაზე გაჟღერდა ის მთავარი გზავნილები, რომელიც მმართველმა გუნდმა საჭიროდ ჩათვალა.

ცხადია, რომ ამ ღონისძიებაზე საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე გაკეთებული განცხადებების ადრესატები არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, არამედ ჩვენი დასავლელი და ამერიკელი პარტნიორები, ასევე ჩვენი ჩრდილოელი მეზობლებიც იყვნენ.

გავიგეთ, რომ ხელისუფლების მთავარი დაპირება-გზავნილი „მშვიდობაა“. საუბრები იმაზე, რომ არა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, ქვეყანა ომში იქნებოდა ჩართული, დიდი ხანია გვესმის. ისიც, რომ „გლობალური ომის პარტია გვაიძულებდა ომში ჩართვას.“ ფაქტია, რომ ამომრჩევლების საკმაოდ დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ სწორედ ასეა.

რადგან ასეა, კითხვას ასე დავსვამდი – რამდენად საფუძვლიანია ხელისუფლების მტკიცება, რომ არა „ქართული ოცნება“, საქართველო ახლა ომში იქნებოდა ჩართული? რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ამაში ამომრჩეველთან საკმაო ნაწილია დარწმუნებული?

– როგორც ქუჩაში იტყვიან ხოლმე, ამ „მამალი ტყუილის“ გარდა ხელისუფლებას ბევრი არაფერი რეალური აქვს შესათავაზებელი ხალხისთვის. „ქართული ოცნების“ ამ პოლიტიკურ ნარატივზე კამათი საერთოდ იდიოტიზმად და მათი წესებით თამაშზე აყოლად მიმაჩნია.

მოკლედ ვიტყვი, კლინიკური იდიოტი უნდა იყოს კაცი ვინც დაიჯერებს, რომ გამაძღარი, დავარცხნილი, ეკონომიკურად განვითარებული, კეთილმოწყობილი ევროპული ქვეყნების პოლიტიკოსებს სურდათ და სურთ მათ საზღვრებთან ომი, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნებისთვის მოაქვს ეკონომიკური კრიზისი, ენერგომატარებლებზე, საწვავზე და შესაბამისად ეკონომიკის ყველა სფეროში ფასების ზრდა, დევნილების გაზრდილი რაოდენობა მათ ტერიტორიაზე, მათზე გაზრდილი დანახარჯები, სამხედრო ხარჯების ზრდა, რასაც ევროპა მრავალი წელი გაურბოდა და მათი ამომრჩევლების ცხოვრების დონის დაცემა.

კიდევ უფრო უარესი შტერი უნდა იყო ადამიანი, დღევანდელი ევროპელი პოლიტიკოსების შემხედვარე დაიჯერო, რომ მათ ერთი ომი არ ყოფნით და ახლა კავკასიაში უნდათ ახალი ფრონტის გახსნა, ახალი უზარმაზარი ხარჯების გაღება და დიდი ალბათობით ამ ომში დამარცხება, იმიტომ რომ საქართველო უკრაინა არ არის და მას არ აქვს რესურსი სამხედრო წინააღმდეგობა გაუწიოს რუსებს.

ვინც ასეთ იდიოტობას იჯერებს, ვერ ხვდება რომ ევროპას ერთი სული აქვს როდის დამთავრდება ეს ომი, იმას პოლიტიკის და საერთოდ ევროპული ცხოვრების წესის არაფერი გაეგება, ან უბრალოდ ამ გზით ცდილობს გაამართლოს საკუთარი კონფორმიზმი და ამით ახსნას „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა.

საკმაოდ ბევრია ასეთი ხალხი? ვისაც სჯერა ამ სისულელის, მგონი რომ არც ისე ბევრი, აი ვინც საკუთარი კონფორმიზმის გასამართლებლად თავს აჯერებს ამ სიბრიყვეს, ასეთი ვფიქრობ, რომ ბევრად მეტია.

– შეხვედრაზე „ქართულ ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა ბევრ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, მათ შეძლებისდაგვარად ჩვენც გავიხსენებთ.

მის ერთ-ერთ მთავარ განაცხადებად ეს შეიძლება ჩავთვალოთ – „ჩვენ გვჭირდება განსაკუთრებულად მყარი საკონსტიტუციო უმრავლესობის ტოლფასი გამარჯვება იმისთვის, რომ საბოლოოდ დავასრულოთ ომის პარტია, აგენტურა, რადიკალიზმი, პოლარიზაცია და ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში“.

„ქართული ოცნება“ 10 წელია ხელისუფლებაშია და თუ აგენტურის დასრულება უნდოდა, წესით, ეს აქამდე უნდა მოეხერხებინა. როცა ხელისუფლება მთელ ოპოზიციას „რადიკალებად“ მოიხსენიებს, თან კარგა ხანია, ისიც უნდა გვითხრას, ვინ მიაჩნია მას კონსტრუქციულ ოპოზიციად. ცალკე საუბრის თემაა „ლიბერალურ ფაშისტებზე“ მსჯელობები და ამ კონტექსტში პრეზიდენტ რეიგანის მოსაზრებების მოხმობა.

თქვენ როგორ აღიქვით „ქართული ოცნების“ ლიდერის ბატონ ბიძინა ივანიშვილის ეს განცხადება?

– სამწუხაროდ, აგენტომანიის სენი ეროვნული მოძრაობის პერიოდიდან მოსდგამს ქართულ პოლიტიკას. ამ ქვეყნის საუბედუროდ, „ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. აგენტების კანონით ამ სენის ინსტიტუციონალიზაცია, ანუ შიდასახელმწიფოებრივ პოლიტიკაში დაკანონება გადაწყვიტა.

ჩემი აზრით, საზოგადოება, პოლიტიკური სპექტრი მკაფიოდ უნდა შევთანხმდეთ ერთ პრინციპზე. ყველა ნორმალურ ქვეყანაში სახელმწიფოს უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე უცხო ქვეყნის აგენტების გამოვლენა არის სპეცსამსახურების პროფესიული მოვალეობა, მათი და მხოლოდ მათი კონსტიტუციური და კანონიერი დანიშნულება. ამისთვის ჰყავს ყველა ქვეყანას სპეცსამსახურები.

ახლა მაინტერესებს, უცხო ქვეყნის აგენტი ჩვენმა უშიშროებამ ბოლოს როდის გამოავლინა? მე რაღაც არ გამიგია ეს ამბავი. ვინ უშლის კონტრდაზვერვას, სუს-ს ამ საქმეში ხელს? სამოქალაქო სექტორი? ოპოზიცია? ეჭვი მეპარება.

ერთია სპეცსამსახურების მიერ თავიანთ პროფესიულ საქმიანობის დროს აგენტების გამოვლენა, მეორეა უკვე პოლიტიკოსების მიერ საკუთარი ოპონენტების აგენტებად შერაცხვა და ქვეყნის შიგნით პოლიტიკის მთავარ პრინციპად ამ პოსტულატის დამკვიდრება – „ვინც ჩემთან არ არის ყველა აგენტი და ქვეყნის მტერია“. ამას არაფერი საერთო არ აქვს ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებთან.

ეს არის ბინძური პოლიტიკური მეთოდები, რომლითაც უვარგისი მმართველები ცდილობენ საკუთარი ოპონენტების თუ უბრალოდ მათდამი არალოიალურად განწყობილი აქტიური მოქალაქეების დისკრედიტაციას, რათა ამ ტყუილი, ბინძური ბრალდებებით შეამცირონ ოპონენტების მხარდაჭერა, ამ გზით არ დაუშვან საკუთარი ძალაუფლების შემცირება, საზოგადოების მხრიდან ხელისუფლების გაკონტროლების მცდელობა, საბოლოო ჯამში კი ძალაუფლების დაკარგვის შიშით თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება. ეს არის გზა ავტორიტარული სახელმწიფოსაკენ.

ხოლო თუკი ხელისუფლება ცდილობს უკვე ოფიციალურად დაიკანონოს სახელმწიფოში სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი რომელიმე დანაყოფის გადაწყვეტილებით ნებისმიერი ორგანიზაციის, ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის აგენტად გამოცხადების უფლება, ეს პირდაპირი გზაა ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობის სისტემის მოსპობის და დიქტატურის დამყარებისკენ.

რუსეთი, ბელარუსი, და სხვა ქვეყნები, რომლებმაც მიიღეს ე.წ. აგენტების კანონის ის ვერსია, რომლის მსგავსიცაა საქართველოს კანონი, ამის ნათელი მაგალითებია. დემოკრატიულ ქვეყნებში ამ კანონს სრულიად სხვა დანიშნულება, შინაარსი და რეგულაციები აქვს, რომელიც ცა და დედამიწასავით განსხვავდება ქართული კანონისგან.

ამაზე არაერთხელ დამიწერია და მითქვამს, ამიტომ ამ თემაზე კიდევ ერთხელ განვრცობილ მსჯელობას ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ. ხელისუფლება განაგრძობს ტყუილებს ამ მიმართულებით, ორიოდე დღის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ გაგვაცნო „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც ის რომ ენჯო-ების დიდ ნაწილს საიტი არ გააჩნია, ხოლო ვისაც საიტი აქვს იმის ნაწილს თურმე საიტზე არ უდევს ინფორმაცია გრანტების შესახებ.

აი ეს გენიოსობა შემოგვასაღეს, არასამთავრობოების დაფინანსების გაუმჭვირვალობის და აგენტების შესახებ კანონის მიღების მთავარ არგუმენტად. სრულ უვიცებზე გათვლილი პროპაგანდაა, იმათზე ვისაც არც კი გაუგია, რომ:

ა) ქვეყანაში შემოსული ყველა გრანტი, თავისი დანიშნულებიანა რეგისტრირდება ფინანსთა სამინისტროში. ვინაიდან გრანტების მიმღები ორგანიზაცია საგადასახადო შეღავათებით სარგებლობს, თავად აქაური ორგანიზაციების ინტერესშია საგადასახადო შეღავათის მიღების მიზნით წარუდგინონ გრანტის თაობაზე ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს.

) ვერც ერთი ცენტს ვერც ერთი გრანტიდან ვერ მიიღებს ვერც ერთი ორგანიზაცია, თუ ამ თანხამ არ გაიარა ხაზინა, სადაც აუცილებლად მითითებულია მისი დანიშნულება.

) არსებობს ფინანსთა სამინისტროს წინაშე ნჯო-ების ანგარიშგების წესის თაობაზე მთავრობის მიერ დამტკიცებული ნორმატიული აქტი, უზარმაზარი ფორმა. ეს დოკუმენტი ნჯოს საქმიანობის და შემოსავალ-გასავლების შესახებ ყველა ინფორმაციას შეიცავს. მასში ორგანიზაციამ უნდა შეიტანოს ინფორმაცია თითოეული თეთრის როგორც შემოსავალზე, მისი წარმოშობის წყაროებზე, ასევე თანხების ხარჯვაზე და მის დანიშნულებაზე. ეს დოკუმენტი, თუ არ მეშლება, რამდენიმე ათეული გვერდია.

მოკლედ, არ არსებობს გრანტი, რომლის თაობაზე მთავრობას ინფორმაცია არ აქვს, ან მითუმეტეს ხელი არ მიუწვდება, მაგრამ ხელისუფლება ამ საკითხში ატყუებს ან ისეთებს, ვინც ამ სფეროში აბსოლუტური უმეცარია და უბრალოდ სსრკ-დან გადმოყოლილი ჩვევა აქვს, დაიჯეროს რასაც ეუბნება მთავრობა, ან ისეთებს ვისაც უნდა რომ თავი მოიტყუოს, რათა ჰქონდეს არგუმენტი საკუთარი კონფორმიზმის და მმართველი პარტიის მხარდაჭერის გასამართლებლად, ან ისეთებს, რომლებიც ვერ იტანენ ნჯოოებს იმიტომ რომ არ ესმით, რატომ აქვთ ამათ ფული, რატომ არიან ეს ბავშვები წარმატებულები და თავისუფლები, რატომ ახერხებენ საზღვარგარეთ სიარულის და საერთო, რატომ აქვთ „ამ თავხედ ნჯოშნიკებს“ ამდენი საშუალება, მათ კი არა.

ხელისუფლების სამიზნე ელექტორატი დიდწილად სწორედ ის ხალხია, რომლებსაც მთავრობის დახმარების იმედი აქვს, შესაბამისად მისდამი ლოიალურები და მორჩილები არიან. ასეთები ხშირ შემთხვევაში უბრალოდ ვერ იტანენ იმ ადამიანებს, რომლებმაც მათგან განსხვავებით, ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად, საკუთარი ჭკუით და ნიჭით რაღაც წარმატებას მიაღწიეს ამ ქვეყანაში და მათზე თავისუფლები არიან.

– ოპონენტებზე საუბრისას „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა „ნაცმოძრაობაზე“, როგორც ხელისუფლების მთავარ ოპონენტზე.

ვრცლად ისაუბრა მათ დანაშაულზე 2008 წლის ომის დაწყებაზე. ეს ხდება იმის ფონზე, როცა, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, არა ერთ დასავლელ ლიდერს აქვს გამოთქმული სინანული იმის გამო, რომ 2008 წელს მათ არასათანადოდ შეაფასეს პუტინის რუსეთის იმპერიული გეგმები და საქართველოზე აგრესიის შემთხვევაში კოლექტიური დასავლეთი არაადეკვატურად მოიქცა, რასაც შემდეგ მოჰყვა რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყება.

მიუხედავად იმისა, რომ ახლა „ნაცმოძრაობა“ ორადაა გაყოფილი, რჩება შთაბეჭდილება, რომ „ქართულ ოცნებას“ ამ არჩევნებზეც სჭირდება „ნაცმოძრაობისგან“ „ბუას“ შექმნა.

აღარაფერს ვამბობ მის მიერვე გაკეთებულ განცხადებაზე ყოფილ სახალხო დამცველ ლომჯარიაზე. – „საკმარისია გადავდგათ ერთი არასწორი ნაბიჯი და საახალწლოდ ტრადიციული ფეიერვერკის ნაცვლად, ლომჯარიას ფეიერვერკს მივიღებთ – აუცილებელია საბოლოოდ დავამშვიდოთ ჩვენი ქვეყანა“.

მაშინ როცა ოპოზიციურ ფლანგზე „ნაციონალების“ გარდა სხვა პოლიტიკური ძალებიც არიან, რატომ თვლის მთავარ სამიზნედ „ნაცმოძრაობას“ „ქართული ოცნება“ და ბატონი ივანიშვილი? სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს ხაზგასმით ყოფილ სახალხო დამცველზე გაკეთებული განცხადება?

– ვისაც კითხვა არ გაუჩნდება, რატომ არ ეყო „ქართულ ოცნებას“ 12 წელი ხელისუფლებაში ყოფნა „ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემის გადასაჭრელად და რა ახალი გარემოებებია ისეთი, რომელიც მმართველ პარტიას ნაციონალების საკითხის გადაჭრას ამ ოთხ წელიწადში შეაძლებინებს, ასეთი ამომრჩეველი ყველაფრის ღირსია.

სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მობრუნების საფრთხის გაბუქება ყველა არჩევნებზე იყო „ქართული ოცნების“ მთავარი საარჩევნო სტრატეგია. როგორც ჩანს, ამჯერადაც ასე იქნება. სინამდვილეში, მმართველ პარტიას ძალაუფლების შესანარჩუნებლად მუდმივად ჭირდება ამომრჩევლის თვალში მიშას და „ნაცების“ ხელისუფლებაში მობრუნების საფრთხის შენარჩუნება.

ამისთვის „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებდა ამ 12 წლის განმავლობაში და თუკი დასცალდა, მომავალშიც ისევ ყველაფერს გააკეთებს. ვისაც ჭკუა აქვს ამას ძალიან კარგად ხედავს.

– ვნახეთ, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი განცხადებები გაკეთდა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე. კვლავ აქტიურად განიხილება მსოფლიო პოლიტიკაში „გლობალური ომის პარიის“ თემა.

კერძოდ, ამ თემაზე ბიძინა ივანიშვილმა თქვა – „გლობალური ომის პარტია სარგებლობს მნიშვნელოვანი გავლენით დღევანდელ ამერიკულ და ევროპულ ბიუროკრატიაზე – როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, ინტერესები შეიცვლება და ეს აღქმაც მყისიერად გაქრება“.

მისივე პროგნოზით – „უკრაინაში ომი ყველაზე გვიან ერთ წელიწადში დასრულდება, ხოლო თუ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში „რესპუბლიკელები“ გაიმარჯვებენ, ომი იანვარშიც კი შეიძლება დასრულდეს“.

დამკვირვებელთა უმეტესობა ამბობს, რომ -ს საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის გამარჯვება პრაქტიკულად გადაწყვეტილია. ასე იყო პენსილვანიაში ტრამპზე თავდასხმამდეც. მაგრამ, ის რომ უკვე მეორედ გაპრეზიდენტებული ტრამპი უკრაინის საკითხში ისეთი დამთმობი იქნება, როგორც კრემლში ვარაუდობენ, დარწმუნებული თავად ამერიკელი „რესპუბლიკელებიც“ კი არ არიან.

ასევე მნიშვნელოვანია მისივე ნათქვამი – „გადასატანი დაგვრჩა მაქსიმუმ ერთი წელიწადი, რის შემდეგაც ფუნდამენტურად შეიცვლება როგორც გლობალური და რეგიონული ინტერესები, ისე ინტერესები კონკრეტულად საქართველოს მიმართ“.

თქვენ როგორ აღიქვით, ივანიშვილის განცხადებების ეს ნაწილი. მათ როგორ აღიქვამდნენ ჩვენი დასავლელი და ამერიკელი პარტნიორები?

თუ ომი მოსკოვის პირობებით დასრულდა, ეს საქართველოსთვის იმედისმომცემი როგორ შეიძლება იყოს?

– ამ ორიოდე დღის წინ ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისის გახსნაზე გამოსვლისას ახსენა რომ წელი-წელიწად ნახევარი დაგვრჩა იმისთვის, რომ ჩვენმა პარტიამ სამშვიდობოზე გაიყვანოს ქვეყანაო. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ „ქართულ ოცნებაში“ ელოდებიან აშშ-ში არჩევნებში ტრამპის გამარჯვებას. იმედი აქვთ, ტრამპი პუტინთან მოლაპარაკებისას წავა მასთან გარიგებაზე, უკრაინას ტერიტორიების და სუვერენიტეტის დათმობის სანაცვლოდ აიძულებს დათანხმდეს სახელმწიფოს დარჩენილი ნაწილისთვის ქაღალდზე დაწერილი „უსაფრთხოების გარანტიების“ მიღებაზე და აგრესორთან ასეთი კომპრომისების შედეგად შეაჩერებს ომს.

პუტინთან შეთანხმების შედეგად ტრამპი თავად იტყვის უარს NATO-ს შემდგომ გაფართოებაზე, ხოლო მისი მოთხოვნით ევროკავშირი დახურავს საკუთარ კარს პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის.

შესაბამისად, გამოვა რომ „ქართულმა ოცნებამ“ კი არ აიღო ხელი დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე, არამედ თავად დასავლეთმა არ მიიღო ჩვენი ქვეყანა თავის რიგებში. ამის შემდეგ „ ქართული ოცნება“ გაშლის ხელებს და ეტყვის ქართველ ხალხს, ხომ ვამბობდით რომ გვატყუებენ გადამგდები ამერიკელები და ევროპელები, სინამდვილეში არსადაც არ აპირებდნენ ჩვენს მიღებას, უბრალოდ გვიყენებდნენ რუსეთთან დასაპირისპირებლადო. ჩვენ კი ჩვენი ბრძნული პოლიტიკით ქვეყანა არ დავანგრევინეთ რუსეთს და მშვიდობა შევუნარჩუნეთ ჩვენს ხალხსო.

გამოვა რომ „ქართულმა ოცნებამ“ კი არ აიღო ხელი დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე, არამედ თავად დასავლეთმა არ მიიღო ჩვენი ქვეყანა თავის რიგებში

მოკლედ „ოცნების“ ლიდერები იმედოვნებენ, რომ ტრამპის და ევროპელი მემარჯვენეების პოლიტიკის გამო დასავლეთი გაურიგდება პუტინს, დაგვტოვებს ჩვენ რუსეთის გავლენის სფეროში. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებას აღარავინ მოსთხოვს არც სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, არც დემოკრატიას, ბიძინას მეშვეობით მოსკოვიდან მიიღებენ მათი ხელისუფლებაში ყოფნის გარანტიას და ამ გზით დარჩებიან და დარჩებიან ქვეყნის მართვაში.

როგორც ილფის და პეტროვის ნაწარმოების, „12 სკამის“ ეკრანიზაციაშია – „Это ему снится“, როგორც ჩანს ეს სცენარი მართლა ესიზმრებათ და საკუთარ თავსაც აჯერებენ.

სინამდვილეში, არ ვარ იმაში დარწმუნებული, რომ უკრაინის კონფლიქტის მოგვარების გეგმა, რომელიც შეიძლება პუტინს ტრამპმა შესთავაზოს, მინიმალურად მისაღები აღმოჩნდება რუსებისთვის. ისე, ვისაც არ ახსოვს, სწორედ ტრამპის და არა ობამას პრეზიდენტობის პირობებში მიიღო უკრაინის არმიამ უზარმაზარი დახმარება, გადამზადების პროგრამები და ჩამოყალიბდა იმ სამხედრო ძალად, რომელმაც რუსეთის სამხედრო აგრესიის პირველ ეტაპზე დანარჩენი დასავლეთის სამხედრო დახმარების გარეშე შეძლო რუსეთის არმიის ჯერ შეჩერება, მერე კი კონტრშეტევაზე გადასვლა, ოკუპანტებისგან ს ოლქის, ქალაქ ხერსონის და ხარკოვის ოლქის დიდი ნაწილის გათავისუფლება.

ეს უკრაინის ჯარის ყველაზე დიდი წარმატება იყო რუსებთან ომში და ეს ჯარი სწორედ ტრამპის პრეზიდენტობისას გაწეული დახმარებით შექმნა უკრაინამ. მაშინ ევროპა ამ საქმეში ფაქტობრივად არ მონაწილეობდა.

ასე რომ, კაცმა არ იცის რას მოიმოქმედებს ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ, თუკი პუტინი მის გეგმას არ დათანხმდება. არადა, თუ ვიმსჯელებთ იმ ინფორმაციით, რაც ტრამპის სამშვიდობო გეგმაზეა ცნობილი, პუტინის მასზე დათანხმება ნიშნავს, რომ რუსეთმა ნაწილობრივ მაინც უნდა გადახედოს კონსტიტუციაში უკრაინიდან მიერთებული ახალი ტერიტორიების შესახებ ჩანაწერს.

ერთია, რომ უკრაინისთვის მიუღებელია ტრამპის პოზიციები, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს მხარეების სამხედრო ძალების არსებულ პოზიციებზე გაჩერება და საომარი მოქმედებების შეწყვეტა. მეორეა, რომ ამ გეგმით რუსეთის დროებითი მმართველობის ქვეშ მხოლოდ ის ტერიტორიების რჩება, რასაც რუსეთი დღეს აკონტროლებს.

ეს ნიშნავს, რომ რუსეთი უნდა დაემშვიდობ

გამოდის, რომ 2022 წლის 24 თებერვალს პუტინის მიერ დაწყებული საომარი მოქმედებებით, რასაც ასობით ათასი რუსი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა, რუსეთმა ფაქტიურად ვერანაირი ღირებული ტერიტორიული მონაპოვრის მიღება ვერ შეძლო.

პუტინისთვის ასეთი გადაწყვეტილება პოლიტიკური, და შეიძლება არა მარტო პოლიტიკური, სიკვდილის ტოლფასი შეიძლება აღმოჩნდეს.

ამიტომ, დღეს ძნელი განსასაზღვრია ტრამპის პრეზიდენტობის დროს დარეგულირდება, თუ კიდევ უფრო დაიძაბება რუსულ – ამერიკული ურთიერთობები.

ასე რომ, მე „ქართული ოცნების“ ადგილზე ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში მის პოლიტიკაზე ასეთი ოპტიმისტური განწყობით არ ვიქნებოდი. პირიქით, თუკი ამ ორმა, საკუთარ თავზე შეყვარებულმა, ეგო ცენტრისტმა ადამიანმა, პუტინმა და ტრამპმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, მაშინ საქართველოს ხელისუფლებას კიდევ უფრო მკვეთრი არჩევანის გაკეთება შეიძლება მოუწიოს სცილასა და ქარიბდას, გაბრაზებულ ტრამპსა და გაბრაზებულ პუტინს შორის.

– ვხედავთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის კანონის“ მიღების შემდეგ ევროპელებისთვის საქართველოს გაუგებარი საგარეო პოლიტიკის გამო საქართველოსთვის ევროკავშირის კარის პრაქტიკულად მიხურულია, აშშ-თან ურთიერთობები საკმაოზე მეტად გართულებული.

ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე მსჯელობისას ივანიშვილმა განაცხადა – „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ – ეს არის ერთადერთი უალტერნატივო არჩევანი, რომელსაც ქართველი ამომრჩეველს „ქართული ოცნება“ სთავაზობს“.

ამავე შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ მოძრაობა „ხალხის ძალა“ 2024 წლის არჩევნებში „ქართული ოცნების“ სიით მიიღებს მონაწილეობას. არადა, „ხალხის ძალამ“, თუ რამით დაგვამახსოვრა თავი, თავისი ანტიამერიკული და ანტიევროპული განცხადებებით.

სავარაუდოდ, რას შეიძლება ეფუძნებოდეს ივანიშვილისა და ხელისუფლების განცხადებები, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყანას ევროკავშირში შეიყვანს?

– ჩემი აზრით ასეთი ტიპის განცხადებები უბრალოდ ხარკია ქართველების და უცხოელი პარტნიორების წინაშე, თითქოს „ოცნება“ უარს კი არ ამბობს ევროინტეგრაციაზე, არამედ პირიქით ესწრაფვის მას.

ჩემი აზრით, ასეთი ფრაზებით მმართველი პარტია ცდილობს შეარბილოს ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ, საკუთარი პოლიტიკაზე ქვეყნის ამომრჩევლის და უცხოელი პარტნიორების ნეგატიური რეაქცია.

ამასობაში, ხელისუფლებას უნდა დრო მოიგოს, აშშ-ში ტრამპი მოვიდეს სათავეში, რომელიც პუტინთან გარიგების შედეგად აღარ მოინდომებს საქართველოს ინტეგრაციას ნატოსა და ევროკავშირში, ეს კი პასუხისმგებლობას მოუხსნის „ქართულ ოცნებას“, ევროინტეგრაციის კურსის ჩაგდებაზე.

მგონი „ქართულ ოცნებაში“ ამაზე ოცნებობენ. ასეთი განცხადებებით კი ამომრჩევლის თუ ევროპელი პარტნიორების დეზორიენტაციას ცდილობენ. არ მგონია, რომ მმართველი პარტიისთვის ეს პერსპექტიული ტაქტიკა იყოს.

– გვახსოვს, რომ აშშ-ს პრეზიდენტობისას ტრამპი ჩინეთის მიმართ საკმაოდ მკაცრ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებდა.

გვახსოვს, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის პომპეუს თბილისში ნათქვამიც – ანაკლიის პროექტში არც რუსები და არც ჩინეთი არ უნდა მონაწილეობდესო.

არადა, ანაკლიის თემაზე ივანიშვილმა განაცხადა – „იმისათვის, რომ საქართველომ განავითაროს საკუთარი დამაკავშირებელი სავაჭრო-ეკონომიკური ფუნქცია, აუცილებელია თანამშრომლობა ორივე მხარესთან – დასავლეთთან და აღმოსავლეთთან – დარწმუნებული ვარ, საქართველოს ხელისუფლების ამ ძალისხმევას დასავლეთშიც დააფასებენ“.

რამდენად ოპტიმისტურად გამოიყურება საგარეო პოლიტიკის ამ ასპექტთან დაკავშირებით ივანიშვილის ეს წინასწარმეტყველება?

– კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სინამდვილეში „ქართული ოცნების“ ადგილზე მე არ ვიქნებოდი ასე ოპტიმისტურად განწყობილი, რომ ტრამპის მმართველობა „ოცნებისთვის“ მომგებიანი იქნება. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, ტრამპი ჩინეთს განიხილავს მთავარ გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგედ და ყველაფერს გააკეთებს ამ უკანასკნელის გავლენების გავრცელების საწინააღმდეგოდ.

საქართველოს მთავრობის ფანცქვალი ჩინეთთან, მასთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმება, ანაკლიაში ჩინელების შესაძლო შემოყვანა და შავ ზღვაში ჩინეთის საკუთრებაში არსებული პორტის აშენება შეიძლება აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპის, მისი ეგოცენტრული ბუნებისთვის, საქართველო მხრიდან წითელი ხაზების გადაკვეთის ტოლფასი აღმოჩნდეს.

– არჩევნების მოახლოების კვალობაზე აქტიური გადაჯგუფებები ხდება ოპოზიციურ ფლანგზე. „ნაციონალებს“ გამოყოფილ გვარამია-მელიას, „დროა“ და „გირჩი-მეტი თავისუფლება“ შეუერთდნენ.

„ლელოსთან“ გაერთიანდა დოლიძის „ხალხისთვის“ და „თავისუფალი მოედანი“. 25 ივლისამდე, ანუ იმ ვადამდე, როცა უნდა გაირკვეს თუ როგორი კონფიგურაციით მიიღებს მონაწილეობას ოპოზიცია, ახლოვდება. დარჩენილ დროში რა ცვლილებები მოხდება, არ ვიცი. მაგრამ, რაც ვიცით, იმაზე მსჯელობა შეიძლება.

თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც ოპოზიციურ ფლანგზე ხდება და იმ გადაჯგუფებებს, რაც უკვე მოხდა?

– ჯერ ჯერობით ოპოზიცია ვერ ახერხებს იმ ძალიან დიდი საპროტესტო მუხტის მატერიალიზაციას, რაც არსებობს საზოგადოებაში. ძალიან დიდი დრო მოანდომეს სხვადასხვა გადაჯგუფებებს, საარჩევნო ბლოკების ფორმირებას, რაც ჯერ კიდევ არ არის დასრულებული.

ბოლო დღეებში საარჩევნო სუბიექტები დალაგდა “ნაციონალური მოძრაობის” ფლანგზე. ორი, ამ ეტაპზე, მეტ-ნაკლებად თანაბარ წონადი გაერთიანება შეიქმნა, ერთი რებრენდირებული “ნაციონალური მოძრაობა”, შემატებული ე.წ. ცნობადი სახეებით და მეორე კოალიცია, ჯაფარიძის “გირჩი”, გვარამია-მელიას “ახალი” და ხოშტარიას “დროა”.როგორც ჩანს, ამ პროცესზე კეზერაშვილის გავლენა საკმაოდ დიდია, რაზეც თუნდაც გაერთიანების მიღმა ბოკერიას პარტიის დატოვებაც მიუთითებს.

ყველანაირად იკვეთება, რომ კეზერაშვილი დღეს “ნაციონალური მოძრაობის” ფლანგზე მიმდინარე პროცესების ერთ-ერთი უმთავრესი კულისებს მიღმა რეჟისორია, პატრონი, ვისაც ფინანსური რესურსებიდან გამომდინარე ხელეწიფება ამ პარტიებში “დაალაგოს” სიტუაცია.

ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში უბრალო ამომრჩეველი ამ პროცესს აღიქვამს ტაქტიკური მიზნით თუ ლიდერების პირადი შეუთავსებლობის გამო “ნაციონალურ მოძრაობის” ორად გაყოფად, მითუმეტეს, რომ გვარამია-მელია-ჯაფარიძე ხოშტარიას გაერთიანებაში, კეზერაშვილის მიერ მათ კურატორობას რომ თავი გავანებოთ, “ნაციონალური მოძრაობის” ორი ყოფილი თავმჯდომარე უკვე არის.

ამიტომ, ჩემთვის რთულად დასაჯერებელია, რომ ამ ძალებმა შეძლონ ელექტორალური ბაზის მნიშვნელოვნად გაზრდა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ადრინდელ ელექტორატთან შედარებით.

ჩემი აზრით, ამ კუთხით, მათი ერთადერთი იმედი “გირჩი” ჯაფარიძის მომხრე ის ახალგაზრდებია, რომლებსაც თავიანთი ცხოვრების ცნობიერი ნაწილი არ გაუტარებიათ ნაცების მმართველობის დროს და შესაბამისად, ვერ აღიქვამენ საფრთხედ სააკაშვილის პარტიის ამ თუ იმ ფორმით ხელისუფლებაში მობრუნებას.

ზემოთქმულიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე, ხელისუფლების ცვლილება ამ ორ პოლიტიკურ სუბიექტზე არ არის დამოკიდებული, თუმცა, ამ პროცესში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი როლის თამაში შეუძლიათ, ვინაიდან კარგი კამპანიის შემთხვევაში ორივეს ერთად ამომრჩევლის 30%-ის მიღება შეუძლიათ.

“ქართული ოცნების” დასამარცხებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, თუ რა საარჩევნო კონფიგურაციას ჩამოაყალიბებენ ის პარტიები, რომლებიც იმ ამომრჩეველზე აკეთებენ აქცენტს, ვისაც ღიად გამოკვეთილი ანტიდასავლური პოლიტიკის გამო არც “ქართული ოცნების” ხელისუფლების სათავეში დარჩენა სურს და არც ხელისუფლებაში სააკაშვილის და მისი მხარდამჭერები მობრუნების პერსპექტივა ხიბლავს.

არჩევნების შედეგების გასაღები ახლა იმ ლიდერების ხელშია, რომელთაც შეუძლიათ შექმნან ისეთი პოლიტიკური კონფიგურაცია, რომელიც 26 ოქტომბერს უზრუნველყოფს “არანაცქოცური” ამომრჩევლის მაქსიმალურ მისვლას საარჩევნო ურნებთან.

ჩემი აზრით, რამდენად შეძლებენ ოპოზიციური ლიდერები ამ ამოცანის გადაჭრას, ამაზეა დამოკიდებული „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა – არდარჩენის საკითხი.

ყველა გამოკითხვით გახარიას პარტიას აქვს რეალური შესაძლებლობა დამოუკიდებლად შევიდეს პარლამენტში, მაგრამ გაუჭირდება დააგროვოს უფრო მეტი ხმა, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ ორივე ფლანგმა. “ლელოს” და გახარიას პარტიის გაერთიანების პირობებში, თუკი მათ დაემატებოდა  და აქეთ აღმოჩნდება ს მხარდაჭერაც, ვფიქრობ, რომ “ოცნების” მმართველობისას პირველად გაჩნდებოდა რეალური შანსი არა ნაცური ოპოზიცია არჩევნებზე მეორე ადგილზე გასულიყო.

ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა იმისკენ, რომ დაგვასრულებინა მახინჯი პოლიტიკური დიხატომიის ეპოქა, “მიშა გინდა თუ ბიძინა”, მეორეც იქნებ ამ გზით გავთავისუფლებულიყავით დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს შექმნის დღიდან მოყოლილი სენისგან, რომლის მიხედვითაც ქართული პოლიტიკური ველი ყოველთვის იყო ამა თუ იმ ტიპის ავტორიტარული ლიდერების ან ბელადების დაპირისპირების ასპარეზი.

წლების განმავლობაში ქართული პოლიტიკის ამ პარადიგმამ მნიშვნელოვნად აზარალა ჩვენი სახელმწიფო და საზოგადოება. ვფიქრობ, ახლა გვქონდა შანსი, თავი დაგვეღწია ამ მანკიერ წრისთვის, ან მინიმუმ, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაგვედგა ამ მიმართულებით, მაგრამ სამწუხაროდ ეს სცენარი არარეალისტური ჩანს.

გახარიასაც და „ლელოს“ ლიდერებსაც ძალიან სურთ ცალ- ცალკე, თავად წარმოჩინდნენ არა ნაც-ქოცური ოპოზიციის ერთადერთ ცენტრად, თუმცა ვფიქრობ, მიუხედავად ანა დოლიძესთან და ახალ საზოგადოებრივ მოძრაობასთან გაერთიანებისა, იმის რისკი რომ „ლელომ“ ვერ გადალახოს 5%-იანი ბარიერი, საკმაოდ რეალისტური რჩება, რაც მხოლოდ ხელისუფლების წისქვილზე დაასხამს წყალს.

შეიძლება მეშლება, მაგრამ ჯერ ჯერობით რასაც ვუყურებ, გახარიას გარდა რეგიონებში მუშაობით არც ერთი ოპოზიციური პარტია არ იკლავს თავს. ხელისუფლების ადმინისტრაციული რესურსი კი აქტიურად მუშაობს, განსაკუთრებით საპენსიო ასაკის, ნაკლებად გათვითცნობიერებულ, პრორუსულად და ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილ ამომრჩეველზე.

ადმინისტრაციული რესურსის გავლენა დიდია, განსაკუთრებით სოფლებში, ზოგს წყალს უკეთებენ, ზოგს გზას, ზოგს დახმარებას აძლევენ, ზოგს სამედიცინო პრობლემას უწყვეტენ და ა.შ.

ამავე დროს კი სოფლებში ცოცხალი ოპოზიციონერი არავის თვალით არ უნახავს. ოპო პარტიების ადგილობრივი ორგანიზაციები ან არ არსებობს, ან ძალიან პასიურები არიან და არავითარი ავტორიტეტი არ აქვთ. კაბინეტებიდან, ტრიბუნებიდან, ტელევიზორებიდან ლაპარაკით ეჭვი მაქვს, რომ ოპოზიცია სოფლის მოსახლეობის ნდობას ვერ მოიპოვებს, მითუმეტეს, რომ ხელისუფლებისგან განსხვავებით ამ ხალხის პრობლემებზე ოპოზიცია არაფერს ლაპარაკობს. მოკლედ, პარტიებს მეტი აქტიურობა ჭირდება.

 

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი