ღია წერილებით სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები არ არსებობს. ეს არის შიდა პოლიტიკური ფორმა ურთიერთობის, რომელიც არსებობს ოპონენტებს შორის. ხელისუფლებისადმი ღია წერილები იწერება იმიტომ, რომ რაღაცაზე დაანამუსო, მაგრამ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებში ასეთი ფორმა მე არ მახსოვს. თუ რაღაცის გარკვევა გინდა, ყოველთვის არსებობს დიპლომატიური არხები. ღია წერილი არის იმის შედეგი, რომ, როგორც ჩანს, დიპლომატიური არხებით მათ აღარავინ აღარ ელაპარაკება, – ამის შესახებ პოლიტიკის ანალიტიკოსმა ირაკლი მელაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “რეზიუმეში” მიხეილ ყაველაშვილის მიერ ტრამპისთვის გამოქვეყნებული ღია წერილის თაობაზე განაცხადა.
მელაშვილის თქმით, ეს არის პირველი წლები საქართველოს ისტორიაში, როდესაც არა თუ მეგობარი, არამედ პარტნიორი ქვეყანაც აღარ ჰყავს.
“პრობლემა ზუსტად იმაშია, რომ ტრამპს აქვს ყველასთან ურთიერთობა, მაგრამ მარტო ტრამპს არა, ჩინეთსაც – ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა (ხომ გვიცხადებენ სტრატეგიულ პარტნიორად) ასევე ჩვენი ყველა მეზობელი – ირანი, თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი მიიწვია… ერთადერთი ქვეყანა, ვინც რეგიონიდან მიწვეული არ არის, არის საქართველო.
ტრამპს მისწერეს, ჩვენ საერთო ღირებულებები გვაქვსო… ეს არის პარტია, რომელიც სამი წლის წინ შერბოდა სოცინტერნში, იმ სოცინტერნში, რომელსაც ტრამპი შეშლილ კომუნისტებს უწოდებს. ტრამპს ეუბნებიან, ჩვენ საერთო ღირებულებები გვაქვსო და ახლა ეს ამერიკელებმა უნდა დაიჯერონ. მესმის, რომ შიგნით უტიფრობა გასდით იმიტომ, რომ ჩვენი საზოგადოების რაღაც ნაწილი იმდენად არის საბჭოური ნოსტალგიით შეპყრობილი, რომ ყველაფერს ყლაპავს, მაგრამ ის, რომ შენ ფიქრობ, ამერიკელები დაიჯერებენ, რომ რამე საერთო ღირებულებები გაგაჩნიათ, როდესაც ორი წლის წინ სოციალისტობას იჩემებდი, დღეს რადიკალი მემარჯვენე ხარ, ამბობ, რომ ოჯახური ღირებულებების დამცველი ხარ და უმცირესობის მოწინააღმდეგე, როდესაც აქტი აქვთ მიღებული უმცირესობების დაცვის შესახებ… ერთადერთო, რასაც მთელს მსოფლიოს უმტკიცებენ ესენი, არის, რომ სინამდვილეში მათი იდეოლოგია არის მედროვეობა და ქამელეონობა. ამის გამო ისინი ვერც პრო ჩინელები არიან, ვერც პრო რუსები არიან, ვერც პრო ამერიკელები არიან და ვერც პრო ევროპელები არიან, ბოლოს ყველა გააბრაზეს.
ეს არის პირველი წლები საქართველოს ისტორიაში, როდესაც ჩვენ არა თუ მეგობარი ქვეყანა აღარ გვყავს, ჩვენ პარტნიორები აღარ გვყავს საერთოდ. ამ მთავრობამ მოახერხა ის, რომ პარტნიორი სახელმწიფო აღარ გვყავს”, – განაცხადა მელაშვილმა.
