პრობლემა ის არის, რომ საქართველოს ხელისუფლება კომფორტულად გრძნობს იმ პუბლიკაში თავს, რაც თურქმენეთში ფორუმზე იყო და არაკომფორტულად გრძნობს თავს დემოკრატ ლიდერებთან, ეს არის დიაგნოზი. თუ მიგაჩნია, რომ ევროპაში ადამიანის უფლებები ირღვევა და მიდიხარ თურქმენეთში, ეს ფსიქიკის პრობლემაა, რადგან ეს ლოგიკაში არ ჯდება,- ამის შესახებ პოლიტიკის ანალიტიკოსმა, ირაკლი მელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
მისი თქმით, თურქმენეთში ვიზიტი შესაძლოა განხორციელებულიყო სხვა, „რაღაც ეკონომიკური ინტერესით“, მაგრამ ამ შემთხვევაში „ყველაფერი უნდა განვიხილოთ კონტექსტში“.
„რაიმე ფორუმებში მონაწილეობა – არ მონაწილეობა ტრაგედია არ არის, ტრაგედია სხვა რამ არის: ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის აბსოლუტურად მიუღებელია დემოკრატიული ქვეყნების ლიდერებთან ურთიერთობა, საერთოდ აღარ შედიან მათთან ურთიერთობაში და ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს თურქმენეთში, რომელიც აზიური სახელმწიფოების ტოტალიტარულ რეჟიმებშიც კი გამოირჩევა საოცრებებით. ადამიანს, რომელიც დღეს მართავს თურქმენეთს, საოცარი შეზღუდვები აქვს დაწესებული საკუთარ ქვეყანაში. შეიძლება რაღაც ეკონომიკური ინტერესით წასულიყავი თურქმენეთში, მაგრამ ყველაფერი უნდა განვიხილოთ კონტექსტში – ზურგი გაქვს შექცეული ევროპისთვის, დასავლეთისთვის, დემოკრატიული სამყაროსთვის და საუბრობ სიგიჟეებს…“,- განაცხადა მელაშვილმა.
ამასთან, კითხვაზე, უნდა დაეტოვებინა თუ არა კობახიძეს დარბაზი სამიტზე ვლადიმერ პუტინის სიტყვით გამოსვლის დროს, მელაშვილი ამბობს, რომ „თუ მიდიხარ, ეს არ უნდა გააკეთო“.
„როდესაც ასეთი სამიტია და მონაწილეობას იღებ, სურათის გადაღება ყველაზე ნაკლები ცოდვაა. არსებობს ეტიკეტი, რომელიც არავინ უნდა დაარღვიოს, არც საქართველოს პრემიერმა. მთავარი არის ის, რომ საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა მონაწილეობა, თუ ეს გადაწყვიტა, რა თქმა უნდა, სურათსაც გადაიღებდა“,- განაცხადა ირაკლი მელაშვილმა.




