“ასეთი სტრუქტურები ყველა ხელისუფლების დროს ძალოვანების მონაწილეობით ჩნდებოდა და როგორც კი მათ მხარდაჭერას დაკარგავდა, მაშინვე ქრებოდა. თუნდაც “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი” და ასეთი ბევრი იყო ისტორიაში. ახლა ჯერ ერთი შეიქმნა, მეორე დღეს – მეორე… ეს ძალოვანების პოლიტიკური თამაშია მოსახლეობის დასაშინებლად, რომ შეიქმნას განცდა, ხელისუფლებას თუ არ მოეწონები, ფიზიკურად გაგისწორდებიან. საქართველოში ხელისუფლებები კუნთების თამაშს და ასეთი პერსონაჟების წინა პლანზე გამოყვანას მაშინ იწყებენ, როცა საზოგადოების მხარდაჭერაში დარწმუნებული არ არიან. ეს უზნეო და მცდარი გზაა, რომელიც ხელისუფლებებისთვის საწინააღმდეგო შედეგით მთავრდებოდა. ამჯერადაც ასე იქნება… ბიძინა ივანიშვილის გარეშე ხშირად ხდება ხოლმე რაღაცები, ის ყველაფერს ყოველწუთიერად ვერ აკონტროლებს. ასე რომ, შესაძლებელია ესეც მის გარეშე მომხდარიყო, ოღონდ პასუხისმგებლობა მაინც მასზეა. ის არის პასუხისმგებელი იმ ხალხზე, ვინც მოიყვანა ხელისუფლებაში და ვინც გადაწყვეტილებებს იღებს…” – აცხადებს ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით “ეს უზნეო გზა ხელისუფლებისთვის ცუდად მთავრდება ხოლმე”.
“შსს მოწოდების სიმაღლეზე რომ იყოს, ამ ხალხის ძალადობის ნებისმიერი ცდა ციხით დამთავრდებოდა, მაგრამ ძალოვნები ამას არ აკეთებენ, პირიქით, წამახალისებლები არიან. სამი მუტრუკი ერთ კაცს 10 წუთი ურტყამდა და მხოლოდ ერთი კაცია ძიებაში, ისიც გირაოთი გამოუშვეს. აი, ასეთ “სამართალს” ამყარებენ და სწორედ ამის გამო უკრავს ტაშს ხელისუფლებას საზოგადოების უზნეო ნაწილი… თუ პირველი ჯგუფი პირდაპირ დახვრეტას ითხოვს, მეორე ჯგუფი კანონის ინიციატივას შეიტანს, რომ ჩამოგვახრჩონ. აი, ეს არის განსხვავება – ერთნი ფიზიკურ ძალაზე არიან ორიენტირებული, მეორენი კი კანონების შექმნაზე, რითაც ზუსტად იმავეს მიაღწევენ, ოღონდ კანონის საფუძველზე. რამდენი კაცია დაჯარიმებული სოცქსელებში უცენზურო ლექსიკის გამო, ოღონდ ამ დაჯარიმებულებს შორის ვერ ვხედავთ, მაგალითად, დიტო სამხარაძეს, რომელიც მთელ ოპოზიციას დედას აგინებს. “ქართული ოცნების” მიდგომა ასეთია – კანონი არის ოპონენტებისთვის, დანარჩენებისთვის კი “გაგება”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მელაშვილი.
“დაშინების პოლიტიკა ასეთია – რაკი ფიზიკური ძალის არ შეგეშინდათ, ახლა სხვა გზით წავალთ და ციხეში ჩაგსვამთო. ამათ ჰგონიათ, ასეთი ნაბიჯებით ხალხის განწყობა შეიცვლება. პირიქით, რაც უფრო მეტს გააკეთებენ, მით უარესი იქნება მათი მომავალიც. ყველა ხელისუფლებაში ასე ეგონათ. გახსოვთ ადეიშვილისა და ვანო მერაბიშვილის ჩანაწერები? როგორი ტონალობით ლაპარაკობდნენ ოპონენტებზე, როგორ ზევიდან უყურებდნენ ყველაფერს? მერე როგორ დამთავრდა ეს ამბავი? მათაც ეგონათ, ეს მათ არ შეეხებოდათ და ისტორია თვალს დახუჭავდა. ვერც შარმანაშვილები გადაურჩებიან პასუხისმგებლობას, როგორც შევარდნაძის ხალხი ვერ გადაურჩა და როგორც “ნაცმოძრაობის” ის საქმოსნები ვერ გადაურჩნენ, რომლებიც ამ ბოროტებებს სჩადიოდნენ”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“რაც შეეხება მდინარაძის ახალ თანამდებობას სინამდვილეში იმას, რისთვისაც ეს სახელმწიფო მინისტრის აპარატი შეიქმნა, რეგიონულ განვითარებასთან საერთო არაფერი აქვს. ამის საუკეთესო დამადასტურებელი ფაქტია ის, რომ მთავარი ინსტრუმენტები – რეგიონული განვითარებისა და მუნიციპალური განვითარების ფონდები, სოფლის მხარდაჭერის პროგრამები, ანუ რითაც მთავრობა რეგიონებში ოპერირებს, ისევ ინფრასტრუქტურის სამინისტროში დარჩა. აბა, როგორ შეიძლება შექმნა უწყება, რომელმაც საკითხს უნდა მოუაროს და ამ დროს გადაწყვეტისთვის საჭირო ყველა მექანიზმი სხვა სამინისტროში გქონდეს? ეს დაახლოებით ისეა, საგარეო საქმეთა სამინისტრო გქონდეს და საელჩოები სხვა უწყებას დაუქვემდებარო. სინამდვილეში მამუკა მდინარაძის უწყება სულ სხვა რამისთვის შეიქმნა”, – ამტკიცებს ანალიტიკოსი.
“ჯერ ერთი, არჩევნები ახლოვდება. წინა არჩევნებმაც აჩვენა, რომ მაჟორიტარების გაუქმების შემდეგ რეგიონებში პოლიტიკური ფიგურების დეფიციტი შეიქმნა და ხელისუფლებას პროცესების წარმართვა გაუჭირდა. ამიტომ შემოიღეს დელეგატების ინსტიტუტი, თუმცა მაინც მძიმე საარჩევნო კამპანიას ელიან. გარდა ამისა, ოპოზიცია აქტიურად გავიდა რეგიონებში – ბევრი პარტია უამრავ შეხვედრას მართავს. ამან ხელისუფლებაში შიში გააჩინა, რადგან რეგიონები მათი “ხმების ბეღელი” იყო. ამიტომ შეიქმნა ეს სტრუქტურა, რომლის ამოცანაც იქნება ძალაუფლების აბსოლუტური ცენტრალიზაცია, ადგილობრივი ხელისუფლებების სრული დაქვემდებარება და მათი ინტეგრირება “ოცნების” საარჩევნო მანქანაში, აგრეთვე ადგილებზე სიტუაციის პოლიტიკური ოპონენტებისგან მაქსიმალურად “მოსუფთავება”. აი, ეს არის მდინარაძის ძირითადი ამოცანები – პირდაპირ რეგიონების მთავარ “პოლიციელად” დანიშნეს. გენერალ-მაიორია კაცი, ძალოვანებში ნამუშევარი და მის გამოცდილებასა და “პოზიტიურ საქმიანობას” კარგი გამოყენება მოუძებნეს”, – დასძენს ირაკლის მელაშვილი და შეკითხვაზე – “არჩევნები ახსენეთ და, ეს თემა ბოლო პერიოდში ვიქტორ ყიფიანმა გაააქტიურა…” პასუხობს:
“ოპოზიციას პოლიტიკური პროცესის გაცოცხლება და საარჩევნო საკითხებზე ერთიანი, სამართლებრივად გამართული პოზიციის ჩამოყალიბება სჭირდება. მათ უნდა შექმნან რეალური დოკუმენტი, თუ რა ცვლილებებია საჭირო მეტ-ნაკლებად სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. თუ ხელისუფლება ამაზე უარს იტყვის, მასზე საგარეო ზეწოლა უნდა გაძლიერდეს და პოლიტიკური ფასი გადაახდევინონ. რაც შეეხება “ნაცმოძრაობას”, ის ამ პროცესში ვერ იქნება, რადგან სააკაშვილი არ მიიღებს მონაწილეობას იქ, სადაც მის პირველობას არ აღიარებენ. ამიტომ დანარჩენი ოპოზიცია უნდა შეეშვას მასთან ერთიანობის ფიქციას, გაემიჯნოს უსაგნო კამათს და დამოუკიდებლად დაამტკიცოს საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვების უნარი. რაც უფრო მეტი პარტია შეუერთდება ამ ინიციატივას და დროულად შექმნის დოკუმენტს, მით უკეთესი, საბოლოო შეფასება კი ამომრჩეველმა უნდა გააკეთოს”.




