„დღეს ქუჩაში დგომა არის წინააღმდეგობა და ბრძოლა. ეს არის სულიერი, ემოციური, ადამიანური, პიროვნული ბრძოლა ბოროტებასთან, რადგან ამათი უსამართლობა, ამათი ძალმომრეობა, ამათი მხეცობა, ამათი სიცრუე, ტყუილი და მართლა ბოროტება უნდა დასრულდეს“ – ამბობს ირაკლი ლომოური, მწერალი და მთარგმნელი.
ირაკლი ლომოურს „ბათუმელები“ ესაუბრა იმ პროტესტის მნიშვნელობაზე, რომელიც დღეს საქართველოს ქუჩებში მიდის.
- ბატონო ირაკლი, მინდა ასე გკითხოთ, რის წინააღმდეგ დგახართ რუსთაველზე, რა არის თქვენთვის მიუღებელი?
მე ცოტა სხვა კუთხიდან შევხედავდი ამ პრობლემას და ამ ჩვენს უბედურებას. რის წინააღმდეგ კი არ ვდგავარ, არამედ რისთვის, რისი გულისთვის.
ჩვენ ვდგავართ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი ეროვნება, ჩვენი ქართველობა, ჩვენი ქვეყანა და წავიდეთ დასავლეთისკენ და არა რუსეთში.
ჩემთვის არის ცხადი, რომ მრავალსაუკუნოვანი ჩვენი ორიენტაცია არის ცალსახა. სულხან-საბა ორბელიანიდან მოყოლებული ამას ვაცხადებთ ნათლად, მკაფიოდ, ხმამაღლა და ის, რომ ვიღაცამ მოინდომა ამ ვექტორის შეცვლა, ეს არის კატასტროფაც და ეს არის კოშმარიც.
წარმოუდგენელია, ვერასოდეს დავიჯერებდი, რომ ასეთი რამე შეიძლება მომხდარიყო.
როდესაც სათავეში მოვიდა ივანიშვილი, მაშინ ერთმა ძველმა მეგობარმა მითხრა, რომ ეს არის კატასტროფა, იმიტომ, რომ ეს ჩვენ რუსეთში შეგვათრევსო. რას ლაპარაკობ, ეს ხომ შეუძლებელია, ვერავინ ვეღარსად ვეღარ შეგვათრევს, გამორიცხულია-მეთქი.
მაშინ ვერ წარმოვიდგენდი იმას, რა მდგომარეობაშიც ახლა ვართ. თუმცა საკმაოდ მალე მივხვდი, რომ რაღაც ცუდად იყო საქმე.
მაშინ მხარს ვუჭერდი ცვლილებას და მეგონა, ეს არის ქვეყნის გადარჩენა, იმ ავტორიტარული თუ რეპრესიული რეჟიმისგან-მეთქი. მაშინ, იუსტიციის სახლთან რომ შიმშილობდნენ სტუდენტები, მეც მივედი მათთან, მივუჯექი გვერდით და სამი თუ ოთხი დღე ვიშიმშილე.
მთელი ცხოვრება ასე თუ ისე, მეტ-ნაკლებად ვცდილობდი გამომეხატა ჩემი პოზიცია. არ მიმაჩნია, რომ რაღაც განსაკუთრებული გამიკეთებია, მაგრამ ვცდილობდი.
1978 წლის 14 აპრილს, უშუალო მონაწილეობას ვიღებდი ენის დასაცავ გამოსვლებში და მაშინაც იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ არა, არ შეიძლება გამოსვლა, რადგან დაიღუპება თაობა, გვესვრიან… მაგრამ უკან ვერ დაგვახევინეს.
- დღეს როგორია თქვენი განწყობა გაერთიანებაზე? ბევრს აქვს განცდა, რომ ეს ერთობა შესაძლოა შედგეს მაგალითად, 4 ოქტომბერს.
რა თქმა უნდა, იღუპება ქვეყანა და გადასარჩენია. ამიტომ გამოვდივართ ქუჩაში და ვცდილობთ, რომ ჩვენი ახლობლები, მეზობლები თუ ნაცნობები, ჩვენთან ერთად წავიყვანოთ რუსთაველზე.
თუ დღეს ქუჩაში არ გავა ხალხი, ეს ქვეყანა განწირულია.
ჩვენ უკვე ლამისაა მივფრინავთ უფსკრულში და რეალურად, ერთადერთი გამოსავალია, რომ ხალხი დაირაზმოს და ქუჩაში გავიდეს.
მე, პირადად, 4 ოქტომბრის გამარჯვებაზე სრულ იმედებს არ ვამყარებ, თუმცა ყველაფერი შეიძლება მოხდეს. იქნებ მართლა გამოვიდეს მთელი ქვეყანა და მაშინ ნამდვილად შეიცვლება ყველაფერი.
- პროტესტის მონაწილეებს აკავებენ, სდევნიან ყველას, ვინც რეჟიმისთვის მიუღებელია. რას იტყვით ადამიანების იმ ნაწილზე, ვინც ისევ სახლში ან რაღაც კომფორტში ყოფნას ამჯობინებს ბრძოლას?
კონფორმისტები ყოველთვის უმრავლესობაში იყვნენ, ალბათ. დარწმუნებული ვარ, შუა საუკუნეებშიც კი, როდესაც ქვეყნის გადარჩენა იმაზე იყო დამოკიდებული, ადამიანები ხელში ხმალს აიღებდნენ თუ იჯდებოდნენ ბუხართან თავის ქოხში, რაღაც ნაწილი, სამწუხაროდ, საკუთარი ტყავის გადარჩენას ირჩევდა. თუმცა, ცხადია, ყოველთვის იყვნენ ისინი, ვინც იბრძოდნენ. და ამან გადაგვარჩინა.
კონფორმისტებს საკუთარი ტყავი, საკუთარი ჯიბე, საკუთარი ქონება, საკუთარი ეგო აინტერესებთ. უკეთეს შემთხვევაში, საკუთარი ოჯახი… ეს ადამიანები გვერდიდან უყურებენ სიტუაციას.
ნაწილი, პირწავარდნილი ქოცი და რეპრესიული რეჟიმის მხარდამჭერია. იმიტომ, რომ მათ არც ზნეობრივი და არც მორალური მუხრუჭი არ გააჩნიათ. ფასეულობები არ გააჩნიათ. მათ შეუძლიათ გაყიდონ ყველა და ყველაფერი.
ჩვენ წარსულში გვქონია მსგავსი რამ. აი, ტყვეთა სყიდვა რომ იყო შუა საუკუნეებში, მაშინ ქართველები ქართველებს ყიდდნენ. ეს უბედურება გამოვლილი გვაქვს და ეს უბედურება დღეს რომ გრძელდება, კიდევ იმის ბრალია, რომ ერი გარყვნა რუსეთის 200-წლიანმა ბატონობამ. ჯერ იმპერიის და მერე კომუნისტური, მოდერნიზებული იმპერიის ბატონობამ ამ ქვეყანაში.
როდესაც განთავისუფლდა ეს ქვეყანა და გამოაცხადა დამოუკიდებლობა, გულუბრყვილოდ მეგონა, რომ მორჩა, გავიმარჯვეთ, გავედით უკვე სამშვიდობოს.
მაგრამ აღმოჩნდა, რომ ერთმა ფულიანმა, მდიდარმა კაცმა, რომელსაც მოსკოვიდან გამოატანეს მილიარდები, სამშობლო გაყიდა. უფრო სწორად, ქვეყანა იყიდა და რუსეთს მიართვა. დავალება შეასრულა…
მაგათ ხომ იდეა-ფიქსი აქვთ, რომ რუსეთი უნდა იყოს მსოფლიო იმპერია, რომელმაც მსოფლიო უნდა „გააბედნიეროს“.
- რუსეთთან რომ არავინ არის ბედნიერი, ამას ვხედავთ ისტორიიდან და რეალობიდანაც.
ეს თქვენ ხედავთ, მე ვხედავ, ჩვენი მეგობრები ხედავენ, მაგრამ ხალხის საკმაოდ დიდი ნაწილი, რომელიც მხოლოდ დღევანდელი დღით, მხოლოდ მატერიალური ფასეულობებით ცხოვრობს, მას არ აინტერესებს არც ქვეყანა, არც სამშობლო, არც ენა, გარდა საკუთარი თავისა და ასეთი ხალხი, სამწუხაროდ, საკმაოდ ბევრია.
- მაშინ როგორ მოხდება საზოგადოების გაერთიანება, თუკი ასეთი ადამიანები უმრავლესობაში არიან?
ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს. ყველა უნდა გამოვიდეთ ქუჩაში. ოთხშიც, მანამდეც, მერეც, რადგან ერთადერთი გზა, რომ ეს ქვეყანა გადარჩეს, არის თავგანწირვა.
- ეს თავგანწირვა თქვენ როგორ გესმით ბატონო ირაკლი?
ისე მესმის, რომ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ, ბოლომდე. თუ საჭიროა, უნდა შევაკვდეთ კიდეც, რადგან სხვა გზა არ დაგვრჩა… ამ რეჟიმის უკან კრემლი რომ არ იდგეს, ზურგს რომ არ უმაგრებდეს, ვერაფერსაც ვერ შეძლებდნენ. მთელი ქვეყანა იყიდეს პრაქტიკულად.
- ამბობთ, რომ რეალურად, ჩვენ რუსეთი გვებრძვის. როგორ ფიქრობთ, რა აშინებს ყველაზე მეტად რუსეთს? რა დაახევინებს უკან?
რადგან ამ თემაზე ჩამოვარდა საუბარი, გეტყვით, რომ ახლა ვთარგმნი და ფეისბუკზე ვაქვეყნებ ცნობილი მეცნიერის, კულტუროლოგის და ფილოსოფოსის, მიხაილ ეპშტეინის ესეებს. ის ყოფილი საბჭოთა მოქალაქეა, შეერთებულ შტატებში 1991 წელს გადავიდა საცხოვრებლად. რუსეთის, როგორც ფენომენის სიღრმისეული, არსებითი, ძალზე საინტერესო და საგულისხმო ანალიზია. ავტორმა უსასყიდლოდ მომცა უფლება, რომ ქართულად ვთარგმნო და გამოვაქვეყნო. მალე ბეჭდურადაც გამოვა (ახლა კაბადონდება). გამოგიგზავნით ესეების ელექტრონულ ვერსიას, და თუ გექნებათ საშუალება, გამოაქვეყნეთ „ბათუმელების“ საიტზე. რაც მეტი ადამიანი წაიკითხავს და დაფიქრდება, მით მეტი შანსია, რომ გვეშველება…
რუსული იმპერიალიზმის წამალი არის უკრაინა. უკრაინამ უნდა დაამარცხოს რუსეთი ბრძოლის ველზე, რადგან რუსეთს უხეში ძალის გარდა სხვა ენა არ ესმის.
მეოთხე წელია უკრაინა ებრძვის ამ მონსტრს, ოქროს ურდოს მემკვიდრეს. რუსეთი, სინამდვილეში, არის ოქროს ურდოს, მონღოლ-თათრული იმპერიის გაგრძელება – ჩინგიზ ხანს ჰქონდა ოცნება, რომ გააერთიანებდა მთელ ევრაზიას ოკეანიდან ოკეანემდე. რუსეთიც მსოფლიოს დაპყრობაზე ოცნებობს, მაგრამ საკუთარ სახლში ელემენტარული წესრიგიც კი ვერ დაუმყარებია…
- უკრაინა ალბათ დაამარცხებს რუსეთს და ის მოიგებს თავის ომს. მაგრამ ეს ხომ იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ მშვიდად ყოფნის უფლება გვაქვს?!
უკრაინის ბრძოლა დასავლეთის ბრძოლაცაა. უკრაინის ბრძოლა არის მსოფლიოს ბრძოლა, ცივილიზებული სამყაროს ბრძოლა ამ მონსტრის წინააღმდეგ.
რუსეთში ჩამოიშლება პუტინის რეჟიმი და ამას მოჰყვება დიდი არეულობა. მსგავსი რამ რამდენჯერმე იყო რუსეთის ისტორიაში. თუ პუტინმა უკრაინა ვერ შემოიერთა, ეგ ნიშნავს, რომ რუსეთის იმპერია აღარ არსებობს. რუსეთის იმპერია უკრაინის გარეშე, ეს არის ფიქცია.
ჩამოიშლება პუტინის რეჟიმი და აქაც შეიცვლება სიტუაცია, რადგან აქ ვინც არის სათავეში, ისინი პუტინის ხალხია.
- უკრაინის ბრძოლა გასაგებია, მაგრამ საქართველოს რა აქვს გასაკეთებელი ამ პროცესში?
ჩვენი მისიაა, არ შევურიგდეთ რეჟიმს.
ის, რომ ხალხი ამდენი ხანი დგას ქუჩაში და ფეხს არ იცვლის, ყველანაირი რეპრესიების მიუხედავად, ეს არის სწორედ იმის საწინდარი, რომ მსოფლიომ არ ცნო ეს მთავრობა, ეს არჩევნები. ჰოდა, ამას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. თავი უნდა შევაკლათ და არ დავემორჩილოთ.
მსოფლიო უნდა ხედავდეს, რომ თუნდაც 1000 კაცი ყოველდღე გამოდის ქუჩაში უშიშრად და როდესაც რუსეთში შეიცვლება სიტუაცია, მაშინ აქ კობახიძეც და ბიძინაც დამთავრდება, რეჟიმი დამთავრდება.
სინდისის პატიმრები ხომ სწირავენ თავს, ეს არის სწორედ ჩვენი გამარჯვების საწინდარი. მჯერა, რომ რუსეთი ვერ გაგვანადგურებს. ადრე თუ გვიან გავიმარჯვებთ, მაგრამ როდის იქნება ეს, მე არ ვიცი. შეიძლება ოთხში იყოს, შეიძლება რამდენიმე თვის მერე, შეიძლება ხუთი წლის მერე, მაგრამ მთავარია, რომ არ გავჩერდეთ, არ დავიხიოთ უკან, არავითარი კომპრომისი, არავითარი სისუსტე.
ჩაუშესკუს რეჟიმი როგორც ჩამოიშალა, ხომ გახსოვთ? როგორც კი დაიწყო ხალხის დახვრეტა, ვისაც უბრძანა და ვინც გაისროლა, თვითონ მათ ჩამოაგდეს და დახვრიტეს ჩაუშესკუ.
- ფიქრობთ, რომ ივანიშვილი იქამდე მივა, რომ ხალხს ესვრის?
მოსალოდნელია. ამდენი ხანი ვერ გააჩერეს ხალხი ვერც წყლით, ვერც გაზით, ვერც ჯარიმებით, ანუ ფინანსური რეპრესიებით, ვერც ციხეში ჩასმით და, რა თქმა უნდა, მივლენ აქამდეც. იმიტომ, რომ სხვა გზა არ აქვთ. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომც გვესროლონ, შემდეგ აღარ ეყოფათ იმის რესურსი, რომ ხალხი გააჩერონ. ხალხი აღდგება მათ წინააღმდეგ… შეიძლება დიდი უბედურება მოხდეს. მაგრამ ყველაფერი უცებ შეიცვლება, რეჟიმი უცებ ჩამოიშლება.
ბიძინა აღარ იქნება. კობახიძეებზე და ეგეთ ხელის ბიჭებზე ლაპარაკიც ზედმეტია.
თუმცა ძალიან მინდა, რომ დიდი უბედურების გარეშე გადავრჩეთ.
- რას ფიქრობთ „ოცნების“ ხელისუფლებაზე, ვინ არის ეს ხალხი და რატომ მიდის საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ?
მათზე ლაპარაკს პრინციპულად არ დავიწყებ, რადგან ამაზე დროის კარგვა, უბრალოდ, არ ღირს. ელემენტარული მოღალატეები არიან და მოღალატეს რა ემუქრება, თვითონ უნდა იცოდნენ. თუ არ იციან, ადრე თუ გვიან გამოცდიან საკუთარ ტყავზე. ხალხის სიძულვილს უკვე გრძნობენ… ყველაზე კარგი იქნება, თუ ობიექტური სასამართლო გაასამართლებს და საკადრისს მიუზღავს.
ვისაც გვესმის საფრთხეების, ვხედავთ, რომ ბოლო ზღვარზე ვართ, ან ჩავიჩეხებით საბოლოოდ უფსკრულში, ან ვიბრძოლებთ, რომ გადავრჩეთ.
თუ ვიდგებით მედგრად, მტკიცედ, მხნედ, ვერ მოგვერევიან. იმიტომ, რომ ჩვენ დასავლეთის ბუნებრივი ნაწილი ვართ, ჩვენი ქრისტიანობა შინაგანად არაა ეგრეთ წოდებული “რუსკოე პრავოსლავიე”. მათი ვითომ ტრადიციების დაცვაც ხომ ტყუილია. „ერპეცე“ ანუ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მოდერნიზებული იმპერიის იდეოლოგიურ-პროპაგანდისტული დეპარტამენტია, რომელიც დამპყრობლურ ომს ამართლებს… სადაა იქ ქრისტიანობა?
ვისაც რუსული „ფასეულობების“ სჯერა, უბრალოდ პრიმიტივია, ვერ აზროვნებს. თუ კრიტიკული აზროვნების უნარი არ აქვს ადამიანს, რა უნდა ელაპარაკო? რა უნდა გააგებინო?
- ბევრი ინერტულობას და გულგრილობას ამ ბრძოლის მიმართ ამართლებს შიშით. ალბათ თქვენც გსმენიათ – „დაშინებული ჰყავთ“, „ეშინიათ“. რა შემთხვევაში შეგვიძლია გავამართლოთ ასეთი შიშები. თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს?
ყოველი ადამიანი თვითონ აგებს პასუხს საკუთარი სინდისის, ღვთის და მოყვასის წინაშე. კი ბატონო, იჯდეს სახლში, მაგრამ, მგონია, რომ ახლა შიშზე საუბარი გვიანია, რადგან შეიძლება ყველაფერი დავკარგოთ – ქვეყანა, მომავალი, ჩვენი შვილების და შვილიშვილების მომავალი და მე არ შემიძლია ასეთ ცხოვრებაზე ფიქრი, არ მინდა ასეთი მომავალი.
ბოლო ზღვარზე ვართ, ან ყველაფერი იქნება საშინლად, ყველაფერი დაიღუპება და ყველაფერი დასრულდება, ან გავიმარჯვებთ. სხვა ვარიანტი, სხვა გამოსავალი აღარ არსებობს. მაგრამ ამ ქვეყანას ამდენი საუკუნე იმისთვის არ უბრძოლია, რომ ვიღაც არარაობებმა, ფულზე დახარბებულმა არარაობებმა გააქრონ. ვერ გაგვაქრობენ, გამორიცხულია.
დღეს ქუჩაში დგომა არის ნამდვილი, რეალური წინააღმდეგობა და ბრძოლა. ეს არის სულიერი, ემოციური, ადამიანური, პიროვნული ბრძოლა ბოროტებასთან, რადგან ამათი უსამართლობა, ამათი ძალმომრეობა, ამათი მხეცობა, ამათი სიცრუე, ამათი ტყუილი, ამათი მართლა ბოროტება უნდა დასრულდეს, რადგან რაღაც აპოკალიპტური ბოროტებაა ეს რუსეთი და „რუსული ოცნება“.