დღეისათვის საწვავის ბაზარი ნორმალიზებულია, ფასები კი სტაბილური, – ამის შესახებ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ საწვავის ბაზარზე მიმდინარე ტენდენციებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო საავტომობილო საწვავის ბაზარზე მონიტორინგს ახორციელებს.
„საქართველოში საწვავის ფასს არეგულირებს მსოფლიო ბაზარზე არსებული ფასი და ვალუტის გაცვლითი კურსი. საერთაშორისო ფასები სტაბილურია და ბოლო თვეში შემცირების ტრენდიც ფიქსირდება, სტაბილურია ლარის კურსი.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში რეალიზატორ კომპანიებში ფასი სტაბილურია და ზრდის მიმართულებით არ შეცვლილა. რაიმე მოლოდინი რომ ფასების მკვეთრი ცვლილებაა მოსალოდნელი ამ ეტაპზე არ არსებობს.
გაუმჯობესებულია კონკურენციის ხარისხიც გასულ წელთან შედარებით, ფასწარმოქმნა მთლიანად ექვემდებარება საბაზრო ფაქტორების გავლენებს. კერძოდ ამას მიუთითებს კომპანიების მოგების მარჟების დაბალი მაჩვენებლები, ასევე მცირე სხვაობები ფასებში ერთი და იგივე ტიპის საწვავზე (მაგ. ბენზინი რეგულარი) მცირე და მსხვილ ქსელებს შორის.
ამ დროისათვის, რუსული საწვავი თვითღირებულით გარკვეულ უპირატესობას ფლობს, თუმცა ევროპული და რუსული საწვავის თვითღირებულებას შორის ისეთი მკვეთრი სხვაობა არ არის, როგორც შარშან. რუსული ბაზრის პროგნოზირება ძალიან რთულია, თუმცა დღეს არანაირი გლობალური ან შიდა ფაქტორი, რომელმაც შეიძლება ფასების მკვეთრი მერყეობა გამოიწვიოს არ შეიმჩნევა”, – აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.