GCCA-ის თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებათა დაცვის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ირაკლი ლექვინაძემ ბოლო წლებში კონკურენციის პოლიტიკისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით საკანონმდებლო კუთხით განხორციელებული ცვლილებები მიმოიხილა და აღნიშნა, რომ „კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონში 2020 წელს განხორციელებული მასშტაბური ცვლილებების შედეგად, საქართველოს კანონმდებლობა კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდა ევროკავშირის სტანდარტებს.
მისივე თქმით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტის – „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება” ფარგლებში, დაიხვეწა კანონში არსებული მთელი რიგი დებულებები, განახლდა შესაბამისი კანონქვემდებარე აქტები და გამოიცა გზამკვლევი დოკუმენტები, რის შედეგადაც, აპროქსიმაციის ხარისხმა 75% შეადგინა.
ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, TAIEX-ის ექსპერტების მიერ დადებითად შეფასდა GCCA-ის, როგორც კონკურენციის პოლიტიკის აღმასრულებელი უწყების ინსტიტუციური დამოუკიდებლობა და სიძლიერე.
სააგენტოს თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა კონკურენციის აღსრულების მექანიზმების დახვეწის შედეგად არაერთი სავარაუდო კანონდარღვევის პრეცედენტული საქმის განხილვაზე, მათ შორის, ისეთ მნიშვნელოვან ბაზრებზე, როგორებიცაა: ფარმაცია, საწვავი, ონლაინ ბილეთები, უფასო სასადილოები და ა.შ.
ყურადღება დაეთმო კონცენტრაციების კონტროლის ნაწილში მიღწეულ შედეგებსა და ქვეყნის ეკონომიკისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბაზრების მონიტორინგს. ითქვა, რომ სააგენტოს ძალისხმევა და კონკრეტული ინიციატივები კონკურენციის პოლიტიკის ეფექტურად აღსრულების მიმართულებით აღიარებულია მსოფლიო ბანკისა და კონკურენციის საერთაშორისო ქსელის (ICN) მიერ.
მისივე თქმით, რაც შეეხება მომხმარებელთა უფლებების მიმართულებას, 2025 წლისთვის, სააგენტომ საქართველოს პარლამენტთან და მთავრობასთან მჭიდრო კოორდინაციით, ევროკავშირის სამართლის, დაახლოებით, 90%-ის ტრანსპოზიცია უზრუნველყო. ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, 2022 წლიდან სააგენტოში მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტი და ცხელი ხაზი ამოქმედდა.
GCCA-ის თავმჯდომარემ ასევე ყურადღება დაუთმო სააგენტოს მხრიდან საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ადვოკატირების მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებს. აღინიშნა, რომ სულ ცოტა ხნის წინ სააგენტომ, 4 მარეგულირებელ უწყებასთან ერთად, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა.
ირაკლი ლექვინაძემ ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და სააგენტოს გლობალურ აღიარებას, მათ შორის, აღინიშნა ის ფაქტი, რომ GCCA-ი 2026-2027 წლებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ქსელს (ICPEN) უხელმძღვანელებს.
კომიტეტის სხდომას, რომელსაც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი უძღვებოდა, კომიტეტის წევრები და GCCA-ის შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.




