კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, კომუნიკაციების კომისიის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის გახსნითი ღონისძიება გაიმართა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიება გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ.
„ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით, საქართველომ მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროს გაძლიერების ვალდებულება იკისრა. 2022 წელს, საქართველოს პარლამენტმა „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონი დაამტკიცა და ამავე წლის ნოემბრიდან ჩვენ აღსრულების პროცესი დავიწყეთ. 2023 წელს, საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე მიღებული რეკომენდაციებისა და პრაქტიკაში გამოკვეთილი რიგი დეტალების დაზუსტების მიზნით, კანონში ცვლილებები შევიდა, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის სამართალთან.
მომხმარებელთა უფლებების ეფექტიანი დაცვის, მათი ინფორმირებული არჩევანის თვალსაზრისით საზოგადოებრივი ცნობიერების გაძლიერება გადამწყვეტია. ამას ემსახურება სწორედ კვირეულის ფარგლებში ექვსი მარეგულირებელი უწყების ორგანიზებით დაგეგმილი შეხვედრები მიზნობრივ აუდიტორიასთან თბილისში, გურჯაანში, ქუთაისსა და ბათუმში, სადაც მონაწილეობას იღებენ – მარეგულირებელი უწყების, პარლამენტის, ცენტრალური და რეგიონული მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესის, აკადემიური და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. მადლობა ჩართულობისთვის და მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნა ლექვინაძემ.
ირაკლი ლექვინაძის განმარტებით ფინალურ ეტაპზეა მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველი ეროვნული სტრატეგია, რომელიც მარეგულირებელი უწყებების ერთობლივი ძალისხმევით მუშავდება და მოიცავს – 2024-2026 წლების პერიოდს.
„დოკუმენტში ასახულია მომხმარებელთა უფლებების დაცვის პოლიტიკის მიზნები და ამოცანები, არსებული გამოწვევები, რომლებსაც სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები აწყდებიან და მოიცავს იმ აუცილებელ ზომებს, რომელიც საქართველოში მომხმარებელთა დაცვის მაღალი დონის მისაღწევად არის საჭირო“, – აღნიშნა ლექვინაძემ.
სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, საანგარიშო პერიოდში, სააგენტომ 700-ზე მეტი საქმე განიხილა, რომელთა 65% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა.
„ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების უმეტესობა, მომხმარებლის სასარგებლოდ, თითქმის, 70% პირობითი ვალდებულების აღების შესახებ ხელშეკრულებით დასრულდა. მომხმარებელთა ჯგუფის უფლების დარღვევის ფაქტი დადასტურდა 58 შემთხვევაში, ხოლო 6 შემთხვევაში არ დადასტურდა. სააგენტოს საქმიანობის შედეგად, მომხმარებლებმა, დაახლოებით, 500 000 ლარის პირდაპირი სარგებელი მიიღეს, ხოლო სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების არშესრულების გამო 22 მოვაჭრეს, 30 983 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. საანგარიშო პერიოდში, მომხმარებელთა ინტერესების შესაბამისად, დადგინდა მნიშვნელოვანი სტანდარტები. მათ შორის, სოციალურ მედიაში – ფასის მითითების, სარეკლამო ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის, ქართულ ენაზე მომსახურების გაწევის, დროში შეზღუდული შეთავაზების(ფასდაკლების), საცნობარო/კვებით მენიუში ჯამური ფასის მითითების სტანდარტი და ა.შ.“, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ლექვინაძემ.
მისივე განცხადების თანახმად, 2023 წელს, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო მომხმარებელთა დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის (ICPEN) პარტნიორი გახდა, რომელიც აღნიშნული მიმართულებით მომუშავე 80-ზე მეტი ქვეყნის უწყებას და წევრ ორგანიზაციას აერთიანებს მთელ მსოფლიოში და არის წარმატებულ ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანი ინტერაქციის საერთაშორისო პლატფორმა.
ინფორმაციის თანახმად, კვირეულის ფარგლებში, მომხმარებლებთან შეხვედრები დაგეგმილია 12 მარტს გურჯაანში, 14 მარტს ქუთაისში, ხოლო 15 მარტს – მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო დღეს – ბათუმში. 11-15 მარტს დაგეგმილი კვირეულის მიზანია მომხმარებლის უფლებების მიმართულებით საზოგადოებრივი ცნობიერების გაძლიერება.