ირაკლი კუპრაძე – “ქართული ოცნების” ლიდერები იყენებენ, რომ ვიღაცამ უარი თქვა კანდიდატობაზე და გვერდით გაიწია, რატომ ხდება ეს? – ივანიშვილს არ უნდა ჩვენი არჩევნებში მონაწილეობა და ცდილობს ზეწოლა მოახდინოს, მოისყიდოს, დააშინოს

„ლელო ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატი, ირაკლი კუპრაძე “ქართულ ოცნებას“ მისი კოალიციის კანდიდატებზე და მხარდამჭერებზე ზეწოლაში, დაშინებასა და მოსყიდვაში ადანაშაულებს.
ირაკლი კუპრაძე გამოეხმაურა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ბოლნისის მერობის კანდიდატის ზამურ ჭითანავას მიერ საკუთარი კანდიდატურას „ქართული ოცნების“ კანდიდატის სასარგებლოდ მოხსნას.
მისივე თქმით, ეს არის ბრძოლა, რომელსაც ოპოზიცია ბოლომდე გააგრძელებს:
“ჩვენთან ერთად მყოფ მოქალაქეებს ყოველ დღე უწევთ უზარმაზარი წნეხის გავლა და, ხშირად, “ქართული ოცნების” ლიდერები იყენებენ, რომ აი, ვიღაცამ უარი თქვა კანდიდატობაზე და გვერდით გაიწია, კანდიდატურა მოხსნა და რატომ ხდება ეს იცით? პასუხი რა არის: უნდა ივანიშვილს ჩვენი არჩევნებში მონაწილეობა თუ არ უნდა? არ უნდა. და იმიტომ ცდილობს, რომ ზეწოლა მოახდინოს, იმიტომ ცდილობს, რომ მოისყიდოს, იმიტომ ცდილობს, რომ დააშინოს ჩვენი გულშემატკივრები და მხარდამჭერები და რეგიონებში ისინი ყველაზე მეტად დაუცველები არიან. ეს არის ბრძოლა, მე მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ ამ ბრძოლისთვის, ჩვენ გავიმარჯვებთ – არასოდეს დანებდეთ და მოდით არჩევნებზე” – აცხადებს ირაკლი კუპრაძე.