ირაკლი კუპრაძე მძღოლებს შეხვდა

თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი კუპრაძე დღეს ტრანსპორტის მძღოლებს შეხვდა. საქალაქთაშორისო მარშრუტებზე დასაქმებული ადამიანების მთავარი პრობლემა ხელისუფლების გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც 1 იანვრიდან კერძო სამარშრუტო ტაქსებით, რომელიც 2013 წლამდეა გამოშვებული, მუშაობა აეკრძალებათ. ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემთხვევაში კი ასობით მძღოლი შესაძლოა სამსახურის გარეშე დარჩეს. მიუხედავად იმისა რომ ტრანსპორტის მძღოლებს ჯერ ოფიციალური წერილი არ მისვლია, შიში აქვთ რომ ქართული ოცნების მთავრობა, მათ ოჯახებს შემოსავლის გარეშე ტოვებს.
თბილისის მერობის კანდიდატმა დღეს მძღოლებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ არსებობს საფრთხე ოცნების მთავრობასთან დაახლოებულმა პირებმა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მონოპოლიზაცია მოახდინონ.
„ჩემი მომდევნო დღეების მიზანია გავარკვიოთ ვინ აპირებს ამ საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აკრძალვას, შესთავაზებენ თუ არა აქ არსებულ მძღოლებს დასაქმებას, ან შესაძლებლობას რომ შეიძინონ ავტობუსები, რომელსაც ითხოვს კონკრეტული სამსახური და გააგრძელონ მუშაობა, აქ მყოფმა ასობით მძღოლმა, შეინარჩუნონ სამსახური და მათი ოჯახები არ დარჩნენ ელემენტარული შემოსავლის გარეშე. მათი შიში დაყრდნობილია იმ გადაწყვეტილებაზე რომელიც ხელისუფლებამ მიიღო ან უნდა მიიღოს, ამის შესახებ კი მათ არაფერს ეუბნებიან. მნიშვნელოვანი ფაქტორია ის რომ ახალი სტრუქტურა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის, არ მოარგოს ქართულმა ოცნებამ თავის საახლობლოს, ტენდერებით და ჩაწყობებით, რაც ასობით მძღოლს დატოვებს უმუშევარს“. აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ.