გაუგებარია როგორ შეიძლება ძებნილი ადამიანი, თეთრ მაისურში გამოპრანჭული აღმოჩნდეს „წითელ ხიდსა“ და სადახლოს სასაზღვრო პუნქტებს შორის. ეს არის ზღაპარი, ამის არავის სჯერა , – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძე განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის დაკავების საქმეს.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ აღნიშნა, გიორგი ბაჩიაშვილის „დუბაიდან მოტაცება კრიმინალური გარიგების შედეგია“, რომლის უკანაც ბიძინა ივანიშვილის ფინანსური ინტერესები დგას.
„ბაჩიაშვილის ვერსიის გარეშეც სრულიად გასაგები იყო, რა მოხდა. უნდა ყოფილიყო გატაცება, ამის მარტივი ახსნა შეიძლება. ბაჩიაშვილი იმყოფებოდა დუბაიში, სადაც ადვოკატს უნდა შეხვედროდა და გაქრა. გაქრა რა ფორმატით: როგორ შეიძლებოდა ბაჩიაშვილი საქართველოში აღმოჩენილიყო, განსაკუთრებით „მწვანე ზონაში“. ბაჩიაშვილის საქართველოში აღმოჩენა შესაძლებელი იყო ექსტრადიციით, ანუ დუბაის სამართალდამცავ ორგანოებს უნდა დაეპატიმრებინათ და ჩამოფრენილიყო თბილის საერთაშორისო აეროპორტში და გადაეცათ სამართალდამცავებისთვის., ეს ასე არ მოხდა. თავიდანვე სავარაუდო იყო, რომ ბაჩიაშვილის გატაცება მოხდა დუბაიდან. ის კერძო თვითმფრინავით გადმოიყვანეს და შემდეგ შეაგდეს „მწვანე ზონაში“. გაუგებარია როგორ შეიძლება ძებნილი ადამიანი, თეთრ მაისურში გამოპრანჭული აღმოჩნდეს „წითელ ხიდსა“ და სადახლოს სასაზღვრო პუნქტებს შორის. ეს არის ზღაპარი, ამის არავის არ სჯერა.
ასეთი გატაცებები და კრიმინალური სტანდარტი ბიძინა ივანიშვილთან არის ძალიან ახლოს. ეს მან ისწავლა მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში, როდესაც „შავ ფულს“ ატრიალებდა“, – განაცხადა კუპრაძემ.
კუპრაძემ ბაჩიაშვილის საქმეს საერთაშორისო კონტექსტშიც განიხილა და თქვა, რომ საქმე შესაძლოა უკავშირდებოდეს საქართველოს გადაწყვეტილებას, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციიდან საკუთარი წარმომადგენლის ზურაბ პოლოლიკაშვილი გამოწვევას და მხარი საუდის არაბეთის კანდიდატისთვის დაჭერას.
„ივანიშვილს ბაჩიაშვილის დაკავებისთვის მთავარი მოტივაცია ჰქონდა – ფული. ივანიშვილს უნდა წაართვას ის ფული, რომელიც ბაჩიაშვილს გააჩნია. ივანიშვილის მთავარი ინტერესია ბაჩიაშვილისგან ფული ამოიღოს. ფულს ვერ ამოიღებს იმ პირებისგან, ვინც ძებნაშია. ბიძინა არის დაინტერესებული და „პრინციპული“, როცა ფულის გაკეთება შეუძლია. ამ შედეგამდე ივანიშვილი კრიმინალური გარიგებით მივიდა. ამ კრიმინალური გარიგების საქმეა მიუთითებს იამზე რომ საქართველოს დაათმობინა საკუთარი წარმომადგენელი გაეროს ტურიზმის ორგანიზაციაში. პოლოლიკაშვილი, როგორც ხელმძღვანელი გამოიწვიეს და მხარი დაუჭირეს საუდის არაბეთის წარმომადგენელს. ამ დროს, 1 კვირის თავზე ვხედავთ, რომ იტაცებენ საუდის არაბეთიდან გიორგი ბაჩიაშვილს, რომელიც უცებ აღმოჩნდება „მწვანე ზონაში“. ეს არის გარიგება“, – განაცხადა კუპრაძემ.
ირაკლი კუპრაძემ ასევე ისაუბრა ბიძინა ივანიშვილის უარზე, რომელიც მან აშშ-ის ელჩთან, რობინ დანიგანთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, ივანიშვილის ქცევა იუმორისტული ჟანრის სცენარს ჰგავს და მიანიშნებს, რომ ქვეყნის ბედი მისთვის პრიორიტეტი არ არის.
„დავაკვირდეთ ბოლო წლების განმავლობაში ივანიშვილმა რაზე მოახდინა რეაგირება. ბოლო ორი გამოჩენა იყო: ერთი, შვეიცარიულ ბანკს ედავებოდა და რაღაც წერილი გამოაქვეყნა. მეორე შემთხვევა არის ახლა, სადაც ამბობს, რომ კომპლექსები მაწუხებსო, ჩემი მილიარდი მომეცითო და ეს კომპლექსები არ მექნებაო. მერე კი შევხდები ამერიკის ელჩსო. ეს ხომ სასაცილოა, იუმორისტული ჟანრია, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი იმყოფება. საქართველოს ბედზე დაელაპარაკება მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც მილიარდ დოლარს ჩაიჩხრიალებს ჯიბეში. ივანიშვილი ხმას იღებს მაშინ, როდესაც საქმე ეხება მის ფულს. ქვეყანა რომ ინგრეოდა, კატაკლიზმები რომ იყო , წარღვნა რომ მოხდა, ქუჩაში ადამიანები რომ დაასახიჩრეს – ივანიშვილმა ხმა ამოიღო? – არა! მოქალაქეებს არ აინტერესებს ივანიშვილის კომპლექსები“,- განაცხადა კუპრაძემ.
ამასთან, კუპრაძე დასძენს, რომ ბიძინა ივანიშვილზე უკვე მოქმედებს სანქციების მექანიზმი და გრძელვადიანი პოლიტიკური წინააღმდეგობის შედეგი „ივანიშვილის ხელისუფლების ჩამოშლა იქნება“.
„ივანიშვილზე მუშაობს სანქციები, მათ შორის მის გარემოცვაზე. მეორე, ივანიშვილი ასრულებს კრემლის დავალებებს, ეს გამოიხატა მრავალგზით. ივანიშვილის ხელისუფლების ჩამოშლა პირდაპირ კავშირშია ჩვენ გრძელვადიან წინააღმდეგობაში, სადაც არავინ აპირებს უკან დახევას. ამიტომ, ეს შედეგები ლოგიკურ დასრულებამდე აუცილებლად მივა.
ივანიშვილი ვაჭრობს საქართველოს ბედით. აშშ-ს, ევროკავშირს ძალიან მარტივ შეუძლიათ თქვან, რომ საქართველო დაიკარგა როგორც მნიშვნელოვანი პარტნიორი“,- განაცხადა კუპრაძემ.
