ივანიშვილის რუსული რეჟიმი საკუთარი დანაშაულებრივი ქცევით აზიანებს არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, – ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” წარმომადგენელმა ირაკლი კუპრაძემ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
კუპრაძის თქმით, საქართველოს ინტერესების დაზიანება გამოხატულია იმაში, რომ სახელმწიფოს – “არალეგიტიმურ ხელისუფალს“ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მიწვევა არ აქვს, ასევე, მიუნხენის კონფერენცია, სადაც საქართველო არ იქნება წარმოდგენილი.
“ივანიშვილის რუსული რეჟიმი საკუთარი დანაშაულებრივი ქცევით აზიანებს არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ეს გამოხატულია იმაში, რომ არ აქვს საქართველოს სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში არალეგიტიმურ ხელისუფალს, მიწვევა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, რაც საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური და პოლიტიკური მოვლენა უნდა ყოფილიყო, მიწვეული რომ ვყოფილიყავით. ასევე, მიუნხენის კონფერენცია, სადაც საქართველო არ იქნება წარმოდგენილი – ეს აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და ეროვნული ინტერესების დაზიანება გაგრძელდება “ქართული ოცნების” მხრიდან მანამ, სანამ ეს არალეგიტიმური ხელისუფლება არ ჩამოშორდება მმართველობას.
მე ახლახან დავბრუნდი ბათუმიდან. ბათუმში არის მძიმე პოლიტიკური ვითარება, მოქალაქეების დევნა ხდება, იქ გაჩნდნენ უკვე პოლიტპატიმრები, მათ შორის, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რომელიც ასლან აბაშიძის რეჟიმსაც ებრძოდა, სააკაშვილის რეჟიმსაც ებრძოდა და ივანიშვილის რეჟიმსაც ებრძვის, შესაბამისად, ცხადი და მარტივი მოცემულობაა ის, რომ აქტივისტებისა და პოლიტიკოსების დევნა გრძელდება.
სრულიად ვგმობთ გიორგი გახარიაზე თავდასხმას, სოლიდარობას ვუცხადებთ მას და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ”, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
