ირაკლი კუპრაძე: გუშინ პოლიტიკოსებმა შეცდომა დაუშვეს

“ეს იყო “ქართული ოცნების” მხრიდან მარგინალიზების მცდელობა, ეს იყო შეცდომა” – ამის შესახებ “ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რითაც 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენები შეაფასა.

მისი თქმით, მოქალაქეებში ნიჰილიზმის გაჩენა “ქართული ოცნების” და ოპოზიციის დაშვებული შეცდომების შედეგია.

“ქართული ოცნება” არის დაინტერესებული ყველაფრის მარგინალიზაციით, “ქართულმა ოცნებამ” შეძლო ის, რომ 300 დღეზე მეტია მიმდინარეობს პროტესტი და გუშინ მარგინალიზების მცდელობა ქონდა მას, ეს იყო “ქართული ოცნების” მხრიდან მარგინალიზების მცდელობა, ეს იყო შეცდომა, რომელიც დაუშვეს მათ შორის პოლიტიკოსებმა, რომლებმაც გააჩინეს არასწორი მოლოდინები. ვისი ბრალია ნიჰილიზმი, საიდან მოვიდა ეს ნიჰილიზმი? – “ქართული ოცნების” და ოპოზიციის დაშვებული შეცდომების. რომელ შეცდომებს [ვგულისხმობ] და თარიღებზე დიდი მოლოდინების დაკიდებას, სტრატეგიული წინააღმდეგობის გამორიცხვას იმიტომ, რომ პოლიტიკაა დასაბრუნებელი. 

სამოქალაქო აქტივიზმი არის ერთ-ერთი მთავარი და ღირებული რამ, მე სამოქალაქო აქტივიზმიდან მოვდივარ და ვიცი ამ ყველაფრის ღირებულება, თუმცა უნდა გვესმოდეს ის, რომ პოლიტიკაა დასაბრუნებელი,” – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.