ირაკლი კუპრაძე – გახარიას პარტია შემჩნეულია „ქოცურ“ ტროლ-ბოტურ საქმიანობაში, რაც შეეხება ოპოზიციის ერთობას, გამოხმაურება არ გვაქვს – პირდაპირ გეტყვით, ყველა საკუთარ ურემს მიაქანებს

გახარიას პოლიტიკური პარტია მრავალგზის არის შემჩნეული „ქოცურ“ ტროლ-ბოტურ საქმიანობაში – როდესაც პარტიაში გყავს ადეიშვილის ლამის მოადგილე და ვანო მერაბიშვილის მოადგილე და მამუკა ხაზარაძისკენ იშვერ ხელს, ეს ხომ არასწორი საქციელია?! – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მიერ გამოქვეყნებულ ბანერს გამოეხმაურა.
კუპრაძის თქმით, გიორგი გახარიას პარტიამ უნდა გადაიაზროს, „სად არიან და რას ემსახურებიან“.
„გახარიას სისხლიანი ბანერებია ეს ყველაფერი. გახარიას პოლიტიკური პარტია მრავალგზის არის შემჩნეული „ქოცურ“ ტროლ-ბოტურ საქმიანობაში, რომელიც არაერთხელ დავინახეთ. გაბრაზებულები კი არ ვართ, სამართლიანად ვეუბნებით სათქმელს, პირდაპირ სახეში ვეუბნებით, რომ ეს არის ცუდი საქციელი, ყველაზე მსუბუქი სახე რომ მივცე, რის საშუალებასაც სატელევიზიო ეთერი მაძლევს. საერთოდ, მათ უნდა გადაიაზრონ, სად არიან და რას ემსახურებიან. საკუთარი საქმის პროფესიონალია და პერსონალურად მისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მან გააზიარა ეს ყველაფერი. ის, 2012 წლამდე იყო -ის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის კოორდინაციის სამმართველოს უფროსის მოადგილე. თუ ვინმეს აბრალებენ რამეს და ამბობენ, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წარმომადგენელია, კახაბერ ქემოკლიძე მიახატონ გახარიას იმ სისხლიან ბანერებს. ნათია მეზვრიშვილი საინტერესო „ქეისია“. 2006-2007 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სტაჟიორი, 2007-2009 წლებში თბილისის პროკურორი, 2009 წლის შემდეგ იყო მთავარი პროკურატურის საპროკუროროს საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის პროკურორი. წარმოგიდგენიათ?! როდესაც პარტიაში გყავს ერთი ადეიშვილის ლამის მოადგილე და მეორე ვანო მერაბიშვილის მოადგილე და მამუკა ხაზარაძისკენ იშვერ ხელს, ეს ხომ არასწორი საქციელია?!“,- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
ამასთან, კუპრაძემ ისაუბრა პარტია „გახარია საქართველოსთვისა“ და „ძლიერი საქართველოს“ შორის არსებულ ურთიერთობაზე და აღნიშნა, რომ „შეუძლებელია ცალმხრივი იყოს“ ერთიანობის სურვილი.
მისივე თქმით, კოალიციის ლიდერების განცხადებაზე ოპოზიციის ერთიანობის შესახებ „გამოხმაურებები არ არის“.
„ვითხოვთ [ოპოზიციის] ერთიანობას, ვთავაზობთ. გამოხმაურება არ გვაქვს. პირდაპირ გეტყვით, ყველა საკუთარ ურემს მიაქანებს სადღაც, ზოგი უფსკრულისკენ, ზოგი ცდილობს, რომ ქვეყანას წააშველოს, მაგრამ პასუხები არ გვაქვს. სოციალურ ქსელში მარტო ტროლ-ბოტობა ვერ გადაარჩენს ამ ქვეყანას, რასაც ზოგიერთი პარტია ეწევა. კომუნიკაცია გვაქვს პოლიტიკური პარტიების ნაწილთან, მაგრამ იმისთვის, რომ ეს იყოს ეფექტური, გვჭირდება პირდაპირი პასუხები – კი ან არა. გვჭირდება პირდაპირი მზაობა და ქმედებებზე გადასვლა“,- აღნიშნა კუპრაძემ.
ამასთან, კუპრაძემ ისაუბრა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ და აღნიშნა, რომ „ის არგუმენტი, თითქოს იმუნიტეტი ვინმეს ბრძოლისთვის სჭირდება და თურმე ეს იარაღი არ უნდა დათმონ, ტყუილია“.
„გუშინ იმუნიტეტი მომიხსნეს, როგორც ე.წ პარლამენტის წევრს. ხვალ შეიძლება მეც დამაკავონ, რადგან ყველა აქციისა და პროტესტის მონაწილე ვარ, უკან არასდროს ვმდგარვარ. არავინ გაბედოს, არც სამოქალაქო აქტივისტმა, არც პოლიტიკოსმა, არც ჟურნალისტმა, რომ დააყენოს საკითხი, გაცვალოს ჩემი დროებითი პატიმრობა ამ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებში. ადამიანებს, ვინც ქუჩაში ვდგავართ, განა გააზრებული არ გვაქვს, რომ შეიძლება ამ ტიპის რეპრესიების მსხვერპლი გავხდეთ?
[მანდატების შეწყვეტა] სწორი გადაწყვეტილებაა. თუ არ ვცდები, გახარიას გუნდის არგუმენტი იყო, რომ იმუნიტეტი გვჭირდებოდა და იმიტომ არ მოვიხსენით უფლებამოსილებაო. იმუნიტეტის მოხსნას სჭირდება 90 ხმა პარლამენტში, „ქართულ ოცნებას“ ჰყავს 89 დეპუტატი, ანუ ერთი აკლიათ, მაგრამ წესის ცვლილებას იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით 76 ხმა სჭირდება. ხვალვე შეიკრიბებიან, დაჩქარებული წესით მიიღებენ ახალ კანონს და იტყვიან, რომ 76 ხმა არის საჭირო უფლებამოსილების მოსახსნელად. სხვა დანარჩენი არის რიტორიკა, ტყუილი, წყალი, რომელიც არაფერს ქმნის. იმის ნაცვლად, რომ ტყუილებზე ილაპარაკოს ვიღაცამ, კეთილი ინებოს, მივიდეს, დაწეროს განცხადება და თუნდაც ფორმალურად ყოფნით არ მიანიჭოს ლეგიტიმაცია [პარლამენტს]. ეჭვი არ მაქვს, პრეტენზია მაქვს და ვამბობ! ის არგუმენტი, რომ იმუნიტეტი ვინმეს ბრძოლისთვის სჭირდება და თურმე ეს იარაღი არ უნდა დათმონ, ტყუილია. ეს არის ფაქტობრივი მტკიცებულება. მანამდე გაუკეთებიათ და ხვალვე გააკეთებენ გახარიას გამოსაძევებლად საქართველოს პარლამენტიდან. ამიტომ, რაღაც ჩაჭიდება და ცალი ფეხის ჩატოვება არ არის.. თუ ბრძოლაში ხარ, ხარ ბრძოლაში! როდესაც ავტორიტარულ რეჟიმს ებრძვი, მზად უნდა იყო დაკავებისთვის, პატიმრობისთვისაც. ჩვენ ვართ მზად ამისთვის. არც ერთ საქმეს არ გავქცეულვართ“,- აღნიშნა კუპრაძემ.
გარდა ამ თემისა, კუპრაძემ ისაუბრა მედიასთან დაკავშირებულ კანონზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ უნდა დააინიციროს და აღნიშნა, რომ აღნიშნული ცვლილება „მედიას ძალიან მძიმედ დააზიანებს“.
„ახლაც ექნებათ მცდელობა, ან ბრიტანულს დაუძახებენ, ან რომელიმე კარგ ქვეყანას შეარჩევენ. მათ არ სჭირდებათ რაციონალური არგუმენტი, რომ პროპაგანდა ამუშაონ. პროპაგანდა დამოკიდებულია ტყუილზე, სიცრუეზე და თავხედობაზე. რომ გამოვიდეს , რომელსაც არც ერთი მიმიკური კუნთი არ უმუშავებს სახეზე და უტიფრად თქვას ტყუილი. თავდაჯერებულად, თავხედურად, მაგრამ უტიფრად თქვას ტყუილი. მედიას ეს კანონი ძალიან მძიმედ დააზიანებს, რაზეც პასუხისმგებლობა ამაზე მათ უნდა აიღონ. ჩვენ უნდა ავაღებინოთ ორი საკითხით: ხელისუფლება შეიცვალოს და ანტიდემოკრატიული, ანტიეროვნული, ანტიქართული საქმიანობის გამო მათ პასუხი უნდა მოეთხოვოთ. ერთი პოლიტიკური პასუხისმგებლობა და მეორე მხრივ სადაც იქნება შესაძლებელი, ობიექტური სასამართლოსა და დამოუკიდებელი პროკურატურის პირობებში, ყველამ უნდა აგოს პასუხი“, – განაცხადა კუპრაძემ.
ცნობისთვის, გუშინ, მას შემდეგ, რაც პარლამენტის 49 ოპოზიციონერ დეპუტატს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა გამოაქვეყნეს ბანერი, სადაც სამი ბარიერგადალახული ოპოზიციური ძალის ლიდერები არიან გამოსახული და ნათქვამია, რომ „49 ნაცი პარლამენტიდან გაძევებულია“. მოგვიანებით, ეს ბანერი გამოაქვეყნა პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“, სადაც დამატებული იყო „ქართული ოცნების“ დეპუტატების გამოსახულებაც, წარწერით „დარჩენილია 89 ნაცი“.