ლელოს გენერალურ მდივანს ირაკლი კუპრაძეს სასამართლომ 2500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. კუპრაძე 16 აპრილს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს.
როგორც კუპრაძე ამბობს, მოსამართლემ გადაწყვეტილება “პოლიციელების ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებების” საფუძველზე მიიღო, სხვა მტკიცებულებები კი არ არსებობდა.
ამასთან, სასამართლომ არ დააკმაყოფილა კუპრაძის ადვოკატის არცერთი შუამდგომლობა.
“ეს არის პოლიტიკური დევნის გაგრძელება კლანური სასამართლოს მხრიდან ცხადია, რომ იმ პირობებში, სადაც სამი პოლიციელი ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს აძლევს, მათი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დგებოდეს დღის წესრიგში და შსს, რომელიც ვერ წარმოადგენს ვერც ერთ მტკიცებულებას, სამხრე კამერის ჩანაწერიც კი არ არსებობს და მხოლოდ პოლიციელების ურთიერთგამომრიცხავი პოლიციელების ჩვენების საფუძველზე ხდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა, ეს არის პოლიტიკური დევნა”- თქვა კუპრაძემ.
კუპრაძეს სასამართლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე მუხლის (წვრილმანი ხულიგნობა) დარღვევას ედავება.
დაკავების შემდეგ კუპრაძე წერდა, რომ პოლიცია მასზე ფიზიკურად ძალადობდა.