პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივით, კანონში შევა ცვლილებები, რომლებიც ზუსტად განსაზღვრავს პრივატიზაციის პირობებს.
როგორც მან მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, პრაქტიკა, რომელიც უკვე დაინერგა, გამყარდება კანონის დონეზეც.
„ჩვენ გასული წელიწადნახევრის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდა მთავრობის ახალი შემადგენლობა, პრაქტიკულად, სრულად ვთქვით უარი პირდაპირი ფორმით ქონების პრივატიზებაზე. გვინდა, რომ ეს ყველაფერი მოვაწესრიგოთ კანონის დონეზეც. კანონში შევა შესაბამისი ცვლილებები, რომლებიც ზუსტად განსაზღვრავს პრივატიზაციის პირობებს. შესაბამისად, ის პრაქტიკა, რომელიც უკვე დაინერგა, გამყარდება კანონის დონეზეც“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, ირაკლი კობახიძემ ეკონომიკურ ზრდაზე, ასევე, სახელმწიფო საწარმოებში ოპტიმიზაციის შედეგად თანხების დაზოგვაზეც გაამახვილა ყურადღება.
„ეკონომიკური ზრდის კუთხით, წინა თვეც იყო წარმატებული. მთლიანობაში იანვარ-ივნისის ზრდამ შეადგინა 8%, რაც არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი არამხოლოდ ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით. როგორც მოგეხსენებათ, სავალუტო ფონდმა ერთი თვის წინ გაზარდა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.2%-მდე და ვფიქრობთ, რომ არსებული ტემპებით ჩვენ შევძლებთ ამ პროგნოზის გადაჭარბებით შესრულებას. დანარჩენი არის ჩვენს მუშაობაზე დამოკიდებული. რა თქმა უნდა, ეკონომიკური ტენდენციები დადებითად აისახება ლარის კურსზე და შესაბამისად, დადებითად აისახება სავალუტო რეზერვების შევსებაზე. ლარის კურსი დოლართან მიმართებით ბოლო 7 თვის განმავლობაში, 15 თეთრით გამყარდა, რაც მყარი ეკონომიკური პოზიციების გამოვლინებაა. ეროვნულმა ბანკმა, მარტ- ივლისში, სავალუტო რეზერვი 1.3 მილიარდი დოლარით გაზარდა, რაც არის სარეკორდო მაჩვენებელი. აგვისტოს ჩათვლით, სავარაუდოდ, არსებული მონაცემების გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ ეს მაჩვენებელი 1.5 მლრდ დოლარსაც გადააჭარბებს. წლევანდელ წელს ამ კუთხით დავხურავთ სარეკორდო მაჩვენებლით. მინდა მადლობა გადავუხადო ეროვნულ ბანკს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გაწეული სამუშაოსა და მნიშვნელოვანი შედეგებისთვის.
იმისთვის, რომ ჩვენ ხელი შევუწყოთ ეკონომიკურ ზრდას, მნიშვნელოვანია სახელმწიფო სახსრების მაქსიმალურად ეფექტიანი, რაციონალური გამოყენება. ამ კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა გასული თვეების განმავლობაში, განსაკუთრებით ეს შეეხო სახელმწიფო საწარმოებს, რომლებიც მოქმედებენ ეკონომიკის სამინისტროს ქვეშ. მთლიანობაში, წლიურ ჭრილში ჯამურმა დანაზოგმა შეადგინა, ეს შეეხება როგორც უკვე გავრცელებულ, ასევე უახლოეს კვირებში დაგეგმილ ღონისძიებებს, 700 მილიონ ლარზე მეტი. ჩვენ მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებებიც განვახორციელეთ. პრაქტიკულად, თითქმის, ყველა სახელმწიფო საწარმოს ხელმძღვანელი შეიცვალა, შეიცვალნენ ასევე ამ საწარმოების კურატორები. ამ ყველაფერმა, საბოლოო ჯამში, მოგვცა ცვლილებების განხორციელების საშუალება. გავიმეორებ, წლიურ ჭრილში დანაზოგი აღწევს 700 მლნ ლარს და მეტს. რაც შეეხება კადრების ოპტიმიზაციას ენერგეტიკის სფეროში, მოქმედი სახელმწიფო საწარმოების კადრების ოპტიმიზაციის შედეგად, ჩვენ მივიღეთ წლიურ ჭრილში 22.6 მლნ ლარის დანაზოგი, რაც შთამბეჭდავი შედეგია. რაც შეეხება სხვა ხარჯების ოპტიმიზაციას, აქ საუბარია ტენდერებზე, მომსახურების ხარჯების შემცირებასა და ა.შ. ამ ნაწილში ჯამურმა დანაზოგმა შეადგინა, 348.6 მლნ ლარი. აქედან ჩანს, რომ სწორი კადრებითა და სწორი მიდგომით, შესაძლებელია ხარჯთეფექტიანობის თვისებრივად გაუმჯობესება. ეს არის წლიურ ჭრილში დანაზოგი. ეს თანხები ჩაბრუნდება ეკონომიკაში, რეალურად მოხმარდება ეკონომიკას, მოხმარდება შესაბამისი სახელმწიფო საწარმოების რესურსების გაძლიერებას და რამდენად შეუწყობს ეს ყველაფერი ეკონომიკის განვითარებას ხელს, თავადაც შეგიძლიათ იმსჯელოთ. ეს დაზოგილი თანხები მოხმარდება სწორედ იმ პროექტებს, რომლებიც ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარებაზე არის ორიენტირებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, რეორგანიზაცია სახელმწიფო საწარმოების გარდა, განხორციელდა რიგ საჯარო უწყებებშიც.
„როგორც მოგეხსენებათ, რეორგანიზაცია განხორციელდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. აქაც წლის ჭრილში დაიზოგა ჯამურად 2 641 მლნ ლარი. თავდაცვის სამინისტროში განხორციელდა ასევე რეორგანიზაცია-ოპტიმიზაცია, აქ დანაზოგმა შეადგინა 6.463 მლნ ლარი. ეს ოპტიმიზაცია შესაბამის სამინისტროებს ხელს შეუწყობს, რომ კიდევ უფრო გააუმჯობესონ საკუთარი საქმიანობის ეფექტიანობის ხარისხი. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში განხორციელებული ოპტიმიზაციის შედეგად, ჯამურად დაიზოგა 2 მლნ ლარი. მოგეხსენებათ, ჩვენი ინიციატივით, ყველა სახელმწიფო უწყებაში და სახელმწიფო საწარმოში გაუქმდა მრჩევლის ანაზღაურებადი თანამდებობა. ეს თანამდებობა გამოიყენებოდა იმისთვის, რომ კონკრეტულ ადამიანს და არცთუ მცირე იყო მათი რაოდენობა, მიეღოთ მაღალი ხელფასი, მცირე დატვირთვის სანაცვლოდ, რაც არ არის მისაღები პრაქტიკა. შესაბამისად, ამ პრაქტიკას ჩვენ ვუპასუხეთ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებით. მარტო ამ კანონის ამოქმედებამ ჩვენ მოგვცა სახელმწიფო უწყებებსა და საწარმოებში მრავალი მილიონი ლარის დაზოგვის საშუალება“, – განაცხადა კობახიძემ.
