„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ არ დაესწრება თბილისში დაგეგმილ ევროპის დღის ღონისძიებას, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებით იმართება. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ მოსაწვევი არ მიუღიათ.
„[არ ვიქნებით], პროტოკოლის სტანდარტები არის დარღვეული. პროტოკოლი არის, როდესაც კონკრეტული საელჩო გეგმავს ღონისძიებას, მათ უნდა გამოგზავნონ მოსაწვევი მთავრობის მისამართზე. რადგან ეს პროტოკოლი დაარღვიეს და გააგრძელეს ის საბჭოური მიდგომა, რომელსაც ავლენენ კონკრეტული ევროპელი ჩინოვნიკები, დაირღვა პროტოკოლი, შესაბამისად, ჩვენ არ ვიქნებით იქ. ეს არის მათი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნა საბჭოური მიდგომებით“, – ამბობს ირაკლი კობახიძე.
„ევროპის დღე“, როგორც ევროპის კავშირის დაბადაების დღე ყოველ 9 მაისს აღინიშნება.
იყო დრო, როცა „ევროპის დღეს“ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება პომპეზურად აღნიშნავდა. მაგალითად, 2016 წელს, ხელისუფლების ჩართულობით, კვირეულიც კი მოეწყო.
თუმცა ბოლო თვეებია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საქართველომ განაცხადი შეიტანა ევროკავშირის წევრობაზე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას (პარტნიორი ქვეყნები, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიციური პარტიები) ანტიევროპული ნაბიჯების გადადგმაში ადანაშაულებენ, რაც გამოიხატა მედიისა და სამოქალაქო სექტორის შემზღუდველი კანონის მიღებაში, აქციების ძალის გამოყენებით დაშლაში და საჯარო განცხადებებში.
ფორუმი
