„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ბრიტანეთის საელჩოს უარი უთხრეს გრანტების გაცემაზე ამოქმედებული ახალი კანონის საფუძველზე.
თუმცა ივნისში „ქართული ოცნების“ მთავრობამ ბრიტანეთის საელჩოს მიზეზად უთხრა, რომ „მთავრობის დადგენილება „გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ ჯერ არ იყო დასრულებული“.
მან საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ეთერში ის ორგანიზაციები, რომლებსაც გრანტი უნდა მიეღოთ და ქვეყანაში ადამიანის უფლებებზე მუშაობენ, „ექსტრემისტულ ორგანიზაციებად“ მოიხსენია.
„ახალი კანონის საფუძველზე ჩვენგან ითქვა უარი ექსტრემისტული ორგანიზაციების დაფინანსებაზე. თავად ეს ფაქტი ძალიან დასანანი და სამწუხაროა, როდესაც პირდაპირ გეგმავდა ბრიტანეთის საელჩო ექსტრემისტული გაერთიანებების დაფინანსებას“, – თქვა კობახიძემ.
მისი თქმით, „გრანტების შესახებ“ კანონით ამოქმედებული შეზღუდვების შემდეგ „ქვეყანა დასტაბილურდა“.
„მეტი სიმშვიდეა იმ პირობებში, როდესაც ნაკლები დაფინანსება შემოდის ექსტრემიზმის მიმართულებით, უფრო მეტად დამშვიდდა ჩვენი ქვეყანა და ამ შედეგებს პირდაპირ ხედავს საზოგადოება. ეს კანონები მუშაობს, თუმცა ჯერ კიდევ სრული მასშტაბით არის ასამოქმედებელი გრანტების კანონი“, – განაცხადა მან.
საქართველოში მიმდინარე პროევროპული აქციებისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონების მიღებასთან ერთად სადავო პარლამენტმა დაამტკიცა „გრანტების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, რომლითაც აკრძალა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიისათვის გრანტების გაცემა მთავრობის ნებართვის გარეშე.
ცვლილებების შედეგად:
· გრანტის გაცემისთვის აუცილებელია მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა;
· პასუხისთვის დგინდება 10-დღიანი ვადა;
· გასაჩივრება არ აჩერებს მთავრობის გადაწყვეტილებას;
· თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება აკრძალულია;
· უნებართვო გრანტისთვის სასჯელი ეკისრება გრანტის მიმღებს – „საგრანტო თანხის ორმაგი ოდენობით“.
2025 წლის 11 ივნისს ბრიტანეთის საელჩომ განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო იძულებული გახდა, „გრანტების კანონში“ ცვლილებების შედეგად გაეუქმებინა დაგეგმილი საგრანტო წინადადებები, რომლებიც მიზნად ისახავდა საარჩევნოდ გამჭვირვალობის ხელშეწყობას.
საელჩო გეგმავდა დაეფინანსებინა:
· მედიაგამოცემა „ტაბულა“ – 50 000 ფუნტით;
· „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ – 99 988 ფუნტით;
· „კანონის უზენაესობის ცენტრი“ – 97,868 ფუნტით;
· „საქართველოს მომავლის აკადემია“ – 99,975 ფუნტით.
საელჩოს ცნობით, ხელისუფლებასთან განხილვის შემდეგ აცნობეს, რომ „მთავრობის დადგენილება „გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ ჯერ არ იყო დასრულებული. შესაბამისად, ამ დრომდე არ არსებობს „გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმები ან ვადები“.
„ბრიტანეთის საელჩო აპირებდა პროპაგანდის და რადიკალიზმის დაფინანსებას და მიიღო გადაწყვეტილება, რადგან ახლა თანხმობა სჭირდებოდა“, – განაცხადა სადავო პარლამენტის სპიკერმა, შალვა პაპუაშვილმა 12 ივნისს.
პასუხად ბრიტანეთის საელჩომ 18 ივნისს განცხადებაში დაწერა: „საქართველოს მთავრობა თავად უჭერდა მხარს ამ [გრანტით გათვალისწინებულ] საქმიანობას და ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით ამ საქმიანობის აღწერას, როგორც „პროპაგანდისა და ექსტრემიზმის“ დაფინანსებას“.
ფორუმი
