„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება დაკავებულთა რიცხვი 4 ოქტომბრის საქმეზე და „ყველა მოძალადე, ვინც იქნება იდენტიფიცირებული, მიეცემა პასუხისგებაში“:
„ჩვენ ვაფრთხილებდით ყველას, რომ გვქონდა მოძალადეების იდენტიფიცირების კიდევ უფრო მეტი რესურსი, ვიდრე მანამდე, – განუცხადა ჟურნალისტებს გურჯაანში მუოფმა ირაკლი კობახიძემ, რომელიც ამ პროცესში არალოგიკურს ვერაფერს ხედავს და ამბობს, რომ „ასეთი რამე არ შეიძლება სახელწმიფომ მარტივად გაატაროს“.
„როცა ხორციელდება ასეთი მასშტაბის ძალადობა სახელმწიფო ინსტიტუტებზე, იქ რეაგირება პრინციპულად მნიშვნელოვანია, რათა მომავალში დავაზღვიოთ სახელმწიფო ასეთი ტიპის მცდელობებისგან და ამას, რა თქმა უნდა, ბოლომდე მივიყვანთ,“- განაცხადა კობახიძემ, რომელიც მიიჩნევს, რომ მორალური პასუხისმგებლობა იმ ყველაფერზე, რაც მოხდა 4 ოქტომბერს, ეკისრება უკლებლივ ყველა ადამიანს, რომელიც იყო მისული აქციაზე.
„ გამოცხადებული იყო დამხობის აქცია. დაახლოებით 5-7 ათასი ადამიანი მივიდა დამხობის აქციაზე სრულიად შეგნებულად…. რაც შეეხება სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ვინც ძალადობაში იყო ჩართული, იცით, რომ მათ მიმართ მოქმედებს სამართლებრივი ზომები. იდენტიფიცირებულია ადამიანების გარკვეული რაოდენობა და მათ მიმართ სამართლებრივი ზომები ამოქმედდება. რა თქმა უნდა, ეს არ გვიხარია, თუმცა ყველამ იხილა შემდგარი დანაშაული და ამაზე სახელმწიფოს რეაგირება არის უბრალოდ ჩვენი პასუხისმგებლობა“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ პრემიერმა.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების დღეს, 4 ოქტომბერს თბილისში გაიმართა აქცია „ხელისუფლების მშვიდობიანად დასამხობად“. თავისუფლების მოედანზე შეკრებილთა ნაწილმა მოგვიანებით გადაინაცვლა ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც საორგანიზაციო კომიტეტის წევრ მურთაზ ზოდელავას თანახმად, „ჩაიბარებდნენ” „პრეზიდენტის სასახლის გასაღებს“.
დემონსტრანტების ნაწილმა რკინის ღობე გაარღვია და შევიდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის ეზოში, საიდანაც საპოლიციო ძალებმა გამოაძევეს. დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის იყო დაპირისპირება. აქციის დასაშლელად სამართალდამცავებმა სპეციალური საშუალებები გამოიყენეს.
პოლიციამ იმავე ღამით დააკავა აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები: მოძრაობა „რუსთაველის გამზირის” ლიდერი პაატა ბურჭულაძე, ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე.
4 ოქტომბრიდან დღემდე დაკავებულია უკვე 46 ადამიანი. მათგან ორს – საპატიმრო გირაო შეეფარდათ. დანარჩენები კი წინასწარ პატიმრობში დარჩნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების გამო საქმე აღძრა სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით:
· 317-ე: მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ;
· 187-ე: ნივთის დაზიანება ან განადგურება;
· 222-ე: სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება;
· 225-ე: ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა.
ფორუმი
