28 ნოემბრის გადაწყვეტილება ემსახურებოდა სწორედ პრევენციას. სხვანაირად რომ განვითარებულიყო პროცესები, ჩვენ რომ არ გაგვეხმოვანებინა ჩვენი გადაწყვეტილება, რომელიც სწორედ შანტაჟის წინააღმდეგ იყო მიმართული, ის მძიმე მოვლენები, რომელიც განვითარდა 28 ნოემბრის შემდეგ, განვითარდებოდა სწორედ დღეიდან, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, შანტაჟის რესურსი მმართველმა გუნდმა მთლიანად გამოაცალა იმ ძალებს, რომლებიც არ არიან საქართველოს მიმართ კეთილგანწყობილები.
„ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია 5 ქვეყანაზე, თუმცა უნდა ვიფიქროთ, რომ იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც სანქციების წინააღმდეგ წავიდნენ, უფრო ფართოა, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს ყველა ქვეყანასთან, რომლებიც ქართველ ხალხს უჭერენ მხარს. ჩვენ ვსაუბრობდით სცენარზე, რომელიც უკავშირდებოდა ამ საბჭოს სხდომას და შემდეგ უკვე ევროპული საბჭოს სხდომას, 19 დეკემბერს. რეალურად ჩვენ მოვახდინეთ პრევენცია. 28 ნოემბრის გადაწყვეტილება ემსახურებოდა სწორედ პრევენციას. სხვანაირად რომ განვითარებულიყო პროცესები, ჩვენ რომ არ გაგვეხმოვანებინა ჩვენი გადაწყვეტილება, რომელიც სწორედ შანტაჟის წინააღმდეგ იყო მიმართული, ის მძიმე მოვლენები, რომელიც განვითარდა 28 ნოემბრის შემდეგ, განვითარდებოდა სწორედ დღეიდან. ეს იყო დაგეგმილი სცენარი. თუმცა ჩვენმა გადაწყვეტილებამ ამ ყველაფრის პრევენცია უზრუნველყო. საბოლოო ჯამში, თქვენ ხედავთ, რომ შანტაჟის რესურსი მთლიანად გამოვაცალეთ იმ ძალებს, რომლებიც არ არიან საქართველოს მიმართ კეთილგანწყობილები და ეს არის ის სურათი, რაც მივიღეთ საბჭოს სხდომის გამართვის შემდეგ.
შანტაჟი იყო მოაზრებული ამ დღეებისთვის, კულმინაცია უნდა ყოფილიყო გუშინდელი სხდომა, უნდა ყოფილიყო 19 დეკემბერს ევროპული საბჭოს სხდომა. თუმცა ნახეთ, რომ პრევენციამ სწორად იმუშავა და ვერ განვითარდა ამ საბჭოს შემდეგ პროცესები, რომლებიც არ შედიოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებში.
როდესაც კონკრეტული პოლიტიკოსები და ჩინოვნიკები ასეთ გადაწყვეტილებას იღებენ, რომლის მიხედვითაც, ქართველი ხალხის მაგივრად, ეს თანხები უნდა მოხმარდეს იმ ძალებს, რომლებიც უპირისპირდებიან ქართველ ხალხს და ქართველი ხალხის ნებას, ეს არ არის სწორი ნაბიჯი, ეს არის მორიგი ანტიქართული ნაბიჯი, თუმცა ამით ჩვენს ქვეყანას ვერავინ დააზიანებს. საქართველოში რადიკალურ ოპოზიციას აქვს ერთადერთი მიზანი – რამენაირად დააზიანოს ქვეყნის ინტერესები. შესაბამისად, ისინი თავს ესხმიან ყველა ქვეყანას, ყველა პოლიტიკოსს, რომელიც იცავს ქართველი ხალხის ინტერესებს. პირდაპირაა მათი ინტერესები ქართველი ხალხის ინტერესებთან წინააღმდეგობაში. ეს თავდასხმები, რომელსაც ვხედავთ კონკრეტული ევროპული ქვეყნების მიმართ, ევროპელი პოლიტიკოსების მიმართ არის აბსოლუტურად ლოგიკური. მათ აღიზიანებთ ყველაფერი, რაც შეესაბამება ქართველი ხალხის ინტერესებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.