1-ელი ნოემბრიდან 27 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, შარშანდელთან შედარებით, პიროტექნიკის გაყიდვის მაჩვენებელი 90%-ით იყო გაზრდილი – ეს ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ ვიღაცებმა წინასწარ დაგეგმეს და მოამზადეს ის ძალადობრივი, სისტემური, უხეში ქმედებები, რომლებსაც რუსთაველის გამზირზე ვხედავდით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, შარშანდელი წლის მაჩვენებლებთან შედარებით, ასევე, გაზრდილი იყო სხვა საშუალებების გაყიდვების სიხშირეც.
„რაც შეეხება პიროტექნიკას და იმავე ეხება სხვა საშუალებებსაც, გუშინ ვისაუბრე იმაზე, თუ როგორ იყო გაზრდილი სტატისტიკა ნოემბრის თვეში. რომ ავიღოთ 1-ელი ნოემბრიდან 27 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი და შევადაროთ ზუსტად იმავე პერიოდს შარშანდელი წლისას, 90%-ით იყო გაზრდილი პიროტექნიკის გაყიდვის მაჩვენებელი. ანალოგიური მაჩვენებელი იყო სხვა საშუალებებთან დაკავშირებითაც. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ვიღაცებმა წინასწარ დაგეგმეს და მოამზადეს ის ძალადობრივი, სისტემური, უხეში ქმედებები, რომლებსაც ჩვენ რუსთაველის გამზირზე ვხედავდით. ეს არის მთავარი, რაზეც თქვენ ყურადღება უნდა გაამახვილოთ. ეს ყველაფერი იყო წინასწარ კარგად დაგეგმილი და ორგანიზებული“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.