საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში 23 თებერვალს გამართულ პრესკონფერეციაზე ისაუბრა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან ჩინეთთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებზე, მისი თქმით, საქართველოს მთავრობას აქვს თავისი მკაფიო ხედვები ორივე სტრატეგიულ პარტნიორთან, მედიის შეკითხვის პასუხად, ხომ არ შეცვალა ქვეყანამ პრიორიტეტები ,იმის გათვალისწინებით, რომ პრემიერის რანგში ის პირველად ჩინეთის ელჩს შეხვდა შემდეგ კი აშშ-ის ელჩს და არის თუ არა ეს რაიმე სახის გზავნილი, ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ, „პრიორიტეტები არის არა მხოლოდ ჩვენზე დამოკიდებული, ურთიერთობა არის ორმხრივი საქმე, შესაბამისად, პრიორიტეტებიც განისაზღვრება ორმხრივად“.
ამ თვალსაზრით, მან შეადარა საქართველოსადმი ჩინეთისა და აშშ-ის დამოკიდებულება, ხაზი გაუსვა ჩინეთის მზარდ ინტერესს და აშშ-ის შემცირებულს.
„მაგალითად, გვაქვს ძალიან გააქტიურებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ეკონომიკურ პროექტებში ძალიან აქტიურად არიან ჩართული ჩინური კომპანიები, რაც არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ სათანადოდ განხორციელდეს შესაბამისი პროექტები. გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ხელმოწერილი ჩინეთთან, რამაც ხელი შეუწყო ამ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას. გვაქვს პირდაპირი ფრენები ჩინეთთან, ასევე ნახეთ, როდესაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო ჩასული ჩინეთში, მას უმაღლეს დონეზე მოუწყვეს დახვედრა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამავდროულად მან აშშ-საქართველოს ურთიერთობებში „გარკვეულ სისუსტეებზე“ ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით გარკვეულ ქმედებებში გამოიხატა.
„მაგალითისათვის უმაღლესი დონის ვიზიტები არ შემდგარა ქვეყნებს შორის უკვე არაერთი წელია, დაახლოებით 6-7 წელი იქნება. ეს გამოიხატება, მათ შორის, პროტოკოლურ საკითხებშიც, მაგალითად მილოცვები რომ ავიღოთ, დაახლოებით, ალბათ უკვე მე-8 წელია უმაღლეს დონეზე არცერთ პრეზიდენტს, თუ პრემიერ-მინისტრს არ მიუღია მილოცვა ამერიკის შეერთებული შტატებიდან. არის შედარებით საშუალო დონე, რა დონეზეც იგზავნება ეს მილოცვები. სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კუთხითაც არ გვაქვს მაინცდამაინც კარგი ვითარება, არ გვაქვს პირდაპირი ფრენები, არ გვაქვს უვიზო მიმოსვლა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საჭიროებს გაუმჯობესებას. დღეს გვქონდა შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან. მასთან გვქონდა გულწრფელი საუბარი ამ ყველაფერთან დაკავშირებით. გამოიხატა სურვილი, რომ უმჯობესია უფრო ინტენსიური იყოს სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენს შორის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გასული წლის ოქტომბერში აშშ-ის იმჟამინდელი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი საუბრობდა საქართველოსა და შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში გაწეულ ფინანასურ მხარდაჭერაზე და ქვეყნებს შორის მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორობის სარგებელზე: „ბოლო 30 წლის განმავლობაში, საქართველოს ექვს მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გავუწიეთ, ათასობით ქართველმა გაცვლით პროგრამებში მიიღო მონაწილეობა და შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ათობით ათასი ჯარისკაცი მოამზადა, რათა მათ უკეთ შეძლონ საქართველოს საზღვრების დაცვა. საქართველო უფრო უსაფრთხო, უფრო აყვავებული და უფრო დემოკრატიულია ჩვენი პარტნიორობის გამო და მოუთმენლად ველით ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებას”.
რაც შეეხება საქართველოსა და აშშ-ს შორის პირდაპირ ფრენებს, ამაზე საუბარი 2021 წლამდე, კორონავირუსის პანდემიამდე დაიწყო. “შემდეგ უკვე შეჩერდა იმის გამო, რომ მგზავრობის საკითხი პრობლემური იყო. ახლა ხელახლა დაიწყო მოლაპარაკებები, თუმცა არ ვიცი, რა ეტაპზეა”, – თქვა ელჩმა 2022 წლის ოქტომბერში.
აშშ-ში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის საკითხს, ყოფილ ელჩს ამ თემაზე ნათქვამი აქვს, შეერთებული შტატები ამ საკითხს ზოგადად სიფრხილით ეკიდება და “მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ მთელს მსოფლიოში ამერიკასთან მხოლოდ 38 ქვეყანას აქვს უვიზო რეჟიმი და ესეც იმიტომ, რომ აქედან 27 ევროკავშირის წევრი ქვეყანაა. აქედან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ უვიზო რეჟიმი არც ისეთი გავრცელებულია”.