ჩვენ ვართ თქვენი პარტიის მესაფლავეები, ეს შემიძლია გითხრათ, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ევროპული პლატფორმის დემოკრატიული არჩევნებისთვის (EPDE) მიერ გავრცელებული განცხადების შეფასებას შეეხებოდა, სადაც ორგანიზაციამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოში მყოფი რიგი საერთაშორისო დამკვირვებლები „ფეიქ დამკვირვებლებად“ მოიხსენია.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ყველას ჰქონდა საშუალება თავისუფლად დაჰკვირვებოდა ამ არჩევნებს და იყო ფართო სპექტრი.
„რეალურად, ეს არის ის ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებლობას იზიარებს თავის დროზე მთავარ „ფეიკზე“, რაც უკავშირდებოდა ქართულ არჩევნებს, ეს არის ე.წ. PVT-ის პარალელური დათვლის შედეგების გაყალბება. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ასეთი ორგანიზაციის განცხადებას არ აქვს არავითარი ფასი. კონკრეტული გამყალბებლები, ვინც გადადგა გაყალბების გამო, დაასაქმა სწორედ ამ ორგანიზაციამ. ასეთ პირობებში, როდესაც ეს ორგანიზაცია არის მთავარი საარჩევნო „ფეიკის“ მფარველი, რა თქმა უნდა, მის განცხადებას ვერავითარი ფასი ვერ ექნება. რეალურად, ყველას ჰქონდა საშუალება თავისუფლად დაჰკვირვებოდა ამ არჩევნებს. იყო ფართო სპექტრი.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას მესაფლავეებთან დაკავშირებით, მესაფლავეები ჩვენ ვართ თქვენი პარტიის, ეს შემიძლია გითხრათ. მესაფლავეზე თუ გინდათ კარგი პასუხი, ჩვენ ვართ თქვენი პარტიის მესაფლავეები. რეალურად დამკვირვებლები იყვნენ, ყველამ გაიარა საკუთარი პასუხისმგებლობით რეგისტრაცია, დაკვირვება იყო უზრუნველყოფილი, ჩატარდა თავისუფალი არჩევნები. ეს არის ის, რასაც ვერ გაექცევა ვერცერთი ორგანიზაცია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, ევროპული პლატფორმის დემოკრატიული არჩევნებისთვის (EPDE) მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ორგანიზაციამ 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოში მყოფი რიგი საერთაშორისო დამკვირვებლები „ფეიქ დამკვირვებლებად“ მიიჩნია.
