ჩვენ დავაანონსეთ საუნივერსიტეტო რეფორმა, გვინდა ამბიციური რეფორმის გატარება, შეიქმნა შესაბამისი სახელმწიფო კომისია, რომელიც ამზადებს კონცეფციას საუნივერსიტეტო რეფორმისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია რეფორმების განხორციელება ზოგადი განათლების სფეროში. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ 2-3 წელიწადში ქვეყანაში უნდა იყოს ფუნდამენტურად განსხვავებული ვითარება როგორც სასკოლო, ისე უმაღლესი განათლების სფეროში.
„ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ მხოლოდ, თუნდაც, სისტემის გადაწყობის საფუძველზე, მნიშვნელოვნად ავამაღლოთ უმაღლესი განათლების ხარისხი ქვეყანაში. უახლოეს მომავალში, დაახლოებით ერთ თვეში წარმოგიდგენთ დეტალურ კონცეფციას, რომელიც ითვალისწინებს საუნივერსიტეტო სფეროში განათლების ხარისხის ფუნდამენტურად ამაღლებას ჩვენს ქვეყანაში. ეს კონცეფცია მოიცავს მრავალ მიმართულებას – დაწყებული ინფრასტრუქტურით, დამთავრებული სასწავლო პროგრამების გადახედვით, უკეთესი პირობების შექმნით პროფესორ-მასწავლებლებისთვის. იქნება, მართლაც, ამბიციური რეფორმა, რომელიც მომდევნო სამი წლის განმავლობაში განხორციელდება. მათ შორის, ვფიქრობთ ახალი კამპუსების მშენებლობას ქუთაისსა და თბილისში. თბილისში რუსთავის მიმდებარედ. დეტალურ კონცეფციას უახლოეს მომავალში წარვუდგენთ საზოგადოებას.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადი განათლების სფეროში რეფორმების განხორციელება. ამ მიმართულებით, არაერთი არასწორი ნაბიჯი გადაიდგა წინა ხელისუფლების პირობებში, რასაც ჰქონდა მკაცრად იდეოლოგიური, ძალიან მანკიერი იდეოლოგიური მიზნები. ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა, რადიკალური ცვლილებები შევიტანოთ ამ სფეროში, მათ შორის, ფუნდამენტურად უნდა გადავხედოთ ეროვნულ სასწავლო გეგმას, სასწავლო პროგრამას, სასწავლო სახელმძღვანელოებს, ამ მიმართულებითაც ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდება შემდეგი წლების განმავლობაში. ჩვენ, 2-3 წელიწადში, უნდა გვქონდეს ფუნდამენტურად განსხვავებული ვითარება, როგორც სასკოლო, ისე უმაღლესი განათლების სფეროში და ამას უზრუნველყოფს ის გეგმები, რომლებიც ჩვენ გვაქვს დასახული ამ მიმართულებით,“ – განაცხადა პრემიერმა.
ამასთან, კობახიძის თქმით, მთავრობის ამოცანაა, რეგიონული უნივერსიტეტების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად სწორედ აგრარული განათლება განისაზღვროს.
პრემიერის თქმით, კომპლექსური საუნივერსიტეტო რეფორმის ინიციატივა რეგიონულ უნივერსიტეტებსაც მოიცავს.
„საქართველოში მოქმედებდა საკმაოდ დიდი მასშტაბის აგრარული უნივერსიტეტი, რომელიც წინა ხელისუფლებამ გაასხვისა სხვა სტრატეგიულ ობიექტებთან ერთად და აგრარულ განათლებას მინიმალური ყურადღება ექცეოდა, თუ საერთოდ ექცეოდა. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით რთული მდგომარეობა გვაქვს. ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა, რეგიონული უნივერსიტეტების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად განვსაზღვროთ სწორედ აგრარული განათლება. ეს შეეხება იგივე თელავის უნივერსიტეტს, ისე სხვა რეგიონულ უნივერსიტეტებს. ამისთვის დაგვჭირდება შესაბამისი რესურსების გაძლიერება, შეიძლება დაგვჭირდეს მჭიდრო თანამშრომლობა უცხოურ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. ამ მიმართულებით გეგმას დეტალურად წარმოგიდგენთ მოგვიანებით, როდესაც გაგაცნობთ საუნივერსიტეტო რეფორმის კონცეფციას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერის თქმითვე, მას ჰქონდა კონსულტაციები უნივერსიტეტის დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან და იგეგმება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის გაფართოება
„რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს, ჩვენი საუნივერსიტეტო რეფორმის კონცეფცია მოიცავს ქუთაისის უნივერსიტეტის შესაძლებლობების განვითარებასაც. დღეს ჯერ კიდევ შეზღუდულია, მათ შორის, ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე. თანდათან ვითარდება ინფრასტრუქტურა, შესაძლებლობები, მათ შორის, კონტინგენტი, რომელსაც იღებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით გვქონდა კონსულტაციები უნივერსიტეტის დამფუძნებელთან, ბატონ ბიძინა ივანიშვილთან და ვფიქრობთ, მასშტაბურად გავაფართოოთ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, ისე, რომ უნივერსიტეტმა შეძლოს საბოლოო ჯამში, ათიათასობით სტუდენტის მიღება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და თბილისის საუნივერსიტეტო კომპლექსთან ერთად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ჩვენს ქვეყანაში უნდა გახდეს ნომერ მეორე საგანმანათლებლო ცენტრი უმაღლესი განათლებისთვის. ეს არის ზოგადი ხედვა, დანარჩენი დეტალები იქნება განსაზღვრული სწორედ საუნივერსიტეტო რეფორმის კონცეფციით. რაც შეეხება ადრონული თერაპიის დანერგვას, ფონდი „ქართუ“ წარმართავს შესაბამის სამუშაოებს. მე მქონდა კონსულტაციები ფონდის ხელმძღვანელობასთან და სათანადო ვადებში ეს საკითხიც იქნება მოწესრიგებული“, – განაცხადა პრემიერმა.
