ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებს ძალიან კარგად ესმით, რა ხდება დღეს საქართველოს გარშემო, აქედან გამომდინარე, ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან ვაფასებთ იმ განცხადებებს, რომელიც კეთდება როგორც აზერბაიჯანელი მეგობრების მხრიდან, ასევე თურქი მეგობრების მხრიდან, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
კობახიძის თქმით, როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, საქართველოს მიმართ მიდგომები მაშინვე შეიცვლება.
„მე პირადადაც გადავუხადე მადლობა ბატონ ალიევს მისი მხარდამჭერი განცხადებების გამო დღეს, როცა გაიმართა ჩვენი ორმხრივი შეხვედრა. ვინც ობიექტურად აკვირდება და აფასებს მოვლენებს, რა თქმა უნდა, ყველასთვის ცხადია, რაც ხდება საქართველოს გარშემო.
ყველასთვის ასევე ცხადია ის, რომ ჩვენ ვართ ორიენტირებული მშვიდობის უზრუნველყოფაზე არა მარტო საქართველოში, არამედ ჩვენს გარშემოც. თქვენ იცით, რამდენად დადებით როლს ასრულებს საქართველო მთლიანად სამხრეთ კავკასიაში და ჩვენს ფართო რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად და ეს არის ჩვენი საერთო ხედვა – მშვიდობაზე ორიენტირება, განვითარებაზე, კეთილდღეობაზე და ვფიქრობ, რომ ყველა სახელმწიფო სწორედ ამ პრინციპებით უნდა ხელმძღვანელობდეს. თუმცა, დღეს, თანამედროვე მსოფლიოში მიდგომები, სამწუხაროდ, არის განსხვავებული.
ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ როგორც კი დასრულდება ომი უკრაინაში, მაშინვე შეიცვლება მიდგომები – ეს სჭირდება მსოფლიოს მასშტაბით პოლიტიკის სწორი მიმართულებით განვითარებას”, – განაცხადა კობახიძემ.
