კონკრეტული ამოცანა გვაქვს, 64-ვე მუნიციპალიტეტში მერისა და საკრებულოს არჩევნების დამაჯერებლად მოგება. რაც შეეხება დედაქალაქს, ჩვენი მიზანია, ეს არჩევნები პირველ ტურში დიდი უპირატესობით მოვიგოთ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან, ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ საზოგადოებრივ აზრის კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც კომპანია GORBI-მ ჩაატარა.
კობახიძის თქმით, კვლევები აჩვენებს, რომ „პრაქტიკულად გარდაუვალია მათი მიზნის მიღწევა“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე.
„ყველა ისედაც ხედვას, რომ ოპოზიცია უმძიმეს მდგომარეობაშია. საზოგადოების განწყობა მათ მიმართ უმძიმესია. რა თქმა უნდა, ეს აისახება სოციოლოგიური კვლევის შედეგებში. ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული ამოცანა: 64-64-ზე. 64-ვე მუნიციპალიტეტში მერისა და საკრებულოს არჩევნების დამაჯერებლად მოგება. რაც შეეხება დედაქალაქს, აქ გვაქვს ძალიან კონკრეტული მიზანი. ეს არის ის, რომ პირველ ტურში დიდი უპირატესობით უნდა მოვიგოთ ეს არჩევნები. როგორც ხედავთ, კვლევების თანახმად, ჩვენ არა თუ ახლოს ვართ ამ მიზანთან, პრაქტიკულად, გარდაუვალია ამ მიზნის მიღწევა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, ტელეკომპანია „იმედმა“ კომპანია GORBI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც მათი ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა.
კითხვაზე, რომელ პარტიას უჭერთ მხარს, შედეგები ასე გადანაწილდა:
„ქართულ ოცნებას“ გამოკითხულთა 65,9% უჭერს მხარს.
„გახარია საქართველოსთვის“ მხარს უჭერს – 10,7%;
„ლელო“ – 10,4%;
„გირჩი“ – 5,1 %;
„პატრიოტთა ალიანსს“ – 4,2 %;
ყველა სხვა პარტიას ჯამში აქვს 3,7%;
ასევე, რომელ პარტიას უჭერთ მხარს? – კითხვა GORBI-მ თბილისში მცხოვრებლებს დაუსვა. დედაქალაქის შემთხვევაში პასუხები ასე გადანაწილდა:
„ქართულ ოცნებას“ – 54,6%;
„ლელო“ – 15,7%;
„გახარია საქართველოსთვის“ -14,8%;
„გირჩი“ -8,8%;
„პატრიოტთა ალიანსი“- 3,2%;
სხვა პარტიებს კი საერთო ჯამში – 2,9%.
გარდა ამისა, GORBI-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, თბილისის მერობის პოსტზე „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე ლიდერობს.
