საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს შორის უმთავრესი საკითხია აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვა და სტრატეგიული პარტნიორობის განახლება. ამის შესახებ მან ელჩების ღონისძიების დასკვნით ღონისძიებაზე განაცხადა.
„ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთა, რისთვისაც ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. მთავრობის სხდომაზე გავაკეთე საგანგებო განცხადება ამასთან დაკავშირებით.
ჩვენი მიზანია, სუფთა ფურცლიდან გადავტვირთოთ ურთიერთობები აშშ-სთან, განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა, თან ეს გავაკეთოთ კონკრეტული გზამკვლევით – არა ცარიელ ფურცელზე დატოვებული სტრატეგიული პარტნიორობით, არამედ ჩვენ გვინდა, სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით, სადაც იქნება ასახული კონკრეტული ხელშესახები შედეგები. ჩვენი მხრიდან არის აბსოლუტური ღიაობა, მზაობა ამისათვის და იმედი გვაქვს, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში ჩვენ ვიხილავთ ქმედით, შემხვედრ ნაბიჯებს“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის პრემიერობის დროს აშშ-მა საქართველოსთან მრავალწლიანი პარტნიორობა შეაჩერა. 30 ნოემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა ასე ახსნა მიზეზები:
„აშშ, ევროკავშირთან ერთად, სინანულს გამოხატავს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების შესახებ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების გამო“.
ორი დღით ადრე, 28 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას ამცნო, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებდნენ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. ამ გადაწყვეტილებამ ათასობით ადამიანი გამოიყვანა დედაქალაქის ქუჩებში. პროევროპული აქციები ისევ გრძელდება.
პოლიციამ დააკავა 500-მდე დემონსტრანტი, მათ შორის 44 სისხლის სამართლის წესით, რაც ნიშნავს, რომ მათ მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. პოლიციამ იძალადა აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებზე. ამ დრომდე არ არის ცნობილი, რომელიმე სამართალდამცავის დაკავების შესახებ.
ფორუმი