არც ერთი კანონი არ არის რეპრესიული, თითოეული მათგანი სისტემის გაჯანსაღებას ემსახურება – ამას რომ რეპრესიულს უწოდებთ [პირბადეების აკრძალვის შესახებ კანონს], ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ გაქვთ სუბიექტური ინტერესი ადამიანებმა ჩაიდინონ მეტი დანაშაული, ჩვენი სუბიექტური ინტერესია, ადამიანებმა არ ჩაიდინონ დანაშაული,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
რაც შეეხება პირბადეების აკრძალვას შეკრებებზე, პრემიერის თქმით, ნიღბის ტარების პირობებში ადამიანებს ჰქონდათ „ცდუნება, ჩაედინათ დანაშაული“, შესაბამისად, აღნიშნული კანონი არის პრევენციული ხასიათის.
„არც ერთი კანონი არ არის რეპრესიული, თითოეული კანონი ემსახურება სისტემის გაჯანსაღებას. რაც შეეხება პირბადეების აკრძალვას შეკრებებზე, სწორედ პირბადეები და სახის შენიღბვის საშუალებები გამოიყენებოდა ყველაზე აქტიურად დანაშაულების ჩასადენად. ამას რომ რეპრესიულს უწოდებთ, თავისთავად ჩანს, რომ თქვენ გაქვთ სუბიექტური ინტერესი ამასთან დაკავშირებით. არაფერი რეპრესიული ამაში არ არის. ჩვენი მიზანია დანაშაულის პრევენცია, მათ შორის შეკრების მონაწილეთა და კონტრშეკრების მონაწილეთა მხრიდან. ამას რომ რეპრესიულს უწოდებთ, ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ გაქვთ სუბიექტური ინტერესი ადამიანებმა ჩაიდინონ მეტი დანაშაული, ჩვენი სუბიექტური ინტერესია, ადამიანებმა არ ჩაიდინონ დანაშაული.
სწორედ ნიღბის ტარების პირობებში ადამიანებს ჰქონდათ ცდუნება, ჩაედინათ დანაშაული. თქვენ იცით, რომ რადიკალური ოპოზიციის მოქმედებების შედეგად დღეს პატიმრობაშია 30 კაცი. ეს, ბუნებრივია, მათი პასუხისმგებლობაა. წინასწარ რომ ყოფილიყო ასეთი კანონი, ძალიან ბევრი ადამიანი თავს შეიკავებდა დანაშაულის ჩადენისგან. აქედან გამომდინარე, ეს კანონი არის არა რეპრესიული, არამედ პრევენციული. ყველა კანონი, რომელიც გადაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტთან და რომელსაც ხელი მოეწერა, ემსახურება ერთადერთ რამეს – ჩვენი ქვეყნის და სახელმწიფო სისტემის გაძლიერებას და გაჯანსაღებას“, – განაცხადა პრემიერმა.